ას-1132-1159-2011 9 სექტემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ი-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ი-ის, ე. დ-ძისა და დ. დ-ძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, 2008 წლის 20 თებერვალს დ. დ-ძესა და ე. დ-ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშკრულება ისევე, როგორც ე. დ-ძესა და ი. ი-ეს შორის გაფორმული ნასყიდობა ბათილად იქნა ცნობილი, რაც გაასაჩივრა ი. ი-ემ. ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნულზე ი. ი-ემ შიტანა სააპელაციო საჩივარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 10 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 1200 ლარისა და კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარსადგენად. აღნიშნული ვადა ი. ი-ის მოთხოვნით ჯერ 10, ხოლო შემდეგ 7 დღით გაგრძელდა, თუმცა მხარეს სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია და ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია. ი. ი-ემ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი გადავადება იმ მოტივით, რომ არ ჰყავდა მეუღლე და სადავო ნაკვეთის გარდა რაიმე ქონება მის სახელზე არ ირიცხებოდა.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით და მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა მისი გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ამავე კოდექსის 368-ე მუხლისYმიხედვით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ი-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო უკანონოდ.
გასაჩივრებული განჩინებით აპელანტს არასწორად ეთქვა უარი სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე, ვინაიდან იგი არის მარტოხელა დედა, საქმეში წარმოდგენილი ცნობებით კი დასტურდება, რომ მას არც ერთ ბანკში ანგარიში არ გააჩნია და სადავო ნაკვეთის გარდა სხვა ქონება არ ერიცხება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ი-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტ ი. ი-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის _ 1200 ლარის გადახდა. აპელანტის თხოვით ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა ჯერ 10, ხოლო შემდეგ დამატებით 7 დღით გაუგრძელდა.
ი. ი-ემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, თუმცა სახელმწიფო ბაჟი არც სრულად და არც ნაწილობრივ არ გადაუხდია, არამედ იშუამდგომლა მისი გადახდის გადავადების შესახებ. აპელანტმა წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომ სადავო მიწის ნაკვეთის გარდა მის სახელზე სხვა ქონება არ ირიცხება, ასევე ცნობები საბანკო დაწესებულებებიდან, რომ ი. ი-ეს აღნიშნულ ბანკებში ანგარიში გახსნილი არ აქვს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აპელანტის ზემოხსენებული შუამდგომლობის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები კანონის ზემოხსენებულ დანაწესს არ შეესაბამება, შესაბამისად, არ ქმნის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობას.
კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მას ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლო განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა.
ამდენად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ი. ი-ეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.