Facebook Twitter

ა-1447-შ-24-2011 29 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ მ. კ-ი

წარმომადგენელი _ ს. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. კ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის ალცაის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ალცაის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-სა და დ. კ-ს შორის ვიორშტადტის მმაჩის ბიუროში 2009 წლის 23 იანვარს რეგისტრირებული ¹E2/2009 ქორწინება გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 2 ივლისს.

მ. კ-ის წარმომადგენელმა ს. მ-ემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ალცაის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით მ. კ-ის წარმომადგენელ ს. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის ალცაის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. კ-ის წარმომადგენელ ს. მ-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

განსახილველ შემთხვევაში გერმანიის ალცაის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შევიდა კანონიერ ძალაში 2010 წლის 2 ივლისს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შუამდგომლობის ავტორი უთითებს, რომ გერმანიის ალცაის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება აღსრულებულია გადაწყვეტიილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე.

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მისი აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლებისა თუ სამართლებრივი სიკეთის რეალიზაციისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია და არ არსებობს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღსრულების წინაპირობები, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული საფუძვლიდან გამომდინარე ასევე არ არსებობს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის წინაპირობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. კ-ის წარმომადგენელ ს. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის ალცაის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძოს სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ის წარმომადგენელ ს. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის ალცაის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.