საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№53აპ-21 ქ. თბილისი
ა-ი ნ-რ, 53აპ-21 27 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ნ. ა-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2020 წლის 30 ივნისიდან იმავე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ნ. ა-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ-ში, ქ-ს მ-ე ქუჩის №-ში, ნ. ა-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორსულ მეუღლეს – ლ. თ-ს, კერძოდ, უკანა ტანზე რამდენჯერმე დაარტყა ფეხი. ნ. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად ლ. თ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. ა-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, მსჯავრდებულ ნ. ა-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება და მონანიება, დაზარალებულთან შერიგება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობით სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, ნასამართლობის არქონა, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა) მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია. ამასთან, სასჯელის მიზანია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ სათანადო და ადეკვატური რეაგირება დანაშაულის შემთხვევაზე.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი