საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№350I-21 ქ. თბილისი
ბ-ი ტ-რ, 350I-21 20 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ტ. ბ-ის (T. B.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 7 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:
2019 წლის 21 ივნისს ს-ის რესპუბლიკის რ- კორექციული სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ტ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 225-7, 225-5, 225-11, 225-20, 225-21, 225-24 და 225-25 მუხლებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი პროქსენეტიზმი (პროსტიტუციაში ჩართვა, პროსტიტუციის ხელშეწყობა, პროსტიტუციის იძულება სარგებლის მიღების მიზნით, ჩადენილი არაერთი დაზარალებულის მიმართ)) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამავე განაჩენით ტ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 450-1, 450-3 და 450-5 (დანაშაულებრივ გაერთიანებაში მონაწილეობა ისეთი დანაშაულის მომზადების მიზნით, რომელიც ისჯება 10-წლიანი პატიმრობით) და იმავე კოდექსის 324-1, 324-1-1, 324-3, 324-7 და 324-8 მუხლებით (ფულის გათეთრება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული განაჩენით ტ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 50000 ევრო. იმავე დღეს ს-ის რესპუბლიკის რ- კორექციული სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა ტ. ბ-ის დაკავების ბრძანება. 2020 წლის 4 აგვისტოდან ტ. ბ-ი იძებნება ს-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის არხებით.
2. ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ტ. ბ-ის მიერ დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 12 ივნისამდე პერიოდში ს-ის რესპუბლიკაში მოქმედი ორგანიზებული ჯგუფი (მათ შორის – ქურდული სამყაროს წევრები), რომლის ერთ-ერთი წევრი იყო ტ. ბ-ი, სჩადიოდა რიგ დანაშაულებრივ ქმედებებს, კერძოდ: მითითებულ პერიოდში ორგანიზებული ჯგუფის წევრები, სარგებლის მიღების მიზნით, ახორციელებდნენ ძალადობით ან ძალადობის მუქარით ქალების პროსტიტუციაში ჩართვას, პროსტიტუციის ხელშეწყობას, პროსტიტუციის იძულებასა და დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჯგუფის წევრები ახდენდნენ პროსტიტუციით დაკავებული ქალების იდენტიფიცირებას, რის შემდეგაც, ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით, მათზე ძალადობდნენ, რის შემდეგაც დაზარალებულებს აიძულებდნენ, რომ პროსტიტუციაში შუამავლობის მიზნით მიემართათ ორგანიზებული ჯგუფისათვის, ასევე – ესარგებლათ მათი მფარველობით, რის სანაცვლოდაც, პროსტიტუციაში ჩართულ დაზარალებულებს უნდა გადაეხადათ ფულადი თანხა. გარდა აღნიშნულისა, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დაზარალებულებს აკისრებდნენ ყოველთვიური გადასახადის გადახდის ვალდებულებას. დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხის გადარიცხვა ხდებოდა გადარიცხვის კომპანიების (W.....n, M......) მეშვეობით. ამასთან, თანხის უკანონო წარმომავლობის დაფარვისა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, გადარიცხვები სრულდებოდა მესამე პირების მეშვეობით. ორგანიზებული ჯგუფი ასევე თანამშრომლობდა სააგენტოებთან, რომელთა მეშვეობითაც ეწეოდნენ აღმოსავლეთ ევროპელი ქალების მოძიებას, მათ ს-ის რესპუბლიკაში გადაყვანასა და პროსტიტუციაში ჩაბმას. თავის მხრივ, აღნიშნული სააგენტოები უზრუნველყოფდნენ თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფი, პროსტიტუციაში ჩაბმული დაზარალებულების რეკლამირებას სხვადასხვა ვებგვერდის გამოყენებით. ამასთან, სააგენტოების (მათ დაქვემდებარებაში მყოფი ქალების) მფარველობისა და განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქმიანობის სხვა კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან ხელშეშლის გარეშე გაგრძელების უზრუნველსაყოფად სააგენტოები იხდიდნენ 3000-დან 5000 ევრომდე ფულად თანხას. აღნიშნულ სააგენტოებს შორის ყველაზე მსხვილი იყო ორი – ს-ისა და ე-ის. ეს სააგენტოები ორგანიზებას უწევდნენ ძირითადად რუსი და უკრაინელი ქალბატონების მოძიებასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის – ს-სა და ი-ში – მათ პროსტიტუციაში ჩაბმას. ზემოხსენებული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიღებული წლიური შემოსავალი შეადგენდა 72000 ევროდან 120000 ევრომდე ფულად თანხას, ხოლო ჯამური შემოსავალი – 648000 ევროდან 1080000 ევრომდე ფულად თანხას. ეს ფულადი თანხები ნაწილდებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის და განაწილება, რიგ შემთხვევებში, ხდებოდა „კანონიერი ქურდების“ მეშვეობით. დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი ასევე გამოიყენებოდა „ქურდული საერთოს“ შეკრებისა და ქურდული სამყაროს წევრებისათვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით, კერძოდ, აუმჯობესებდნენ საპატიმრო დაწესებულებაში მათ პირობებს, აფინანსებდნენ ადვოკატის მომსახურების ხარჯებს და ეხმარებოდნენ მათი ოჯახების წევრებს. უშუალოდ ტ. ბ-ი, როგორც ორგანიზებული ჯგუფის წევრი, ხელმძღვანელობდა ძირითადად ს-ში მოქმედ პროსტიტუციის ერთ-ერთ სააგენტოს და, საკუთარი სააგენტოს დაქვემდებარეში მყოფი, პროსტიტუციაში ჩაბმული ქალბატონების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ყოველთვიურად 2000-დან 5000 ევრომდე გადასახადს უხდიდა ს-ი ეროვნების პირებს – რ. შ-სა და ა. ე-ს.
3. აღწერილი ქმედებები დასჯადია ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 225-7, 225-5, 225-11, 225-20, 225-21, 225-24 და 225-25 მუხლებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი პროქსენეტიზმი (პროსტიტუციაში ჩართვა, პროსტიტუციის ხელშეწყობა, პროსტიტუციის იძულება სარგებლის მიღების მიზნით, ჩადენილი არაერთი დაზარალებულის მიმართ)), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; ასევე – იმავე კოდექსის 450-1, 450-3 და 450-5 (დანაშაულებრივ გაერთიანებაში მონაწილეობა ისეთი დანაშაულის მომზადების მიზნით, რომელიც ისჯება 10-წლიანი პატიმრობით) მუხლებით, რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და იმავე კოდექსის 324-1, 324-1-1, 324-3, 324-7 და 324-8 მუხლებით (ფულის გათეთრება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
4. აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; ასევე – სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5. 2020 წლის 28 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ს-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ტ. ბ-ი.
6. 2020 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ტ. ბ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
7. 2021 წლის 8 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ტ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესახებ.
8. 2021 წლის 4 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ტ. ბ-ის ექსტრადიციის თაობაზე ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
9. 2021 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტ. ბ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2021 წლის 28 ივნისამდე.
10. ამჟამად ტ. ბ-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
11. 2021 წლის 3 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ტ. ბ-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ს-ის რესპუბლიკის რ- კორექციული სისხლის სამართლის სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენში და დასჯადია ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 225-7, 225-5, 225-11, 225-20, 225-21, 225-24 და 225-25 (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი პროქსენეტიზმი (პროსტიტუციაში ჩართვა, პროსტიტუციის ხელშეწყობა, პროსტიტუციის იძულება სარგებლის მიღების მიზნით, ჩადენილი არაერთი დაზარალებულის მიმართ)), 450-1, 450-3 და 450-5 (დანაშაულებრივ გაერთიანებაში მონაწილეობა ისეთი დანაშაულის მომზადების მიზნით, რომელიც ისჯება 10-წლიანი პატიმრობით) და 324-1, 324-1-1, 324-3, 324-7 და 324-8 მუხლებით (ფულის გათეთრება).
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2021 წლის 7 მაისის განჩინებით დასაშვებად ცნო ტ. ბ-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ს-ის რესპუბლიკის რ- კორექციული სისხლის სამართლის სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენში და დასჯადია ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 225-7, 225-5, 225-11, 225-20, 225-21, 225-24 და 225-25 (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი პროქსენეტიზმი (პროსტიტუციაში ჩართვა, პროსტიტუციის ხელშეწყობა, პროსტიტუციის იძულება სარგებლის მიღების მიზნით, ჩადენილი არაერთი დაზარალებულის მიმართ)), 450-1, 450-3 და 450-5 (დანაშაულებრივ გაერთიანებაში მონაწილეობა ისეთი დანაშაულის მომზადების მიზნით, რომელიც ისჯება 10-წლიანი პატიმრობით) და 324-1, 324-1-1, 324-3, 324-7 და 324-8 მუხლებით (ფულის გათეთრება).
13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ტ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ქ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმებასა და საქმისწარმოების შეჩერებას იმ მოტივით, რომ ტ. ბ-ი არ არის ს-ის რესპუბლიკის მოქალაქე, იგი რ-ის ფედერაციის მოქალაქეა; მიგრაციის სამსახურის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში და ელოდება შესაბამის რეაგირებას; თავშესაფრის მაძიებლები არ უნდა იქნენ უკან დაბრუნებულნი ან გაძევებულები მანამ, სანამ მათი სტატუსის საბოლოოდ განსაზღვრა არ მოხდება; ტ. ბ-ის განმარტებით, ს-ში მას ემუქრება საფრთხე, სწორედ ამიტომ დატოვა მან ეს ქვეყანა; იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია დააკმაყოფილებს მოთხოვნას და ტ. ბ-ი მიიღებს საერთაშორისო დაცვას, მაგრამ ის უკვე იქნება ექსტრადირებული, იარსებებს აღუსრულებელი გადაწყვეტილება, რაც კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევაა.
14. პროკურორმა თემურ ცინდელიანმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა ტ. ბ-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ტ. ბ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2020 წლის 28 დეკემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ტ. ბ-ს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ტ. ბ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ ს-ის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის არსებობის შესახებ.
5. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).
6. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ს-ის რესპუბლიკა ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოა. ევროპის კავშირის წევრობისათვის კი სახელმწიფოს, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია, როგორც „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“, რომელთა თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. აღსანიშნავია, რომ ს-ის რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, ს-ის რესპუბლიკა „უსაფრთხო სახელმწიფოა“, სადაც ექსტრადიცია არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. ამდენად, არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ტ. ბ-ის მიმართ განხორციელდება დევნა, იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რისკი.
7. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო.
8. საექსტრადიციო მასალების შესწავლით ასევე ირკვევა, რომ ტ. ბ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ დაირღვევა უფლებები, მათ შორის – სამართლიანი სასამართლოს უფლება, მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული ტ. ბ-ის უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენი გამოტანილია ტ. ბ-ის დაუსწრებლად. ამ საკითხთან დაკავშირებით საქმეშია ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ტ. ბ-ს განაჩენის გაცნობის მომენტიდან მიეცემა 10-დღიანი ვადა, რათა გაასაჩივროს გადაწყვეტილება, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო ხელახლა განიხილავს მის საქმეს და ტ. ბ-ს ექნება ადვოკატის ყოლის უფლება.
9. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ტ. ბ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის რ-ის ფედერაციის მოქალაქე.
10. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების, ასევე – ჟენევის კონვენციის 1-ლი მუხლის შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტების მიზანსა და საგანს წარმოადგენს პირის დაცვა წარმოშობის სახელმწიფოდან მომდინარე დევნის საფრთხისაგან inter alia წარმოშობის სახელმწიფოში ექსტრადიციისაგან თავის შეკავების გზით. აღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტები არ აწესრიგებს პირის ექსტრადიციას მესამე (არა წარმოშობის) სახელმწიფოში. როგორც საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის ცნობიდან ირკვევა, ტიმურ ბ-ს უარი ეთქვა საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ტ. ბ-ი არის რ-ის ფედერაციის მოქალაქე, ხოლო მის ექსტრადიციას მოითხოვს მესამე, არაწარმოშობის სახელმწიფო – ს-ის რესპუბლიკა, შესაბამისად, საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის პროცესი არ წარმოადგენს ტ. ბ-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.
11. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ტ. ბ-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულთან დაკავშირებით. შესაბამისად, ტ. ბ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.
12. გარდა ამისა, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ტ. ბ-ი ბრალდებულია ს-ის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში – მძიმე დანაშაულისათვის და 15 წელში – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ტ. ბ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2019 წლის 21 ივნისს, შესაბამისად, განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის არც ს-ის რესპუბლიკის კანონმდებლობით.
13. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსტრადიციის მარეგულირებელი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ვერ იმსჯელებენ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ბრალეულობის საკითხზე, რამდენადაც ხსენებული საკითხი ექსკლუზიურად ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება. ტ. ბ-ის ბრალეულობის თაობაზე იმსჯელა ს-ის რესპუბლიკის უფლებამოსილმა სასამართლომ, რომელმაც ყველა შესაბამისი პროცედურის შესრულების შედეგად იგი დამნაშავედ ცნო ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.
14. ტ. ბ-თან ჩატარებული გასაუბრებისას მან განმარტა, რომ საქართველოში გარკვეული პერიოდულობით ცხოვრობს მამა – ც. ბ-ი, ხოლო თვითონ საქართველოში ცხოვრობს პერიოდულად, ასევე პერიოდულად ცხოვრობს რ-ის ფედერაციაში. შსს საზღვრის კვეთის მონაცემების თანახმად, რ-ის ფედერაციის მოქალაქე ც. ბ-მა 2015 წლიდან დღემდე საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა ექვსჯერ და საქართველოს ტერიტორიას ტოვებდა რამდენიმე დღეში. ამდენად, ქ. ბ-ის განმარტება მამის – ც. ბ-ის საქართველოში გარკვეული პერიოდულობით ცხოვრების შესახებ არასწორი ინფორმაციაა და სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს. ამასთან, მშობლებსა და სრულწლოვან შვილებს შორის ურთიერთობა, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა, ექსტრადიციის მიზნებისათვის არ წარმოშობს ოჯახის განუყოფლობის უფლებას. ასეთ ვითარებაში ტ. ბ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 7 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ტ. ბ-ის ს-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ს-ის რესპუბლიკის რ- კორექციული სისხლის სამართლის სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენში და დასჯადია ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 225-7, 225-5, 225-11, 225-20, 225-21, 225-24 და 225-25 (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი პროქსენეტიზმი (პროსტიტუციაში ჩართვა, პროსტიტუციის ხელშეწყობა, პროსტიტუციის იძულება სარგებლის მიღების მიზნით, ჩადენილი არაერთი დაზარალებულის მიმართ)), 450-1, 450-3 და 450-5 (დანაშაულებრივ გაერთიანებაში მონაწილეობა ისეთი დანაშაულის მომზადების მიზნით, რომელიც ისჯება 10-წლიანი პატიმრობით) და 324-1, 324-1-1, 324-3, 324-7 და 324-8 მუხლებით (ფულის გათეთრება), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ტ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 7 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი