საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1015აპ-20 ქ. თბილისი
თ-ი გ., 1015აპ-20 19 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით გ. თ-ი, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა გ. თ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენით გაუქმდა: გ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 4 ნოემბრიდან 2020 წლის 10 ივლისის ჩათვლით.
2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. თ-მა ჩაიდინა: ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
3. გ. თ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის განაჩენით გ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის განაჩენით გ. თ-ს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი მოიხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
· 2019 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 22:05 საათზე, თ-ში, ვ-ის ზ. პ-ში, №- და №- კორპუსების მიმდებარედ, გ. თ-ი, წინასწარი შეთანხმებით მ. ს-თან ერთად, ჯგუფურად შეეცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა შპს „ვ-ი დ-ის“ კუთვნილ ლითონის 15 დეტალს, რის შედეგადაც შპს „ვ-ი დ-ს“, შესაძლოა, მისდგომოდა ჯამურად 148 ლარისა და 50 თეთრის ქონებრივი ზიანი.
4. მსჯავრდებულ გ. თ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. თ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივებით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო განაჩენი, რადგან არ არსებობს საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ. თ-ის ბრალეულობაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია გ. თ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ცალსახა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოსურათებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2019 წლის 22 ოქტომბრის №-- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის – იმ მოწმეების ჩვენებები, რომლებმაც წაასწრეს გ. თ-ს დანაშაულის ჩადენისას, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით იძლევიან თანმიმდევრულ და ამომწურავ ჩვენებებს და უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შესაძლოა, შეინიშნებოდეს მათ მონათხრობში, მთლიანობაში ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას. ამასთან, რაიმე გარემოება, რაც მოწმეების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
7. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენით დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც გ. თ-ი დამნაშავედ ცნო მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი