Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№54აპ-21 ქ. თბილისი

ლ-ე გ-მ, 54აპ-21 27 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის – დავით ჯინჭველაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ლ-ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. ვ-ში, ა-ის ქ. №--ში მცხოვრებმა, ნასვამმა გ. ლ-ემ ეჭვიანობისა და საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის, 2008 წლის 31 მაისს დაბადებული ა. ლ-ის თანდასწრებით, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ. ლ-ეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მარჯვენა ხელის დარტყმით სახის არეში. ძალადობრივი ქმედების შედეგად მ. ლ-ეს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

· 2019 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 17:40 საათზე, ქ. ვ-ში, ა-ის ქ. №--ში მცხოვრებმა, ნასვამმა გ. ლ-ემ ეჭვიანობისა და საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის, 2008 წლის 31 მაისს დაბადებული ა. ლ-ის თანდასწრებით, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ. ლ-ეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მარჯვენა ხელის დარტყმით სახისა და ტანის არეში. ძალადობრივი ქმედების შედეგად მ. ლ-ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ივლისის განაჩენით გ. ლ., –– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ორივე ეპიზოდში). გამართლებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან; მასვე განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დავით ჯინჭველაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და გ. ლ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №643აპ-18).

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ. ლ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ლ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა მ. ლ-ემ (ბრალდებულის მეუღლემ) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ხოლო არასრულწლოვანმა მოწმემ – ა. ლ-ემ სასამართლოს განუმარტა, რომ შემთხვევის დღეს ნასვამი გ. ლ. ხმამაღლა ესაუბრებოდა მ. ლ-ეს, შემდეგ რაღაცის ასაღებად გაიქნია ხელი, რომელიც შემთხვევით მოხვდა დედას ცხვირში და სისხლი წამოუვიდა, თვითონ კი მამის ყვირილის გამო ძალიან შეეშინდა და დარეკა 112-ზე, რადგან სკოლაში მასწავლებლებმა აუხსნეს, რომ, თუ რამის შეეშინდებოდათ, მაშინვე დაერეკათ ამ ნომერზე; მას ეგონა, რომ მამას მხოლოდ გააფრთხილებდნენ, რომ აღარ ეყვირა. მოწმემ აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტი მოხდა მხოლოდ ერთხელ და მამას ოჯახის წევრებისათვის არასოდეს მიუყენებია ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 2 იანვრის №- დასკვნის თანახმად, „მ. ლ-ეს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებულ სხვა მტკიცებულებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა, არ არის გამყარებული არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით და უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ დავით ჯინჭარაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი