Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №880აპ-20 თბილისი

ა-ი რ., 880აპ-20 14 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატ ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის განაჩენით რ. ა-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ა-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 7 ოქტომბრიდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით - საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. განაჩენის მიხედვით, რ. ა-ს მსჯავრი დაედო ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვაში იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებული რ. ა-ი 2019 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 15:15 საათზე, თ-ი, ს. ფ-ში, ც-ის ქუჩა №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ 4 ცალ კაფსულაში მოთავსებულ, 0,74 გრამ ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატმა ნ. ი-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რ. ა-ის გამართლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატმა ნ. ი-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და რ. ა-ის გამართლებას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატ ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა 2021 წლის 14 მაისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზების დასკვნებით, რ. ა-ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ რ. ა-ის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა და არ არსებობს მისი გამართლების საფუძველი, ხოლო დეტალურ მსჯელობას პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს.

3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ. ა-ს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს 2019 წლის 7 ოქტომბრიდან.

4. გარდა ამისა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებული რ. ა. უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილისა და იმავე წლის 12 მარტის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელებისაგან. მასვე „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნდა აღუდგეს ამავე განაჩენებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატ ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე, 307-ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატ ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

2.1. მსჯავრდებულ რ. ა-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 7 ოქტომბრიდან;

2.2. მსჯავრდებული რ. ა-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილისა და იმავე წლის 12 მარტის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელებისაგან;

2.3. მსჯავრდებულ რ. ა-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილისა და იმავე წლის 12 მარტის განაჩენებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა);

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი