Facebook Twitter

ას-1209-1229-2011 26 სექტემბერი,2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ, გ, თ. გ-ლების, ნ. ბ-ძისა და გ. ს-ლის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე _ ს.ს “საქართველოს ბანკის” სარჩელის გამო, მოპასუხეების თ., გ., თ. გ-ლების, ნ. ბ-ძისა და გ. ს-ლის მიმართ დავალიანების გადახდისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი ნ. ბ-ძისა და გ. ს-ლის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო კერძო საჩივარს თ., გ. და თ. გ-ლების ნაწილში უნდა დაუდგინდეს ხარვეზი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინება გაეგზავნათ მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ბ-ძესა და გ. ს-ლს აღნიშნული განჩინების ასლები ჩაბარდათ 2011 წლის 23 ივლისს ( ტ.II, ს.ფ. 47-48).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 24 ივლისს და დამთავრდა 2011 წლის 4 აგვისტოს, კერძო საჩივარი კი შემოტანილია 2011 წლის 5 აგვისტოს. გარდა ამისა, კერძო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია ასევე 2011 წლის 5 აგვისტო ( ტ. II, ს.ფ. 55), რაც უტყუარად ადასტურებს ნ. ბ-ძისა და გ. ს-ლის მიერ კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დარღვევას.

ამდენად წარმოდგენილი კერძო საჩივარი ნ. ბ-ძისა და გ. ს-ლის მოთხოვნის ნაწილიში უნდა დარჩეს განუხილველი. ხოლო, კერძო საჩივარი თ., გ. და თ. გ-ლების მოთხოვნის ნაწილში, ხარვეზიანია, რადგან არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს.

სასამართლო ყურადრებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორები შუამდგომლობენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე, ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილი აქვთ თ. გ-ლის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “რ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ვეტერანები, რომლებმაც “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს. განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული არ წარმოადგენს თ. გ-ლის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს.

რაც შეეხება, კერძო საჩივრის ავტორთა შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი კერძო საჩივრის ავტორთა მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ამდენად, არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი ნ. ბ-ძისა და გ. ს-ლის მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო კერძო საჩივარს თ., გ. და თ. გ-ლების მოთხოვნის ნაწილში, უნდა დაუდგინდეს ხარვეზი და დაევალოს მის ავტორებს სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარის გადხდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, მე-400, 401-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ., გ., თ. გ-ლების, ნ. ბ-ძისა და გ. ს-ლის კერძო საჩივარი ნ. ბ-ძისა და გ. ს-ლის მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად.

2. თ., გ. და თ. გ-ლებს დაევალოთ ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინონ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - “განაღდებულია”).

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე.

თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, კერძო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.