ა-2279-შ-36-2011 19 სექტემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
მაია სულხანიშვილი, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ თ. უ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. კ. უ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს _ გერმანიის, ინგბერტის უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ინგბერტის უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. უ-სა და კ. კ. უ-ს შორის 2010 წლის 29 ნოემბერს ზულცბახ/ზაარის მმაჩის ბიუროში გაფორმებული ქორწინება ¹...შეწყდა, ამავე გადაწყვეტილებით მხარეთა შორის ფულადი თანასწორობა არ მომხდარა, ასევე განაწილდა სასამართლო ხარჯები.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა თ. უ-მა და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა გერმანიის ინგბერტის უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გერმანიის ინგბერტის უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 29 მარტს, საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო მოწინააღმდეგე მხარე (გადაწყვეტილების თანახმად, იგი დაბარებულ იქნა სასამართლოს მიერ, თუმცა არ გამოცხადდა, ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ ქმარი არც დაინტერესებულა განქორწინების პროცესით, რაც განცხადების დაკმაყოფილების ერთ-ერთ წინაპირობად იქნა მიჩნეული). შუამდგომლობის ავტორმა ასევე წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის პირველი ივლისის განჩინებით თ.უ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში, რის თაობაზეც კანონით დადგენილი წესით ეცნობა მოწინააღმდეგე მხარეს, ამავე განჩინებით კ. კ. უ-ს განემარტა აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ თ. უ-ის შუამდგომლობა გერმანიის ინგბერტის უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გერმანიის ინგბერტის უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 29 მარტს, საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო მოწინააღმდეგე მხარე (გადაწყვეტილების თანახმად, იგი დაბარებულ იქნა სასამართლოს მიერ, თუმცა არ გამოცხადდა, ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ ქმარი არც დაინტერესებულა განქორწინების პროცესით, რაც განცხადების დაკმაყოფილების ერთ-ერთ წინაპირობად იქნა მიჩნეული).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით: ქ.ინგბერტის უზენაესი სასამართლოს ცნობის თანახმად, გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მისი აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლებისა თუ სამართლებრივი სიკეთის რეალიზაციისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია და არ არსებობს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღსრულების წინაპირობები, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემული საფუძვლიდან გამომდინარე, ასევე არ არსებობს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის წინაპირობა.
ამდენად, თ. უ-ის შუამდგომლობა გერმანიის ინგბერტის უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. უ-ის შუამდგომლობა გერმანიის, ინგბერტის უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.