საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №943აპ-20 ქ. თბილისი
ნ-ი ა-ე, 943აპ-20 24 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ნ-ს ბრალად ედებოდა: განზრახ მკვლელობის მცდელობა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნებისა და ორი პირის მიმართ; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ-ში, . ყ-ის გამზ. №--თან მდებარე “--“, თ-ის - სკოლის მოსწავლეები – ა. ნ-ი, ლ. ხ-ა და ბ. ა-ე სასწავლო წლის ბოლოს გასამართ სკოლის ბანკეტთან დაკავშირებით სასაუბროდ შეხვდნენ ამავე სკოლის მოსწავლეებს – თანაკლასელ ნ. მ-ესა და ყოფილ პარალელურ კლასელებს, იმ დროისათვის თ-ის --ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს: ნ. ც-ას, ი. ც-ესა და ლ. ხ-ს. საუბარი მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ა. ნ-მა დანის გამოყენებით ლ. ხ-ს მარჯვენა ხელის მტევანზე მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, რამაც ლ. ხ-ში გამოიწვია ფიზიკური ტკივილი; მანვე ნ. ც-ასა და ი. ც-ეს მკვლელობის განზრახვით, გულმკერდის მარცხენა ნახევრის ღრუში, დანის დარტყმით მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი, შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 9 მარტის განაჩენით ა. ნ-ი, –– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; მის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 1 თებერვლიდან იმავე წლის 5 აპრილის ჩათვლით.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განაჩენით დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ნ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ-ში ყ-ის გამზირის №--თან მდებარე “--“, თ-ის -- სკოლის მოსწავლეები – ა. ნ-ი, ლ. ხ-ა და ბ. ა-ე სასწავლო წლის ბოლოს გასამართ სკოლის ბანკეტთან დაკავშირებით სასაუბროდ შეხვდნენ ამავე სკოლის მოსწავლეებს – თანაკლასელ ნ. მ-ესა და ყოფილ პარალელურ კლასელებს, იმ დროისათვის თ-ის --ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს: ნ. ც-ას, ი. ც-ესა და ლ. ხ-ს. საუბარი მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ა. ნ-მა ი. ც-ეს დანის გამოყენებით მიაყენა მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება – გულმკერდის ღია ჭრილობა, ჰემო-პნევმოთორაქსი.
5. მსჯავრდებულ ა. ნ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. ნ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ ის იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის მიმართ წარმოდგენილ მოტივებსა და მათ დასაბუთებას, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები, დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა. ნ-ის მიერ სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსიის საფუძვლიანობას ა. ნ-ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის შესახებ.
9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება. მტკიცებულებათა შესწავლის შედეგად არსებითი დარღვევა, რომელიც გავლენას მოახდენდა გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივ შეფასებაზე, არ გამოვლენილა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №742აპ-16) და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი