¹ბს-1307-883 (კ-05) 1 აგვისტო, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ქალაქ ბათუმის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. დ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივნისის განჩინება.
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 7 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. დ-ემ მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმის მერიისათვის მის სასარგებლოდ 22289 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
ქ. ბათუმში, .......... ქ. ¹27-ში მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს 135 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. შპს “კ-ის” მიერ გაცემული დასკვნის თანახმად ფართზე გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 22289 ლარი. აღნიშნული ფართობი 2004 წლის 26 იანვარს მოსარჩელემ ოთხი თვის ვადით იჯარით გადასცა სახალხო მოძრაობა “ჩ-ას”. მაისის თვეში მომხდარი მოვლენების შედეგად დარბეულ იქნა არაერთი ოპოზიციური მოძრაობის ოფისი, მათ შორის, აღნიშნულ ფართში განთავსებული “ჩ-ას” ოფისი, მთლიანად დაილეწა და განადგურდა შენობის ფასადი და შიგ ჩატარებული რემონტი. მოსარჩელის მოსაზრებით, ვინაიდან იყო ფორსმაჟორული მდგომარეობა, მიყენებული ზიანი უნდა აენაზღაურებინა სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიას. მოსარჩელის მითითებით, “კ-ასა” და სხვა ორგანიზაციებისათვის იმ დროს მიყენებული ზიანი მთლიანად იქნა ანაზღაურებული ქ. ბათუმის მერიის მიერ. (ს.ფ. 2-9)
საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელის ფასი შეამცირა და მოითხოვა ბათუმის მერიისათვის 7000 აშშ დოლარის ეკვილვალენტი ლარის გადახდის დაკისრება. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. (ს.ფ. 15-16)
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათუმის მერიას მის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლო მიიჩნია, რომ სარჩელი დასაბუთებული იყო და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. (ს.ფ. 17-20)
საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ. ბათუმის მერიამ და მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად და არასრულად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა. უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, თითქოს ბათუმის ადგილობრივ თვითმმართველობას ეჭვი შეაქვს აუდიტის დასკვნაში თანხის ოდენობაზე და სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ თანხა სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში ქ. ბათუმის ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა აანაზღაუროს, ვინაიდან მათ საერთოდ უსაფუძვლოდ მიაჩნიათ თანხის ანაზღაურების ადგილობრივი თვითმმართველობისათვის დაკისრება, რადგან ზიანის დადგომაში მათ არანაირი ბრალი არ მიუძღვით და ასეთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. სასამართლოს გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მითითებული კანონის რაიმე ნორმაზე, რომლის შესაბამისადაც მოხდა თანხის დაკისრება, რითაც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. (ს.ფ. 21-22)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივნისის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ........... ქ. ¹27-ში მდებარე 135 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 2002 წლის 24 დეკემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹217-ა მოწმობის თანახმად საკუთრების უფლებით ეკუთვნის ი. დ-ეს, რომელმაც 2004 წლის 26 იანვრის საიჯარო ხელშეკრულებით ზემოაღნიშნული ფართი 4 თვის ვადით გადასცა სახალხო მოძრაობა “ჩ-ას”. 2004 წლის მაისში აჭარაში მომხდარი საყოველთაოდ ცნობილი მოვლენების შედეგად დარბეულ იქნა არაერთი ოპოზიციური მოძრაობის ოფისი, მათ შორის, ი. დ-ის საკუთრებაში არსებული ფართი. აღნიშნული ფართი მთლიანად იქნა დარბეული, განადგურდა ახლადგაკეთებული რემონტი შიგ განთავსებული ავეჯით.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ ვინაიდან ი. დ-ეს ზიანი მიადგა აჭარაში იმ დროს არსებული ცნობილი მოვლენების დროს და ეს იყო ფორსმაჟორული სიტუაცია, ამიტომ ზიანი უნდა აანაზღაუროს სახელმწიფომ, მოცემულ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ, რომელმაც ვერ უზრუნველყო სათანადო წესრიგის დაცვა ქალაქის ტერიტორიაზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მათ ბრალი არ მიუძღოდათ ზიანის დადგომაში, რადგანაც სასამართლოს ვერ წარმოუდგინეს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. (ს.ფ. 50-52)
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადოდ შეფასების თაობაზე, რაც იმაში გამოიხატა, რომ სასამართლოს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, მოსარჩელის მიერ იჯარით გაცემული არასაცხოვრებელი ფართის დარბევაში ზიანის მიმყენებლად ეცნო ქ. ბათუმის მერია, რადგანაც საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვებოდა. კასატორის აზრით, სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა მოსაზრება, თითქოს შექმნილი მდგომარეობა იყო ფორსმაჟორული სიტუაცია და ზიანი უნდა აანაზღაუროს სახელმწიფომ, ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც ვერ უზრუნველყო სათანადო წესრიგის დაცვა ქალაქის ტერიტორიაზე. სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მოსაზრება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო.
სასამართლოს მოსაზრება, თითქოს აპელანტებმა ვერ წარადგინეს სათანადო მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მათ ბრალი არ მიუძღოდათ ზიანის დადგომაში, ყოვლად უსაფუძვლო იყო, რადგანაც პროცესუალურად მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ ბათუმის მერიას ზიანის დადგომაში რაიმე ფორმით ბრალი მიუძღოდა, თავიდანვე ეკისრებოდა მოსარჩელეს.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არ იყო მატერიალური სამართლის არც ერთ ნორმაზე, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა და მივიდა საბოლოო დასკვნამდე, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სათანადო კანონების მითითების თაობაზე.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 992-ე მუხლები, კერძოდ, არ გაითვალისწინა, რომ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულია პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს. სხვა შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობისათვის კოდექსი განმარტავს, რომ აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშვება ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ზემოხსენებული მუხლების გამოყენების შემთხვევაში სასამართლოს, შესაძლოა, გამოეტანა გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
კასატორის მითითებით, მთლიანობაში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტში გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. (ს.ფ. 55-56)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სრულიად დაუსაბუთებელია და არ შეიცავს გამოტანილი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის დამასაბუთებელ არგუმენტებს, სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს კანონის ნორმაზე, რის საფუძველზეც საქმეზე გამოიტანა მოცემული განჩინება.
საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მსჯელობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით გამოტანის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ განიცადა მატერიალური ზიანი 7000 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა აღნიშნული დასკვნა. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დაასაბუთა, თუ რა მტკიცებულებებსა და საქმის რა მასალებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განადგურდა ახლადგაკეთებული რემონტი, მაგრამ საქმის მასალებით არ დგინდება, მოხდა თუ არა მიყენებული ზიანის შეფასება. საქმეში წარმოდგენილია დარბევამდე ორი წლით ადრე ჩატარებული რემონტის აუდიტორული შეფასება, მაგრამ რა მტკიცებულებებით დასტურდება მიყენებული ზიანის ოდენობა დარბევის მომენტისთვის, საქმეში წარმოდგენილი არ არის. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასევე მიუთითა, რომ ოფისის დარბევის დროს განადგურდა ავეჯი, მაშინ როდესაც, სასარჩელო განცხადებასა და სხდომის ოქმში ავეჯი არსად არის ნახსენები და საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, თუ რა ავეჯი იქნა განადგურებული და რა ოდენობის ზიანი მიადგა ამით მოსარჩელეს.
საყურადღებოა ასევე, რომ, სასარჩელო განცხადების თანახმად, ი. დ-ეს სახალხო მოძრაობა “ჩ-ისათვის” იჯარით გადაცემული ჰქონდა მისი კუთვნილი 135 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი მდებარე ბათუმში, ......... ქ. ¹27-ში (ს.ფ. 2-4), რაც გაზიარებულია პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ, მაშინ როდესაც იჯარის ხელშეკრულებაში მითითებულია 94,5 კვ.მ არასაცხოვრელი ფართის საიჯარო ქონების თაობაზე (ს.ფ. 5). სასამართლომ არ გამოარკვია, რით არის გამოწვეული აღნიშნული უსწორობა (40 კვ.მ ფართი), რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მიყენებული ზიანის ოდენობის დასადგენად, კერძოდ: სახალხო მოძრაობა “ჩ-ისათვის” გადაცემული იყო მთლიანი (135 კვ.მ) ფართი, თუ მისი ნაწილი (94.5 კვ.მ), ზიანი მიადგა მთელ ფართს, როგორც სარჩელშია მითითებული, თუ _ ნაწილს.
სააპელაციო სასამართლომ, ფაქტობრივად, მტკიცების მთელი ტვირთი გადააკისრა მოპასუხე ქ. ბათუმის მერიას, რითაც უგულებელყოფილ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 პუხლში განმტკიცებული მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებული მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია არა მარტო ფაქტობრივი, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისითაც. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა მატერიალური სამართლის არც ერთ ნორმაზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტისა და 412-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხალახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებისა და სამოქალაქო კოდექსის 992 მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით სწორად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები _ ზიანის მიყენების ფაქტი, დამდგარი ზიანის ოდენობა, ზიანის მიმყენებლის განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედება ან უმოქმედობა, მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის მოქმედებას ან უმოქმედობასა და დამდგარ ზიანს შორის. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ ვის მიერ არის მიყენებული ზიანი, ვის ევალებოდა წესრიგის უზრუნველყოფა ქალაქის ტერიტორიაზე, რომელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ან უმოქმედობით მიადგა ზიანი მოსარჩელეს და რამდენად სათანადო მოპასუხის მიმართ არის აღძრული სარჩელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში 25.11.2005წ. შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით საქმეს განსახილველად გადასცემს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
3. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.