ას-1136-1162-2011 9 სექტემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ქ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ქ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ქ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს თავისი ბაბუის _ ვ. ქ-ისა და მისი მეუღლე პარასკევა სოფრომაძის ფაქტობრივი განქორწინების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა, რაც ე. ქ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ე. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ქ-ის განცხადებას უარი ეთქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაზე ვ. ქ-მა შეიტანა განცხადება და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების გახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განჩინებით ვ. ქ-ის განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, 423-ე მუხლით და არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება ახლად აღმოჩენილ გარემოებად ვ. ქ-ის მიერ მითითებული მოწმეთა ჩვენების მიჩნევის თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარე აღნიშნულ გარემოებაზე ჯერ კიდევ საქმის არსებითად განხილვისას მიუთითებდა, რაზეც მას განემარტა, რომ ვ. ქ-ისა და მისი მეუღლე პარასკევა სოფრომაძის ფაქტობრივი განქორწინების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა მოწმეთა ჩვენებებისა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე (რომლითაც ვასილ ქ-ს თავისი მეუღლე პარასკევა სოფრომაძის სასარგებლოდ სარჩოს გადახდა დაეკისრა) დაუშვებელია.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ შეამოწმა ვ. ქ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი და იგი განუხილველად დატოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. ქ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასევე უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის, 106-ე მუხლის “ა” პუნქტი და დაარღვია მხარის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია ქუთაისის სასამართლოს 1963 წლის 30-31 იანვრის გადაწყვეტილებას, საიდანაც ირკვევა, რომ ვ. ქ-ს მეორე ცოლი ჰყავდა და საცხოვრებლად მასთა იყო გადასული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე, ამასთან, ასეთი გარემოების შესახებ მხარისათვის თავისი ბრალის გარეშე საქმის განხილვისას ცნობილი არ იყო.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ ვ. ქ-ის განცხადება კანონის ზემოხსენებული დანაწესებით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე მითითებას არ შეიცავს და მის მიერ ახლად აღმოჩენილად მიჩნეული მტკიცებულებებზე მხარე ჯერ კიდევ საქმის სასამართლოში არსებითად განხილვისას უთითებდა. სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ მეუღლეთა ფაქტობრივად განქორწინების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა მოწმეთა ჩვენებებისა და მხარის მიერ მითითებული სასამართლო გადაწყვეტილებით დაუშვებელია. ხსენებული გადაწყვეტილებით ირკვევა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვ. ქ-ს (ბაბუას) პარასკევა სოფრომაძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს გადახდა, რაც მეუღლეთა ფაქტობრივ განქორწინებას ვერ ადასტურებს. მხარემ ასევე ვერ დაასაბუთა, თუ რა საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა საქმის არსებითად განხილვაზე სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეთა ახსნა-განმარტებები სადავო მეუღლეთა ფაქტობრივი განქორწინების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს წარმოდგენილ კერძო საჩივარს, რადგან იგი ეფუძნება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი დასაბუთების კრიტიკას და მხარე ვერ ასაბუთებს გასაჩივრებული განჩინებით რომელი კანონის დანაწესი დაარღვია სასამართლომ. ამდენად, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად არ გაიზიარა ვ.ქ-ის არგუმენტები და საქმის წარმოება არ განაახლა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად. რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ვ. ქ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლისა და 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს იგი სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც საკასაციო სასამართლო აღნიშნულზე არ იმსჯელებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.