Facebook Twitter

3კ-650-03 8 იანვარი, 2004 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ბინის აუქციონზე რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის, მ. დ-ას, გამოსახლება თბილისში, ....., იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ბინა მას ნაყიდი აქვს მოპასუხისგან, მაგრამ მოპასუხე ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას.

მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო საქმეზე გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და მ. დ-ა გამოსახლდა ზემოაღნიშნული ბინიდან. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ. დ-ამ და მისი საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

საქმის განხილვის პროცესში მესამე პირმა მ. ბ-ემ დამოუკიდებელი სარჩელი აღძრა მ. დ-ასა და ლ. ბ-ის მიმართ. მან განმარტა, რომ მ. დ-ას შეთანხმების საფუძველზე ასესხა 3000 აშშ დოლარი 6 თვით, თვეში 10%-ის სარგებლით, ხოლო სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად სთხოვა თავის ახლობელს, ლ. ბ-ეს, გაეფორმებინა მ. დ-ასთან ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც თავისი არსით იყო იპოთეკა. მ. ბ-ის განცხადებით, მოვალეებმა დაუბრუნეს მხოლოდ 1660 ამერიკული დოლარი, რაც შეადგენს ხუთნახევარი თვის პროცენტებს, ამის შემდეგ შეწყვიტეს პროცენტების გადახდა და ძირითადი ვალიც არ დაუბრუნეს. მ. ბ-ის განცხადებით, დავალიანება შეადგენს 3000 აშშ დოლარს ძირითად თანხასა და 6300 აშშ დოლარს პროცენტების სახით თვეში 10%-ის გაანგარიშებით.

მ. ბ-ემ მოითხოვა, რომ მ. დ-ას დაეკისროს მის სასარგებლოდ 9300 აშშDდოლარის გადახდა, ბათილად იქნეს ცნობილი მასსა და მ. დ-ას შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური გარიგება და მის მიმართ გამოყენებულ იქნეს რეალურად დადებული იპოთეკის წესი, ანუ სესხის დაბრუნების მიზნით აღნიშნული ბინა გაიყიდოს აუქციონზე.

საქმეში არსებობს ც. გ-ის ე.წ. შეგებებული სარჩელი, რომლითაც იგი აღიარებს 3000 აშშ დოლარის მ. ბ-ისაგან აღების ფაქტს, ამასთან იგი აცხადებს, რომ მოქმედი კანონის თანახმად, პროცენტი სესხისათვის უნდა შეესაბამებოდეს ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას, რის გამოც შეთანხმება თვეში 10%-იან სარგებელზე ბათილია, ხოლო კანონის შესაბამისობაში მოყვანილი პროცენტი მას გადახდილი აქვს (2100 აშშ დოლარი) და მოითხოვა, ძირითადი ვალი 3000 აშშ დოლარი დაეკისროს მას და არა მ. დ-ას, რომელსაც სესხი არ აუღია.

მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსით ც. გ-ის შეგებებული სარჩელი იყო ფაქტობრივად მოპასუხის შესაგებელი, იგი განხილულ იქნა როგორც შეგებებული სარჩელი.

საქმის განხილვის პროცესში ლ. ბ-ემ უარი თქვა სარჩელზე, რის გამოც საქმის წარმოება მის სარჩელზე შეწყდა.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქმეზე გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ. დ-ას ბინიდან გამოსახლების შესახებ.

ც. გ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მ. დ-ასა და ლ. ბ-ეს შორის 1999წ. 14 ივლისს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ კიდევ ერთხელ ბათილად იქნა ცნობილი მ. დ-ასა და ლ. ბ-ეს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო დადებულად იქნა ცნობილი მ. ბ-ეს, მ. დ-ასა და ც. გ-ეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მ. დ-ას, ც. გ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ მ. ბ-ის სასარგებლოდ 9300 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო თბილისში, ..... ბინა, როგორც ეს მითითებულია გადაწყვეტილებაში, მიქცეულ იქნა, სარჩელის უზრუნველსაყოფად, როგორც იპოთეკით დატვირთული.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა მ. დ-ა, რომელმაც გაასაჩივრა გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით. აპელანტმა მოითხოვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება და მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, იმ საფუძვლით რომ მ. ბ-ისაგან სესხი აიღო არა მან, არამედ ც. გ-ემ, რომელმაც მოტყუებით გააყიდინა ბინა და დატოვა ღია ცის ქვეშ. ამასთან, მ. დ-ა უთითებს, რომ სასამართლომ არასწორად და კანონდარღვევით დაიანგარიშა მასზედ და ც. გ-ეზე დაკისრებული თვეში 10%-ის სარგებელი, ვინაიდან ჯერ ერთი, მას სესხი არ აუღია და მეორე _ ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ იმ დროს დადგენილი პროცენტი მერყეობდა 2-დან 5%-მდე და შეთანხმება თვეში 10%-ის შესახებ ბათილია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 ოქტომბრის განჩინება ც. გ-ის შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ და მისი შეგებებული სარჩელი ჩაითვალა შეპასუხებად. მ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისში, ..... ბინაზე ლ. ბ-ესა და მ. დ-ას შორის 1999წ. 14 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მის მიმართ გამოყენებულ იქნა დაფარული გარიგების – მ. ბ-ესა და მ. დ-ას შორის დადებული აღნიშნული ბინის იპოთეკით დატვირთვის ხელშეკრულების წესები. საჯარო რეესტრში შეტანილ იქნა ცვლილება და სადავო ბინა კვლავ აღირიცხა მ. დ-ას სახელზე, იპოთეკით დაიტვირთა მ. ბ-ის სასარგებლოდ. ც. გ-ეს მ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3228 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა, საიდანაც 1702 აშშ დოლარი არის ძირითადი ვალის, ხოლო 1526 დოლარი – 37 თვის კანონისმიერი პროცენტი. ც. გ-ეს დაეკისრა მ. ბ-ის სასარგებლოდ 2003წ. 14 თებერვლიდან ყოველთვიურად გადაცილებული თანხის 3%-ის გადახდა. დადგინდა, რომ ვალის დაფარვის მიზნით გაიყიდა აუქციონზე მ. დ-ას სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული ბინა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბ-ემ სესხად გასცა 2700 აშშ დოლარი. აქედან მას დაუბრუნდა მხოლოდ 1660 აშშ დოლარი და სესხი გაიცა მხოლოდ ც. გ-ეზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტი შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან და პროცენტად დაწესდა 3%, აქედან გამომდინარე, 2700 აშშ დოლარის 3%-ის გადაანგარიშებით ბ-ისათვის დაბრუნებული 1660 აშშ დოლარიდან პროცენტის სახით დაბრუნებულად ჩაითვალა 486 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ 1174 აშშ დოლარით დაიფარა ძირითადი ვალი და გადასახდელი დარჩა 1526 აშშ დოლარი, რასაც სკ-ს 403-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულების ვადის გადაცილებისათვის დაემატა 1526 დოლარის 3%, რომელმაც თვეში შეადგინა 46 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა როგორც მ. ბ-ემ, ისე მ. დ-ამ. მ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას გ-ისათვის მის სასარგებლოდ 3228 აშშ დოლარის, ვადაგადაცილებული თანხის 3%-ისა და მისთვის სახ. ბაჟის 264 ლარის დაკისრების ნაწილში, შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ-ეს სასამართლოში შეგებებული სარჩელი არ წარუდგენია, მას არც სააპელაციო საჩივარი შეუტანია რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ასეთ ვითარებაში გაუგებარია, რის საფუძველზე ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ, რომ სესხისათვის თვეში 10% კანონიერი არ არის და პროცენტი უნდა მივიდეს კანონთან შესაბამისობაში. დ-ამ ისეთი მოთხოვნა დააყენა, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლი და გ-ეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია. გარდა ამისა, სასამართლოს ვალი და პროცენტი 2700 აშშ დოლარით უნდა უნდა გამოეანგარიშებინა. სკ-ს 403-ე მუხლით გათვალისწინებული 3% სასამართლოს 27 000 აშშ დოლარიდან უნდა დაერიცხა.

მ. დ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 625-ე მუხლში აღნიშნული ბათილობის შედეგი, როგორც პროცენტის ოდენობის მოყვანა ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ 1999წ. 14 ივლისს ც. გ-ემ მ. ბ-ისაგან ისესხა 2700 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით თვეში 10%-ის დარიცხვით, რომლის უზრუნველყოფა მოხდა თბილისში, ...... მდებარე მ. დ-ას სახელზე რიცხული ¹12 ბინით. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ც. გ-ემ მ. ბ-ეს დაუბრუნა 1660 აშშ დოლარი, რომლის ნაწილი, კერძოდ, 486 აშშ დოლარი სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა პროცენტად და მიიჩნია, რომ პროცენტი დაფარულია მთლიანად, ხოლო დარჩენილი 1526 აშშ დოლარით დაიფარა ძირითადი ვალი და გადასახდელი დარჩა 1526 აშშ დოლარი.

პალატა ვერ გაიზიარებს მ. ბ-ის საკასაციო პრეტენზიას, რომ მ. დ-ას უფლება არ ჰქონდა საკასაციო წესით გაესაჩივრებინა გ-ისათვის პროცენტისა და თანხის დაკისრების საკითხი, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით მას თანხის გადახდა არ დაკისრებია.

პალატა თვლის, რომ, მართალია, მ. დ-ას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკისრებია არც ძირითადი თანხისა და არც პროცენტის გადახდა, მაგრამ ც. გ-ის ვალის უზრუნველყოფა მოხდა მ. დ-ას კუთვნილი ბინით. სკ-ს 291-ე მუხლის თანახმად, თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია, იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს. განსაკუთრებით ესაა შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მ. დ-ა უფლებამოსილი იყო, საკასაციო წესით გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება ამ ნაწილში. პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს მ. ბ-ის მოსაზრებას, რომ სასამართლოს 2700 აშშ დოლარიდან უნდა გაენგარიშებინა ვალი და პროცენტი, კერძოდ, 1660 აშშ დოლარი უნდა ჩაეთვალა შეთანხმებული პროცენტის ანგარიშში და 2700 აშშ დოლარიდან მოეხდინა სკ-ს 403-ე მუხლით გათვალისწინებულ 37 თვეზე 3%-ის დარიცხვა.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა გადახდილი 1660 აშშ დოლარიდან 486 აშშ დოლარი პროცენტის სახით გადახდილად, რადგან საქმის მასალებით ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ თვეში 10% გადახდაზე. სკ-ს 625-ე მუხლის მიხედვით კი მხარეებმა სესხისათვის შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. აღნიშნული მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეამცირა პროცენტის ოდენობა 3%-მდე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სესხი აღებული იყო 6 თვის ვადით. ამ ვადაში მოხდა დასახელებული 1660 აშშ დოლარის გადახდა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პროცენტი დაიფარა მთლიანად, ხოლო წინასწარ პროცენტის გადახდას კანონი არ ითვალისწინებს და დარჩენილი თანხა სასამართლომ სწორად ჩათვალა ძირითად ვალში, რის შედეგადაც ძირითადი ვალი შემცირდა 1526 აშშ დოლარამდე და ამ თანხიდან მოპასუხეს ვადაგადაცილებისათვის დაეკისრა პროცენტი.

პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს მ. დ-ას საკასაციო პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 625-ე მუხლი და მუხლში აღნიშნული ბათილობის შედეგი მიიჩნია, როგორც პროცენტის ოდენობის მოყვანა ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია მხარეებს შორის შეთანხმებული 10%-იანი საზღაური შეუსაბამოდ მაღალ პროცენტად და სწორედ მოიყვანა იგი შესაბამისობაში ბანკთაშორისი აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან, რადგან სკ-ს 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია. პალატა თვლის, რომ აღნიშნული მუხლის ბოლო წინადადება არ გულისხმობს, რომ მთლიანად პროცენტზე შეთანხმებაა ბათილი, არამედ ბათილია შეთანხმება დადგენილ ზღვრული ნორმის ზემოთ თანხის ნაწილში. პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს დ-ას მოსაზრებას, რომ სასამართლომ არასწორად დააკისრა გ-ეს ზიანის ანაზღაურების სახით 3%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, რადგან გაუგებარია, რომელ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობით განსაზღვრა სასამართლომ წლიური 30%.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკისრა გ-ეს ზიანის ანაზღაურება გადაცილებული დროისათვის. სკ-ს 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი. სკ-ს 384-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ვალდებულება პროცენტიანია, წლიური პროცენტის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება სპეციალური ნორმატიული აქტით. დღეისათვის ასეთი სპეციალური აქტი მიღებული არ არის, რაც არ იძლევა იმის უფლებას, რომ კრედიტორს უარი ეთქვას პროცენტის მოთხოვნაზე. ზოგადად პროცენტის საკითხი კი გადაწყვეტილია სკ-ს 625-ე მუხლით, სადაც ნათქვამია, რომ პროცენტის ოდენობა გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკისრა გადაცილებულ ვადაზე თვეში 3%. ასევე, ვერ იქნება გაზიარებული მ. დ-ას მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ მას დააკისრა პროცენტის პროცენტი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტში საუბარია ყოველთვიურად ვადაგადაცილებული თანხის 3%-ის დაკისრებაზე და არა პროცენტის პროცენტზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონი არ დარღვეულა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ბ-ისა და მ. დ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.