საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№102აპ-21 ქ. თბილისი
გ-ე გ-ი, 102აპ-21 28 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენით გ. გ-ე, – - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 23 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2020 წლის 4 მაისიდან იმავე წლის 11 მაისის ჩათვლით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 4 მაისს, დღის საათებში, კ-ის რაიონის სოფელ თ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აივნის ქვეშ, გ. გ-ემ, საყოფაცხოვრებო საკითხზე მომხდარი შელაპარაკების დროს, ყოფილ მეუღლეს – თ. თ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე ხელი წაუჭირა ყელში და კედელზე თავი მიარტყმევინა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ს. ხ. ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. გ-ისათვის განსაზღვრული სასჯელის მთლიანად პირობითად ჩათვლას ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნახევრის პირობითი მსჯავრით შეცვლას.
5. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი კრავეიშვილი შესაგებლით ითხოვს ადვოკატის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით – მსჯავრდებულ გ. გ-ისათვის სასჯელის სრულად ან ნახევრის პირობითად ჩათვლის შესახებ – პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ გ. გ-ეს, საკასაციო პალატის აზრით, დაუნიშნა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება ან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, რაც ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის მიზნებს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ სერგო ხურციძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი