Facebook Twitter

ა-3134-ბ-26-2011 19 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ვ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ვ-ე

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინება

დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საიდ ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლი თანახმად ვ.ი ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ.ბათუმში, ქ. ¹83-ში მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყო ვ.ი ი-სა და საიდ ვ-ეს შორის სსიპ “ლევან სამხარაული სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2009 წლის 17 აგვისტოს ¹13-4862 დასკვნის დანართი ¹1-ის შესაბამისად, ისე, როგორც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის ეკავათ მხარეებს და ზემოხსენებულ მისამართზე ვ.ი ი-ს მიეკუთვნა 317,3კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო საიდ ვ-ეს მიეკუთვნა 669,5 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიე ძლაში.

2011 წლის 11 იანვარს ნ. ვ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. სასამართლო პროცესზე ნ. ვ-ემ ასევე მოითხოვა მისი მეუღლის _ საიდ ვ-ის უფლებამონაცვლედ ცნობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით ნ. ვ-ის განცხადება უფლებამონაცვლის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.ი ი-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2011 წლის 10 მაისს ვ.ი ი-მა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა მისი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებით ვ.ი ი-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად, ვინაიდან მან ხარვეზი გამოასწორა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

2011 წლის 18 აგვისტოს ვ.ი ი-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მან დროულად გამოასწორა ხარვეზი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო განცხადების შინაარსს და მიაჩნია, რომ ვ.ი ი-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავით გათვალისწინებული წარმოებისას, სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას თავისი ინიციატივითვე ამოწმებს განცხადების დასაშვებობის პროცესუალური საფუძვლების ნამდვილობას, კერძოდ, სასამართლო აფასებს განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები შეესაბამება თუ არა LII თავით გათვალისწინებულ წინაპირობებს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, იგი განცხადებას დაუშვებლად ცნობს, ხოლო მისი დასაშვებად ცნობის თუნდაც ფორმალური წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დანიშნავს დროს საქმის განხილვისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის აღნიშნული საფუძვლები ამომწურავია და მისი გაფართოება დაუშვებელია.

მოცემულ შემთხვევაში განცხადების ავტორი არ მიუთითებს განჩინების ბათილად ცნობის არცერთ ზემოაღნიშნულ საფუძველზე. ვ.ი-ი აღნიშნავს, რომ მას საკასაციო პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინება ხარვეზის შესახ არ ჩაბარებია, თუმცა არ უარყოფს, რომ მის წარმომადგენელს 2011 წლის 27 აპრილს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის “ა” ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლო შენობაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ვ.ი ი-ის ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დასაშვებობის წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ი ი-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.