ას-1125-1152-2011 19 სექტემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ბ-ოს” დირექტორი ჯ. კ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ო. წ-ძის უფლებამონაცვლე ნ. დ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. წ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ-ოს“ მიმართ, ქ.თბილისში, ... ქ¹18-ში ბინათმშენებლობის მე-4 ბლოკის პირველ სართულზე მდებარე, მოპასუხის კუთვნილი 220 კვ.მ ბინის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელის განცხადებით, მას მთლიანად გადახდილი აქვს შპს „ბ-ოსთვის“ ბინის ღირებულება _ 44000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება შპს „ბ-ოს“ დირექტორის ხელმოწერით გაცემული საგარანტიო წერილით, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რომ მოსარჩელეს ჩააბარებდა ამ ბინას მოპირკეთების გარეშე, თუმცა მას ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.
საქმის განხილვის პროცესში გამოირკვა, რომ სადავო ბინა შპს „ბ-ომ“ გაასხვისა მ. ს-ის სახელზე.
ო.წ-ძის განცხადებით, აღნიშნული გარიგება მოჩვენებითია, ვინაიდან მ. ს-ე არის შპს „ბ-ოს“ დირექტორ ჯ. კ-ის სიდედრი და ბინის მის სახელზე გაფორმებით ჯ. კ-ე ცდილობს, აარიდოს საზოგადოებას ქონებრივი პასუხისმგებლობა. სადავო გარიგების დადებით მხარეებს მიზნად არ ჰქონიათ იურიდიული შედეგების დადგომა, რაც დასტურდება იმითაც, რომ ხელშეკრულებაში ბინის ნასყიდობის ფასად ნაჩვენებია 1000 ლარი, როცა მისი რეალური ღირებულება არის 48400 აშშ დოლარი.
ო.წ-ძემ სარჩელით ითხოვა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობა და ამ ბინის მის საკუთრებაში გადაცემა.
მოპასუხე შპს „ბ-ოს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ საქმის მასალებით არ არის დადასტურებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათი. გარიგების ფასს განსაზღვრავენ თვითონ მხარეები და ფასის სიმცირე არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც გარიგების მოჩვენებითობის დამადასტურებელი მტკიცებულება, შპს „ბ-ოს“ წარმომადგენლის განცხადებით, ო.წ-ძეს შპს „ბ-ოსათვის“ რაიმე თანხა ბინის საფასურად არ გადაუხდია, შესაბამისად, შპს „ბ-ოს“ არ გააჩნია ამ ბინის მის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება.
საქმეში მოპასუხედ შპს „ბ-ოსთან” ერთად ჩაბმულ იქნა მ. ს-ე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ო.წ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ბინა გასხვისებულია მ.ს-ის სახელზე, გარიგების მოჩვენებითობა საქმის მასალებით არ არის დადასტურებული, რის გამოც ამ ბინის შპს „ბ-ოსაგან“ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. წ-ძემ.
მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით ო. წ-ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. დ-ე შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მატერიალური სამართლით უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, კერძოდ, მოცემულ საქმეში სამართალურთიერთობა ითვალისწინებს მატერიალური უფლებებისა და მოვალეობების გადასვლას და საქმეში წარმოდგენილია სანო.ო აქტი _ სამკვიდრო მოწმობა სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ო. წ-ძის სამკვიდრო მიიღო ნ. დ-ემ, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტ ო. წ-ძის უფლებამონაცლედ ჩამბულ უნდა იქნეს მისი მემკვიდრე ნ. დ-ე.
აღნიშნულ განჩინებაზე შპს “ბ-ოს” დირექტორმა ჯ. კ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ო. წ-ძის სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლის თანახმად, კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სანოტარო წესით დამოწმებული სადავო გარიგება მოჩვენებითია და მას იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია, ო.წ-ძეს სარჩელში მითითებული თანხა არ გადაუხდია, რაც მისი მოთხოვნის აბსურდულობას ადასტურებს.
ჯ.კ-ის განმარტებით, არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც ო.წ-ძე აღიარებს ხელწერილში მითითებული თანხის გადაუხდელობას, ამდენად, ვინაიდან სარჩელი უსაფუძვლოა, ასევე უსაფუძვლოა მისი უფლებამონაცვლის განსახილველ საქმეში მხარედ ჩაბმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ბ-ოს” დირექტორ ჯ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტი ო. წ-ძე გარდაიცვალა 2010 წლის 23 ნოემბერს. ნ. დ-ე ო. წ-ძის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეა _ მეუღლე. საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 25 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით ასევე უტყუარადაა დადგენილი და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ ო.წ-ძის სამკვიდრო მიიღო მისი პირველი რიგის მემკვიდრე ნ. დ-ემ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია თუ რა წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას და დადგენილია, რომ სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ _ ამ ქონების ღირებულება. დასახელებული ნორმის დანაწესის, საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობისა (მითითებული მტკიცებულებით ირკვევა, რომ ო.წ-ძის სამკვიდრო მიიღო მხოლოდ ნ.დ-ემ) და მოცემული დავის საგნის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო ნივთზე სანივთო უფლება _ საკუთრება მამკვიდრებელმა გახადა სადავოდ, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიიჩნია ო.წ-ძის უფლებამონაცვლედ ნ.დ-ე და სწორად ჩააბა იგი დავაში უფლებამონაცვლედ.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სასამართლოს უფლებამონაცვლე არ უნდა დაედგინა და საქმის წარმოება შეეწყვიტა, რადგანაც სარჩელის უსაფუძვლობა დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ასევე აუდიოჩანაწერით, საკასაციო პალატა მითითებულ გარემოებას კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ მიიჩნევს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით კანონმდებელი სასამართლოს ავალდებულებს, შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას თუ სადავო სამართალურთიერთობა უფლებამონაცვლეობას დასაშვებად მიიჩნევს, ხოლო ამავე კოდექსის 283-ე მუხლით დადგენილია საქმის წარმოების განახლების წესი, რომელიც მისი შეჩერების გამომწვევი გარემოების აცილების საფუძველზე ხდება.
დასახელებული ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს პროცესუალური თვალსაზრისით არსებული ობიექტური გარემოებით _ ურთიერთობა ითვალისწინებს თუ არა უფლებამონაცვლეობას, რათა საბოლოოდ გაირკვეს სარჩელის საფუძვლიანობა და არა იმის მიხედვით, სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია თუ არა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “ბ-ოს” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ბ-ოს” დირექტორ ჯ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.