Facebook Twitter

ა-2933-შ-44-2011 29 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ი. ტ-ი

წარმომადგენელი _ მ. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ტ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის ქ.მიუნჰენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ქ.მიუნჰენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ.თბილისში 1998 წლის 17 დეკემბერს ი. შ-ლსა (ტ-ი) და თ. ტ-ს შორის რეგისტრირებული ¹260 ქორწინება გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 8 ნოემბერს და გერმანიის ტერიტორიაზე აღსრულდა.

ი. ტ-ის წარმომადგენელმა მ. ნ-ემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ქ.მიუნჰენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აგვისტოს განჩინებით ი. ტ-ის წარმომადგენელ მ. ნ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.მიუნჰენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. ტ-ის წარმომადგენელ მ. ნ-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

განსახილველ შემთხვევაში გერმანიის ქ.მიუნჰენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შევიდა კანონიერ ძალაში 2005 წლის 8 ნოემბერს და შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენლი ცნობის თანახმად, აღსრულდა 2011 წლის 21 ივლისს.

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მისი აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლებისა თუ სამართლებრივი სიკეთის რეალიზაციისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია და არ არსებობს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღსრულების წინაპირობები, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული საფუძვლიდან გამომდინარე ასევე არ არსებობს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის წინაპირობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ტ-ის წარმომადგენელ მ. ნ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.მიუნჰენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძოს სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ტ-ის წარმომადგენელ მ. ნ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.მიუნჰენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.