Facebook Twitter

ას-425-403-2011 12 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს “... ბანკი”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “... ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე ი/მ “გ. კ-ეს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 40345,37 აშშ დოლარის გადახდა, დავალიანების თანხის გადახდევინების განხორციელდა მოპასუხე ე. კ-ის საკუთრებაში რიცხული და იპოთეკით დატვირთული ქ.ქობულეთში, ... მდებარე 1688კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული 101კვ.მ შენობა-ნაგებობის (უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი 20/12/01/344) რეალიზაციის გზით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. კ-ემ და ე. კ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნული კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით გ. კ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2011 წლის 11 მაისს გ. კ-ემ წარმოადგინა საქართველოს ფოსტის ფილიალი “აჭარის ფოსტის” უფროსის მოადგილის _ ვ.გ-ის მიერ გაცემული ცნობა და ქვითრები და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, იმ საფუძვლით, რომ მან კერძო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილ ვადაში.

საკასაციო პალატის 2011 წლის 25 ივლისის განჩინებით გ. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინება და საქმის წარმოება განახლდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

2011 წლის 16 აგვისტოს გ. კ-ემ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ გ. კ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გ. კ-ეს ჩაბარდა 2011 წლის 5 აგვისტოს (ს.ფ.185).

2011 წლის 16 აგვისტოს გ. კ-ემ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

მოცემულ შემთხვევაში გ. კ-ემ განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ფოსტას ჩააბარა 2011 წლის 12 აგვისტოს (ს.ფ.186-188), ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 6 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 10 აგვისტოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. კ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.