Facebook Twitter

3კ-645 4 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1982 წელს ვ. პ-ს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად გამოეყო ქ. თბილისში, ... მდებარე ¹22 სამოთახიანი ბინა, რომელიც ირიცხებოდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ¹2 საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის სახლმმართველობის ბალანსზე.

1992წ. 17 დეკემბერს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ვ. პ-ი აღირიცხა აღნიშნული ბინის მესაკუთრედ, შემდგომში ვ. პ-ის ბინა უნებართვოდ დაიკავა პოლკოვნიკმა ა. კ-მა.

1999წ. აგვისტოში ვ. პ-მა სასამარრთლოში სარჩელი აღძრა მისი კუთვნილი ბინიდან ა. კ-ის გამოსახლების შესახებ.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 28 ივნისის განჩინებით ა. კ-ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ა. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვდა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ იყო ჩაბმული სათანადო მხარე _ თავდაცვის სამინისტრო, რის გამოც განხილვის გარეშე დარჩა სადავო ბინის პრივატიზაციის უკანონოდ განხორციელების საკითხი. გამოირკვა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრული იყო ვ. პ-ის ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. კასატორმა იშუამდგომლა ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბინიდან გამოსახლების საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 10 ნოემბრის განჩინებით.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ვ. პ-ის მიმართ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო პალატის განჩინება.

სადავო ბინის პრივატიზაციის ბათილად ცნობის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გახდა ბინიდან გამოსახლების საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

1992წ. 27 დეკემბერს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თბილისში, ... მდებარე ¹22 ბინის მესაკუთრეა ვ. პ-ი.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ვ. პ-ის მიმართ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შესულია კანონიერ ძალაში.

ა. კ-მა სადავო ბინა დაიკავა მესაკუთრის ნებართვის გარეშე.

სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

დადგენილია ის გარემოება, რომ ვ. პ-ს არ გააჩნდა სადავო ბინის ფლობის უფლება. მოსარჩელის მოთხოვნა ამ ბინიდან მოპასუხის გამოსახლების შესახებ ემყარება კანონიერ საფუძველს, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით სწორად იქნა დაკმაყოფილებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 28 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.