Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №353I -21 თბილისი

ა-ი ი., 353I -21 24 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ა-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ი. ა-ის პირადი საქმე.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ა-ის, - დაბადებულის 19-- წელს, - მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ა-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მათ შორის ნასამართლობის არქონა), სასჯელი უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „ბ“ ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, კერძოდ: თუ მან ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ან - თაღლითობა დიდი ოდენობით (180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო მოცემულ შემთხვევაში:

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განაჩენით (რომლითაც შეიცვალა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი) ი. ა-ი მსჯავრდებულია თაღლითობისათვის დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, კერძოდ: მან თაღლითობა დიდი ოდენობით (180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, უფრო მკაცრი ნორმით.

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი) ი. ა-ი მსჯავრდებულია თაღლითობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, კერძოდ: მან თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ჩაიდინა არაერთგზის (180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, უფრო მკაცრი ნორმით. ამასთან, იგი ნასამართლევია წინა განაჩენით.

· სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ი. ა-ი მსჯავრდებულია თაღლითობისათვის დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, კერძოდ: მან თაღლითობა დიდი ოდენობით (180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, უფრო მკაცრი ნორმით.

3. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ი. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი