3კ-1323-02 28 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ქ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ 1997წ. მარტში მიწის რეფორმის კომისიამ მას მისცა მიწის ნაკვეთი შევსების სახით, მიწის რეფორმამდე ჰქონდა 0,95 ჰა მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან, ხოლო რეფორმის დროს შევსების სახით მისცეს 0,30 ჰა ცალკე, რაც დასტურდება მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹249 აქტით. მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან თ. ჩ-მა მიითვისა 0,10 ჰა და არ უბრუნებს უკან. მოსარჩელემ მოითხოვა თ. ჩ-ის უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა.
მოპასუხე თ. ჩ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი საკომლო წიგნში გატარებულია თავის სახელზე და წარმოადგენს თავის საკარმიდამო ნაკვეთს, რაც არავის არ ჩამოურთმევია.
თიანეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი თ. ჩ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა თ. ჩ-ი, რომელსაც უწყება ჩაბარდა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. გაუქმდა თიანეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა გ. ქ-ის სარჩელი და მას დაუბრუნდა თ. ჩ-ის უკანონო მფლობელობაში არსებული 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი.
თ. ჩ-მა საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და აღნიშნა, რომ მას სასამართლოდან სხდომის ჩატარების თარიღის შესახებ არავითარი შეტყობინება არ მიუღია. მეზობელმა დეპეშა გადასცა დაგვიანებით 2001წ. 22 ივნისს.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბერს განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. ჩ-ის საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001წ. 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია თიანეთიდან გამოგზავნილი დეპეშა, საიდანაც ირკვევა, რომ ჩ-სა და ქ-ს შეტყობინება ჩაბარდათ. შეტყობინებაში მითითებული იყო მხარის გამოუცხადებლობის შედეგებზეც. პალატის განმარტებით, რ. ჩ-მა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ სასამართლო უწყება სხდომის თაობაზე არ ჩაბარდა, არც ის მტკიცებულება არსებობს, რომელიც სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად იქნება მიჩნეული.
აღნიშნული განჩინება თ. ჩ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
კასატორი აღნიშნავს, რომ მას უწყება სხდომის დღის შესახებ არ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. მის სახელზე გამოგზავნილი უწყება მისთვის გადასაცემად ჩაბარდა თანასოფლელ ნ. ზ-ს, რომელსაც უწყების გადაცემა დაავიწყდა და გადასცა დაგვიანებით. აღნიშნულის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
2003წ. 23 მაისს საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გ. ქ-ის მეუღლემ _ რ. ქ-მა წარმოადგინა გ. ქ-ის გარდაცვალების ცნობა, რის გამოც უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ 2003წ. 23 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეზე შეაჩერა საკასაციო წარმოება გ. ქ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
2004წ. 6 მაისს გ. ქ-ის მეუღლემ რ. ქ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოების განახლების შესახებ.
საკასაციო პალატამ სსკ-ის 283-ე მუხლის თანახმად, 2004წ. 6 მაისის განჩინებით განაახლა საქმის წარმოება და დაადგინა თ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა ზეპირი განხილვის გარეშე, მხარეთა დაუსწრებლად, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე თ. ჩ-ი. აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
სსკ-ის 387-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდა, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივრის ახსნა-განმარტებას.
ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქმეში არსებობს დეპეშა, სადაც მითითებულია, რომ ჩ-სა და ქ-ს სასამართლო შეტყობინება პირადად ჩაბარდათ.
ის გარემოება, რომ თ. ჩ-ს უწყება გადასცეს დაგვიანებით, საქმის მასალებით არ დასტურდება. კასატორმა ვერ წარმოადგინა ის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით და ამის შესახებ არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ თ. ჩ-ი სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 14 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.