საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №881აპ-20 თბილისი
შ-ი ვ., 881აპ-20 14 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. შ-ის ადვოკატ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ვ. შ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (8.829 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერების შეძენასა და შენახვაში) და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა წინა - რ-ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ვ. შ-ისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. შ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 5 მარტიდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. განაჩენის მიხედვით, ვ. შ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში: ვ. შ-მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2019 წლის 5 მარტს, თ-ში, რ-ის გ-ის №-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. შ-ის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, 4 ცალად დაფასოებული, 8,829 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
· თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინიტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გენადი ბაღდასაროვმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ვ. შ-ისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
· მსჯავრდებულმა ვ. შ-მა და მისმა ადვოკატებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ. შ-ის გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. შ-ის ადვოკატმა მ. ჩ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას.
6. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს სტაჟიორი ნიკა მენთეშაშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. შ-ის ადვოკატ მ. ჩ-ის საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. შ-ის ადვოკატ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა 2021 წლის 14 მაისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, ვ. შ-ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ვ. შ-ის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა და არ არსებობს მისი გამართლების საფუძველი, ხოლო დეტალურ მსჯელობას პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს.
3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული ვ. შ-ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით („ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე ორ - 2015 წლის 27 აგვისტოსა და 14 სექტემბრის ეპიზოდებში უკანონო მოხმარებისათვის) შეფარდებული ძირითადი სასჯელების - 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით (რომლის მოუხდელი ნაწილი შთანთქმული აქვს რ-ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს).
4. რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ. შ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებას, პალატა მიუთითებს, რომ ამ დანაშულთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ აღსრულდება, ვინაიდან ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს სასჯელი ¼-ით უნდა შეუმცირდეს ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ შორის იგი არ უნდა იყოს ნასამართლევი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ვ. შ-ი წინა განაჩენებით ნასამართლევია როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
5. გარდა ამისა, რ-ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ვ. შ-ის მსჯავრდებასთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. შ-ის ადვოკატ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე, 307-ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. შ-ის ადვოკატ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებული ვ. შ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით („ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე ორ - 2015 წლის 27 აგვისტოსა და 14 სექტემბრის ეპიზოდებში უკანონო მოხმარებისათვის) შეფარდებული ძირითადი სასჯელების - 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით (რომლის მოუხდელი ნაწილი შთანთქმული აქვს რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს);
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით ვ. შ-ისათვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი