საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №878აპ-20 თბილისი
დ-ი თ., 878აპ-20 14 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. დ-ის ადვოკატ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით თ. დ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა - 3000 ლარი, ხოლო 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით თ. დ-ისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. დ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 5 ივლისიდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით - საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. განაჩენის მიხედვით, თ. დ-ს მსჯავრი დაედო:
ü განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
ü ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებაში, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო მოხმარებისათვის ნასამართლევმა თ. დ-მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3.39 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინისა“ და 0.069 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მორფინის“ (ფუძე) შემცველი ნივთიერება, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა და რომლებიც მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2019 წლის 5 ივლისს, თ–ი, პ. ხ-ის ქუჩა №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე;
o 2019 წლის 5 ივლისს თ. დ-ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდა „ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
· საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინიტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა დავით მესტვირიშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და თ. დ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
· მსჯავრდებულ თ. დ-ის ადვოკატმა დ. ჩ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ. დ-ის გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. დ-ის ადვოკატმა დ. ჩ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. დ-ის ადვოკატ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა 2021 წლის 14 მაისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით, თ. დ-ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ თ. დ-ის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა და არ არსებობს მისი გამართლების საფუძველი, ხოლო დეტალურ მსჯელობას პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს.
3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული თ. დ-ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით („ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე 2018 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდში უკანონო მოხმარებისათვის) შეფარდებული ძირითადი სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და რომლის მოუხდელი ნაწილი შთანთქა ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა.
4. რაც შეეხება ბოლო განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თ. დ-ის მსჯავრდებას, პალატა მიუთითებს, რომ ამ დანაშულთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ აღსრულდება, ვინაიდან ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს სასჯელი ¼-ით უნდა შეუმცირდეს ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ შორის იგი არ უნდა იყოს ნასამართლევი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო მოცემულ შემთხვევაში თ. დ-ი წინა განაჩენებით ნასამართლევია როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი თ. დ-ის მიმართ ასევე ვერ აღსრულდება ბოლო განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებასთან მიმართებით, ვინაიდან ამ დანაშაულის ჩადენისათვის მას შეფარდებული აქვს ჯარიმა, რაზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება, ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ თ. დ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ აღსრულდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან მიმართებითაც, ვინაიდან ამ დანაშაულის ჩადენისათვის მას ასევე ჯარიმა აქვს შეფარდებული, ხოლო ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე „ამნისტიის შესახებ“ კანონი ვერ აღსრულდება, ვინაიდან ამ მუხლით მსჯავრდებისას თ. დ-ი წინა განაჩენით ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
7. ამავე დროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით თ. დ-ის მსჯავრდებასთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. დ-ის ადვოკატ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე, 307-ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. დ-ის ადვოკატ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებული თ. დ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით („ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე 2018 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდში უკანონო მოხმარებისათვის) შეფარდებული ძირითადი სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და რომლის მოუხდელი ნაწილი შთანთქა ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით თ. დ-ისათვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი