Facebook Twitter

ას-963-1001-2011 19 სექტემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ე-ა” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ტ. ფ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება

დავის საგანი – სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაზიდვის საფასურისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ. ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ე-ის” მიმართ 2010 წელს მოპასუხის წერილობითი დაკვეთის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ განხორციელებული გადაზიდვის ხელშეკრულებების ღირებულების _ 57 087 აშშ დოლარის, ასევე, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, 69 დღის პირგასამტეხლოს _ 5 477,76 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის პირველი თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. ფ-ის სარჩელი შპს “ე-ის” მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს “ე-ას” ტ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 57 087 აშშ დოლარის, ასევე პირგასამტეხლოს სახით 2 738,88 აშშ დოლარის გადახდა, ტ. ფ-ის მოთხოვნა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ხოლო გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ტ.ფ-ის სარჩელი, სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “ე-ამ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებით ტ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ამავე პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით ასევე განუხილველად იქნა დატოვებული შპს “ე-ის” სააპელაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2011 წლის 25 მარტის განჩინებაზე, რომლითაც აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის _ 2393.03 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და სასამართლოში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2011 წლის 27 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა ი. ჟ-ნმა, რომელმაც მოითხოვა სახელწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც ამავე სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა. 2011 წლის 6 მაისს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში, შპს “ე-ის” წარმომადგენელმა ი. ჟ-ნმა კვლავ მიმართა სასამართლოს, რომელმაც წარმოადგინა სს “საქართველოს ბანკის” მიერ 2011 წლის 6 მაისს გაცემული ცნობა, რომ 2011 წლის 6 მაისის მდგომარეობით შპს “ე-ას” ერიცხება დავალიანება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციის მიმართ 612.31 ლარი, რაზედაც ანგარიშებს ადევს ინკასო. მთლიანი დავალიანება შეადგენს 620.00 ლარს, საიდანაც 7.69 ლარი უკვე გადაირიცხა ანგარიშიდან 2010 წლის 22 დეკემბერს, ასევე, სს “ბანკ ...” მიერ გაცემული ცნობა, რომ სს “ბანკ ...ი” შპს “ე-ის” გახსნილ ანგარიშებზე 2011 წლის 6 მაისის მდგომარეობით წარმოდგენილია საინკასო დავალება თანხით _ 620 ლარი. ასევე შპს “ე-ის” პირადი ანგარიშების ამონაწერი სს “საქართველოს ბანკიდან” ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან გახსნილი ეროვნული ვალუტით, აშშ დოლარით, ევროში და რუსული რუბლით _ 2010 წლის პირველი დეკემბრიდან 2011 წლის 5 მაისამდე. პირადი ანგარიშის ამონაწერი სს “ბანკი ...ადან” ეროვნული ლარით, აშშ დოლარითა და ევროთი გახსნილ ანგარიშზე 2010 წლის პირველი იანვრიდან 2011 წლის 4 მაისამდე. წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით აპელანტის წარმომადგენელმა მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 მაისის განჩინებით აპელანტ შპს “ე-ას” გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით და დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის _ 2393.03 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. 2011 წლის 23 მაისს ხარვეზის გამოსწორების მიზნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა აპელანტმა, წარმოადგინა შპს “ე-ის” გადახდის წყაროსთან დაკავშირებული გადასახადების დეკლარაციები 2011 წლის თებერვალ-მაისის მდგომარეობით, აგრეთვე, შპს “ე-ის” დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციები 2011 წლის თებერვალ-მაისის მდგომარეობით იმის დასადასტურებლად, რომ შპს “ე-ას” ეკონომიკური საქმიანობა არ უწარმოებია, ასევე 2011 წლის 20 მაისს სსიპ “შემოსავლების სამსახურის” მიერ გაცემული ცნობა, რომ შპს “ე-ას” ანგარიშსწორების ანგარიშები გახსნილი აქვს სს “საქართველოს ბანკში”, სს “კორ სტანდარტ ბანკში”, სს “...ბანკსა” და სს “ბანკ ...ი”, აპელანტის წარმომადგენელმა დამატებით წარმოადგინა ამონაწერი სს “კორ სტანდარტ ბანკიდან” პირადი ანგარიშიდან გახსნილი ეროვნული ვალუტით, აშშ დოლარითა და ევროთი გახსნილ ანგარიშზე _ 2011 წლის პირველი იანვრიდან 2011 წლის 20 მაისამდე. პირადი ანგარიშის ამონაწერი სს “... ბანკიდან” ქართული ლარით, აშშ დოლარით, რუსული რუბლითა და ევროთი გახსნილ ანგარიშზე 2011 წლის პირველი იანვრიდან 2011 წლის 20 მაისამდე. აპელანტის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ერთადერთი უძრავი ქონება, რომელიც ირიცხება შპს “ე-ას” საკუთრებაში დაყადაღებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ და დატვირთულია იპოთეკით ბანკის სასარგებლოდ. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით აპელანტის წარმომადგენელმა ითხოვა ხარვეზის შევსებულად მიჩნევა და საპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

სააპელაციო პალატამ იხემძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დასტურდებაAშპს “ე-ის” მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რადგან, მართალია მას სს “საქართველოს ბანკში”, სს “ბანკი ...ი”, სს “...ბანკსა” და სს “... ბანკში” არსებულ კონკრეტულ ანგარიშზე არ აქვს თანხა, მაგრამ შესაძლებელია ანგარიში ჰქონდეს სხვა ბანკშიც გახსნილი, გააჩნდეს საკუთრებაში სხვა ქონება (მოძრავი ნივთები, უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არ მოიპოვება აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც სასამართლოს შეუძლია, იმსჯელოს სახელწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე, ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ე-ის” წარმომადგენელმა ი.ჟ-ნმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის საბოლოო განხილვამდე შპს “ე-ისათვის” სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა ხარვეზის გამოსოწრების მიზნით სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ აპელანტის რთულ ქონებრივ მდგომარეობას. შპს “ე-ის” განმარტებით, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით, არასწორად არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

შპს “ე-ის” მითითებით, მის დადებით დამოკიდებულებას მითითებულ საკითხთან დაკავშირებით ადასტურებს ისიც, რომ აპელატი, მიუხედავად რთული ქონებრივი მდგომარეობისა, მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას და არა მისი გადახდისაგან გათავისუფლებას, სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით კი, მან უფლების სასამართლო წესით დაცვის რეალიზება ვერ მოახდინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ე-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

მოცემული საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით შპს “ე-ის” სააპელაციო საჩივარის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივრზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რადგანაც ჩათვალა, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (სს “საქართველოს ბანკის” მიერ 2011 წლის 6 მაისს გაცემული ცნობით 2011 წლის 6 მაისის მდგომარეობით შპს “ე-ისათვის” შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციის მიმართ დავალიანების _ 612.31 ლარის არსებობის შესახებ, სს “ბანკ ...” მიერ გაცემული ცნობით, “ბანკ ...ი” შპს “ე-ის” ანგარიშებზე 2011 წლის 6 მაისის მდგომარეობით წარმოდგენილი საინკასო დავალების თაობაზე, შპს “ე-ის” პირადი ანგარიშების ამონაწერი სს “საქართველოს ბანკიდან” ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან ეროვნულ ვალუტაში, აშშ დოლარში, ევროში და რუსულ რუბლში _ 2010 წლის პირველი დეკემბრიდან 2011 წლის 5 მაისამდე, პირადი ანგარიშის ამონაწერით სს “ბანკი ...იდან” ლარში, აშშ დოლარში და ევროში 2010 წლის პირველი იანვრიდან 2011 წლის 4 მაისამდე, შპს “ე-ის” გადახდის წყაროსთან დაკავშირებული გადასახადების დეკლარაციებით 2011 წლის თებერვალ-მაისის მდგომარეობით, აგრეთვე, დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით 2011 წლის თებერვალ-მაისის მდგომარეობით იმის დასადასტურებლად, რომ შპს “ე-ას” ეკონომიკური საქმიანობა არ უწარმოებია, 2011 წლის 20 მაისს სსიპ “შემოსავლების სამსახურის” მიერ გაცემული ცნობით, რომ შპს “ე-ას” ანგარიშსწორების ანგარიშები გახსნილი აქვს სს “საქართველოს ბანკში”, სს “კორ სტანდარტ ბანკში”, სს “...ბანკში” და სს “ბანკი ...ი”, ამონაწერით სს “კორ სტანდარტ ბანკიდან” ეროვნულ ვალუტაში, აშშ დოლარსა და ევროში გახსნილ ანგარიშზე _ 2011 წლის პირველი იანვრიდან 2011 წლის 20 მაისამდე, პირადი ანგარიშის ამონაწერი სს “...ბანკიდან” ლარში, აშშ დოლარში, რუსულ რუბლსა და ევროში გახსნილ ანგარიშზე 2011 წლის პირველი იანვრიდან 2011 წლის 20 მაისამდე) არ დასტურდებოდა აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის სირთულე, ასევე არ იქნა გათვლისწინებული მითითება იმ გარემოებაზე, რომ ერთადერთი უძრავი ქონება, რომელიც ირიცხება შპს “ე-ის” საკუთრებაში, დაყადაღებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ და დატვირთულია იპოთეკით ბანკის სასარგებლოდ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

ის გარემოება, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და წარმოადგენს უკიდურეს შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ სავალდებულოა გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა მხარის მიმართ.

თავის მხრივ, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მეორე მხარის ინტერესებისა და განსახილველი შუამდგოლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის საფუძვლიანობის მტკიცების ტვირთი შუამდგომლობის ავტორს ეკისრება, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლო კი მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე წყვეტს შუამდგომლობის მართებულობის საკითხს, რაც ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას აისახება.

საკასაციო სასამართლო მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შპს “ე-ის” მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად ამსახველი არაა და მითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების ცალსახა საფუძველს არ წარმოადგენდა, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად არ ირკვევა, რომ შპს “ე-ას” სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის არ გააჩნდა შესაძლებლობა, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად სააპელაციო სასამართლომ აპელანტს არაერთხელ გაუგრძელა ვადა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მხარის კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ადასტურებს მის მიერ არა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, არამედ, მისი გადახდის გადავადების მოთხოვნა, საკასაციო სასამართლო აღნიშნულს შპს “ე-ის” კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ მიიჩნევს და დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლება სასამართლოს მიერ გამოიყენება არა სამართალწარმოების ნებისმიერი მხარის მიმართ, არამედ მხოლოდ სპეციალური სუბიექტის _ ფიზიკური პირის მიმართ, ვინაიდან თავად ნორმის დისპოზიციით კანონმდებელმა განმარტა, რომ ამ ნორმით დადგენილი შეღავათი ვრცელდება “მოქალაქის”, ანუ ფიზიკური პირის მიმართ, შესაბამისად, ამ გარემოებაზე მითითება ასევე არ წარმოადგენს შპს “ე-ის” პოზიციის სისწორის დამადასტურებელ უტყუარ არგუმენტს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას აპელანტის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სასამართლო სააპელაციო საჩივარს აღარ მიიღებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “ე-ის” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ პირობებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ე-ის” წარმომადგენელ ი. ჟ-ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.