Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№104აპ-21 ქ. თბილისი

ლ-ე ა., 104აპ-21 31 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ლ-ემ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 2 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს ქ. თ-ის პოლიციის დეპარტამენტის ი-ის სამმართველოს მე-- განყოფილების თანამშრომლებმა გამოსცეს №- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც, მოძალადეს – ა. ლ-ეს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან – ო. კ-თან მიახლოება, კერძოდ, ა. ლ-ეს აეკრძალა მიახლოება იმ ადგილას, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, შესაძლოა, იმყოფებოდეს, ასევე მის სამსახურთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

· 2019 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 20:15 საათზე, ა. ლ. მივიდა ქ. თ-ში, ბ. ხ-ის ქუჩის მე-- კორპუსის ბინა №--ში მცხოვრები ნაცნობის – ზ. ჭ-ის საცხოვრებელ ბინაში, რომლის აივანი ემიჯნება ო. კ-ის საცხოვრებელი სახლის აივანს, გავიდა აივანზე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ო. კ-ს. აღნიშნული ქმედებით ა. ლ-ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 22 აპრილის განაჩენით ა. ლ., - – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 6 აგვისტოდან.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ლ-ემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით იგი ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. საქმის მასალებით არ დასტურდება და, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ა. ლ. უდანაშაულოა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით ა. ლ-ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა უტყუარად არის დადასტურებული, კერძოდ: №-- შემაკავებელი ორდერით (რომლის ჩაბარებას ხელმოწერით ადასტურებს ა. ლ.) დასტურდება, რომ ა. ლ-ეს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან – ო. კ-თან მიახლოება. სატელეფონო გასაუბრების შესახებ ოქმის მიხედვით, 2019 წლის 2 აგვისტოს გამომძიებელი ე. გ. ტელეფონით დაუკავშირდა ა. ლ-ეს და შეატყობინა, რომ მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. დაზარალებულმა ო. კ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერისას პოლიციის თანამშრომელი ტელეფონით დაუკავშირდა ა. ლ-ეს და შეატყობინა მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გაცემის თაობაზე. მოწმე ნ. კ-ის ჩვენებით, 2019 წლის 5 აგვისტოს მან გააფრთხილა ბრალდებული შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისა და პოლიციის გამოძახების შესახებ, რის გამოც ა. ლ-ემ მას და მის შვილს გინება და მუქარა დაუწყო. მეზობლებისათვის ბრალდებულის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაადასტურა მოწმე ზ. ჭ-ემ.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის ადვოკატმა იმავე მოტივებითა და მოთხოვნით გაასაჩივრა სააპელაციო წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 22 აპრილის განაჩენი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაცვის მხარეს ამომწურავად უპასუხა საჩივრის არგუმენტებზე, ხოლო საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული რაიმე ახალი გარემოების ან ფაქტის შესახებ, რაც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან შეფასებას. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს და შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა აღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ფომინი მოლდოვას წინააღმდეგ“ (Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31; ECtHR,11/11/2011)). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, N49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001)).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი