Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№354I-21 ქ. თბილისი

კ-ი დ-თ, 354I-21 21 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ. კ-ის (D. K.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ-ის დ. ს-დან მოწოდებული მასალების თანახმად:

2020 წლის 7 ოქტომბერს ლ-ის დ. ს-ს ლ-ის რაიონულმა სასამართლომ გამოსცა ბრძანება დ. კ-ის დაკავების შესახებ, რომლის თანახმად, დ. კ-ს ბრალი ედება ლ-ის დ. ს-ს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე და 324ა მუხლებით (დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა), 461-ე და 467-ე მუხლებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობა; 17 ეპიზოდი), 51-ე, 461-ე და 467-ე მუხლებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობის მცდელობა; 2 ეპიზოდი), 506-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ფულის გათეთრება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. 2020 წლის 19 ოქტომბერს გამოცხადდა დ. კ-ის ძებნა ინტერპოლის არხებით.

2. ლ-ის დ. ს-დან მოწოდებული მასალების თანახმად, დ. კ-ისათვის ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

დ. კ-ი გაწევრდა ლ-ის დ. ს-ს ტერიტორიაზე მოქმედ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში, რომელიც მიზნად ისახავდა სხვისი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის შედეგად მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღებას, რის შემდეგაც, 2019 წლის განმავლობაში, მონაწილეობდა აღნიშნული დაჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებში.

კერძოდ, დ. კ-ი და მისი თანამონაწილეები 2019 წლის 5 სექტემბრიდან იმავე წლის 1 ოქტომბრამდე და 2019 წლის 29 ნოემბრიდან იმავე წლის 8 დეკემბრამდე დროის მონაკვეთებში ლ-ის დ. ს-ს ტერიტორიაზე საამისოდ განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული მოწყობილობისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი პორტატული კომპიუტერის გამოყენებით ან/და ავტომანქანის მინის ჩამსხვრევის გზით, ფარულად დაეუფლნენ „Land Rover-ის“, „Lexus-ისა“ და „Tuyota-ს“ მარკის, სხვების კუთვნილ 17 ავტომანქანას. ამასთან, 2 შემთხვევაში მოცემულმა პირებმა დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანეს, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

გარდა ამისა, დროის მითითებულ პერიოდში დ. კ-მა და მისმა თანამონაწილეებმა წინასწარი შეცნობით კანონიერი სახე მისცეს ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის შედეგად მიღებულ უკანონო ქონებასა და მათი გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს (ქონების შეძენა, ფლობა და გამოყენება), მათი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით.

3. აღწერილი ქმედება დასჯადია ლ-ის დ. ს-ს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე და 324ა მუხლებით (დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, 461-ე და 467-ე მუხლებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობა; 17 ეპიზოდი), 51-ე, 461-ე და 467-ე მუხლებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობის მცდელობა; 2 ეპიზოდი), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ლ-ის დ. ს-ს სისხლის სამართლის კოდექსის 506-ე მუხლით (ფულის გათეთრება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას

4. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ქურდობის მცდელობა, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ); ამასთან, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილი – 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ასევე – საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამრიგად, დ. კ-ის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე ლ-ის დ. ს-ს კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.

5. 2020 წლის 27 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ექსტრადიციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს დ. კ-ი.

6. 2020 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დ. კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

7. 2020 წლის 7 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი დ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2020 წლის 28 ნოემბრის განჩინების შეცვლის შესახებ.

8. 2021 წლის 4 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო დ. კ-ის ექსტრადიციის თაობაზე ლ-ის დ. ს-ს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

9. 2021 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დ. კ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2021 წლის 27 მაისამდე.

10. 2021 წლის 2 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი დ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინების შეცვლის შესახებ.

11. ამჟამად დ. კ-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-პენიტენციურ დაწესებულებაში.

12. 2021 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა დ. კ-ის ლ-ის დ. ს-ში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ლ-ის დიდ საჰერცოგოდან მოწოდებულ მასალებში.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2021 წლის 5 მაისის განჩინებით დასაშვებად ცნო დ. კ-ის ლ-ის დ. ს-ში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ლ-ის დ. ს-ს ლ-ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის დაკავების შესახებ ბრძანებაში და დასჯადია ლ-ის დ. ს-ს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე და 324ა მუხლებით (დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა), 461-ე და 467-ე მუხლებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობა; 17 ეპიზოდი), 51-ე, 461-ე და 467-ე მუხლებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობის მცდელობა; 2 ეპიზოდი), 506-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ფულის გათეთრება).

14. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 მაისის განჩინების გაუქმებასა და ლ-ის დ. ს-ში დ. კ-ის ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას იმ მოტივით, რომ დ. კ-ი დაბადებით არის საქართველოს მოქალაქე დ. კ-; დედის გვარზე (კ-ზე) მისი გადასვლა და უ-ის მოქალაქეობის მიღება მოხდა ერთადერთი მიზნით, რათა მის უფროს ვაჟს ჰქონოდა უ-ის წამყვან საფეხბურთო გუნდში ჩარიცხვის შესაძლებლობა; დ. კ-ს შეტანილი აქვს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სახელზე საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით; გარდა ამისა, ჰუმანიტარული სტატუსის მოთხოვნაზე შსს მიგრაციის დეპარტამენტის უარი გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით. დ. კ-მა თავისი შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოში და დღესაც აქ გააჩნია საკუთარი ბიზნესი; საქართველოს მოქალაქეები არიან და დღესაც საქართველოში ცხოვრობენ მისი მეუღლე ი. გ. და 4 შვილი, რომელთაგან 2 არასრულწლოვანია, ხოლო ერთ-ერთი ქალიშვილი არის სტუდენტი და სწავლობს ს-ის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში; სწორედ მასთან სისტემატური კონტაქტის მიზნით უხდებოდა დ. კ-ს ხშირი ვიზიტები ევროპაში და მათ შორის – გავლით ლ-იც; ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ფიქსირდება მისი საბანკო ბარათი და ზოგჯერ – მობილური ტელეფონი, რამაც გაუჩინა ეჭვი ლ-ის სამართალდამცავ ორგანოებს, რომ სხვა პირებთან ერთად დ. კ-იც მონაწილეობდა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების რაღაც ეპიზოდებში; თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე ეპიზოდში, რომლის ჩადენაშიც სხვებთან ერთად ბრალი წარედგინა დ. კ-ს, მისი ყოფნა ფიქსირდება არა ლ-ში, არამედ სრულიად სხვა ქვეყნებში (პ-ში, უ-ში). ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ ლ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა დამყარებულია მცდარ და დაუსაბუთებელ ბრალდებებზე; ამასთან, ე.წ. „დანაშაულებრივი ჯგუფის“ წევრებიდან, რომელსაც ლ-ის სამართალდამცავი ორგანოები მიაკუთვნებენ დ. კ-საც, დღეისათვის უმრავლესობა გათავისუფლებულია გირაოთი.

15. პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა დ. კ-ის ლ-ის დ. ს-ში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. დ. კ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2020 წლის 27 ნოემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ დ. კ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ ლ-ის დ. ს-ში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ბრალდების აშკარა დაუსაბუთებლობის ან/და ბრალდების მიღმა არასათანადო მოტივაციის საფუძვლით ექსტრადიციის დაუშვებლობის საკითხი სამართლიანი განხილვის უფლების კონტექსტში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება წარმოიშვას, კერძოდ: თუ პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და ის აშკარად დაუსაბუთებელია; ბრალდება აშკარად სცილდება სისხლის სამართლის ჩარჩოებსა და მიზნებს ან/და კანონის აშკარად განუჭვრეტად განმარტებას ეყრდნობა და ბრალდების მოტივაცია აშკარად არასათანადოა. ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებების დასაშვებობისა და სარწმუნოობის შეფასებისა და ბრალდების შინაარსობრივი დასაბუთებულობის ხარისხი, თუ სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ საკითხებზე არ აღწევს აშკარა არაგონივრულობის ან უკანონობის ზღვარს, არ ექცევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დაცვის სფეროში. მოცემულ საქმეში ასეთი მოცემულობა არ იკვეთება. საგულისხმოა ისიც, რომ ლ-ის დ. ს-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი ნორმები არ ითვალისწინებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებას. ექსტრადიციის პროცესში ექსტრადიციის განმახორციელებელ სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილება, იმსჯელოს პირის ბრალეულობაზე, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა საქართველოსა და ლ-ის დ. ს-ოს შორის ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას.

5. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).

6. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ლ-ის დ. ს. ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოა. ევროპის კავშირის წევრობისათვის კი სახელმწიფოს, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია, როგორც „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“, რომელთა თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. აღსანიშნავია, რომ ლ-ის დ. ს-ს მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, ლ-ის დ. ს. „უსაფრთხო სახელმწიფოა“, სადაც ექსტრადიცია არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს, რის გამოც არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ლ-ის დ. ს-ში ექსტრადიციის შემთხვევაში დ. კ-ის მიმართ განხორციელდება დევნა, იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რისკი.

7. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო.

8. საექსტრადიციო მასალების შესწავლით ასევე ირკვევა, რომ დ. კ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ ლ-ის დ. ს-ში ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა მისი უფლებები, მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული დ. კ-ის უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს პროკურატურამ ასევე ვერ მოიძია დ. კ-ის დევნის მიმანიშნებელი ვერანაირი ინფორმაცია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებშიც.

9. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით დ. კ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის უ-ის მოქალაქე.

10. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს. როგორც საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის ცნობიდან ირკვევა, დ. კ-ს 2021 წლის 12 იანვარს უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. იგი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და მას საქართველოში თავშესაფარი არა აქვს. დ. კ-ი არის უკრაინის მოქალაქე, ხოლო მის ექსტრადიციას მოითხოვს მესამე, არაწარმოშობის სახელმწიფო – ლ-ის დ. ს-, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის პროცესი არ წარმოადგენს დ. კ-ის ლ-ის დ. ს-ში ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.

11. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება დ. კ-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულთან დაკავშირებით. შესაბამისად, დ. კ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.

12. გარდა ამისა, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც დ. კ-ი ბრალდებულია ლ-ის დ. ს-ში, საქართველოს კანონმდებლობით მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, ხოლო 30 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. დ. კ-ისათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, სავარაუდოდ, განხორციელდა 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე დროის მონაკვეთში, ხოლო დ. კ-ის დაკავების ბრძანება გამოიცა 2020 წლის 7 ოქტომბერს. შესაბამისად, მოცემულ დანაშაულებთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ლ-ის დ. ს-ს კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული საექსტრადიციო მასალებისა და ლ-ის დ. ს-ს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 637-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 10 წლით და აითვლება დანაშაულის ჩადენის დღიდან. ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის არც ლ-ის დ. ს-ს კანონმდებლობით.

13. როგორც დ. კ-მა 2021 წლის 4 თებერვალს, გასაუბრებისას განმარტა, საქართველოში ცხოვრობენ მისი მშობლები, მეუღლე და სამი შვილი, ხოლო ერთი შვილი ამჟამად ცხოვრობს და სწავლობს ს-ში. დ. კ-ის განმარტებით, იგი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, დაკავებამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თ-ში, ჭ-ის გამზირზე, დაკავებული იყო ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვით; მეუღლე და შვილები იმყოფებიან მის კმაყოფაზე; ლ-ში არ ჰყავს ოჯახის წევრები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისათვის სახელმწიფოთა შორის არსებული თანამშრომლობა ექსტრადიციის საკითხებზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში თუ გადაწონის კანონიერ მიზანს, რომელსაც პირის ექსტრადიცია ემსახურება. ანალოგიურ შემთხვევებში უფლების შეზღუდვის თანაზომიერების (პროპორციულობის) შესაფასებლად სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული ბრალდებების სიმძიმე და უფლების შეზღუდვის ხარისხი. ასეთ ვითარებაში, მიუხედავად დ. კ-ის ლ-ის დ. ს-ში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვისა, მოცემულ შემთხვევაში ეს შეზღუდვა დასახული ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერია (პროპორციულია). დ. კ-ი ლ-ის დ. ს-ში მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დანაშაულთა ერთობლიობისათვის, მათ შორის – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრანსნაციონალური ხასიათის დანაშაულია. გარდა ამისა, მის მიმართ ბრალად წარდგენილია სერიოზული ხასიათის სხვა დანაშაულების ჩადენაც.

14. საქართველოს შსს საზღვრის კვეთის დეპარტამენტის მონაცემებით, დ. კ-ის მეუღლესა და შვილს აქვთ საზღვარგარეთ, მათ შორის – ევროპის სახელმწიფოებში მოგზაურობის ისტორია, რაც იმას მოწმობს, რომ, სურვილის შემთხვევაში, ისინი შეძლებენ ლ-ის დ. ს-ში მოგზაურობასა და დ. კ-ის მონახულებას.

15. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დ. კ-ის ლ-ის დ. ს-ში ექსტრადიცია აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების მიზნებისათვის და მისი ოჯახური ცხოვრების უფლება ვერ გადაწონის იმ ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც მიიღწევა მისი ექსტრადიციის შემთხვევაში. ამდენად, დ. კ-ის ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი დ. კ-ის ლ-ის დ. ს-ში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ლ-ის დ. ს-ს ლ-ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის დაკავების შესახებ ბრძანებაში და დასჯადია ლ-ის დ. ს-ს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე და 324ა მუხლებით (დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა), 461-ე და 467-ე მუხლებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობა; 17 ეპიზოდი), 51-ე, 461-ე და 467-ე მუხლებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობის მცდელობა; 2 ეპიზოდი), 506-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ფულის გათეთრება), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი