Facebook Twitter

ას-1108-1135-2011 9 სექტემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ყ. თ-ი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ჭ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ჭ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ყ.-თ-ის” მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 545 ლარის გადახდა, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შპს “ყ.-თ-მა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საფოსტო გზავნილის მიხედვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება 2011 წლის 8 აპრილს ჩაბარდა შპს “ყ.-თ-ს” იურიდიულ მისამართზე ქ.თბილისი, ... ¹18ა. საზოგადოების წარმომადგენელმა, მთავარმა იურისტმა ი. ნ-ლმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2011 წლის 26 აპრილს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა დაარღვია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად.

სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს “ყ.-თ-ს” ა. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 545 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს “ყ.-თ-მა”. შესაბამისად, შპს “ყ.-თ-ის” სააპელაციო საჩივარში დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება 545 ლარით, რაც არ აკმაყოფილებს ქონებრივ-სამართლებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობას _ 1000 ლარზე ნაკლებია და წარმოშობს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს “ყ.-თ-მა” შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა, ვინაიდან სადავო ვადის გასვლის ბოლო დღე დაემთხვა დასვენების _ სააღდგომო უქმე დღეს, რის შემდეგაც სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა პირველ სამუშაო დღეს _ 2011 წლის 26 აპრილს, საპროცესო ვადის დაცვით.

ასევე უსაფუძვლოა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება სააპელაციო საჩივრის ღირებულებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოცემული დავა განხილულ იქნა არაგანსჯადი სამოქალაქო სასამართლოს მიერ, მაშინ, როცა საქმე განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ კატეგორიას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ყ.-თ-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში შპს “ყ.-თ-მა” სააპელაციო საჩივრით სადავო გახადა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც მას ა. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 545 ლარის გადახდა. ამდენად, მისი სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 545 ლარს, რაც კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლებია და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის შესაძლებლობას გამორიცხავს.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა. მართალია, სააპელაციო პალატამ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული ვადის ბოლო დღეები დაემთხვა უქმე დღეებს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა მომდევნო სამუშაო დღეს, მაგრამ როგორც ზემოთ აღინიშნა, ხსენებული გარემოება წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობად ცნობის წინაპირობა ვერ გახდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით შპს “ყ.-თ-ის” სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად და აღნიშნული განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ყ.-თ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.