3კ-871 27 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, მ. ცისკაძედავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ხ-მა 2000წ. აპრილში თავისი კუთვნილი ქ. თბილისში, ... მდებარე ¹20 ბინა, მიჰყიდა ლ. ჯ-ეს. ამ ბინის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ლ. ჯ-ე. მან 2001წ. აპრილში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე რაშიდ და ზინა ხ-ების მიმართ და მოითხოვა კუთვნილი ბინიდან მათი გამოსახლება, რადგან ისინი უკანონოდ ფლობენ ამ ბინას.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ლ.ჯ-ის სარჩელი და მოპასუხე ზ.ხ-ი მასთან მყოფ პირებთან ერთად გამოასახლა ქ.თბილისში, ... ბინიდან.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. ჯ-ის განცხადება _ დაუყოვნებლივ გამოსახლდა ზ.ხ-ი მასთან მყოფ პირებთან ერთად ქ.თბილისში, ... ბინიდან. ამ განჩინებზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ.ხ-მა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზ.ხ-მა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 26 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ზ.ხ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობისა და უსაფუძვლობის გამო. საქმის მასალები კერძო საჩივართან ერთად გადაეგზავნა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 11 თებერვლის განჩინებით დააკმაყოფილა ზ.ხ-ის კერძო საჩივარი. მოცემულ საქმეზე თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 დეკემბრის განჩინება გაუქმდა და ლ.ჯ-ის განცხადება ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატის 2002წ. 23 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. ხ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სასამართლოში მას შეტანილი აქვს სარჩელი ლ. ჯ-ის მიმართ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
სააპელაციო პალატის 2002წ. 23 აპრილის განჩინებით ზ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ლ.ჯ-ე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სადავო ბინის მესაკუთრედ. სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას სადავო ბინის გამოთხოვნის უფლება აქვს. საქმეში არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ სადავო ბინის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებას წარმოადგენს და იგი მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა.
ზ.ხ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 279-ე მუხლი, ყოვლად დაუსაბუთებლად უთხრა უარი საქმის წარმოების შეჩერებაზე იმ დრომდე, სანამ გადაწყდებოდა სადავო ბინის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის დავა. ამასთან, უგულვებელყო ის გარემოება, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება რ.ხ-სა და ლ.ჯ-ეს შორის წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, რითაც მხარეებს სურდათ სხვა გარიგების – სესხის უზრუნველყოფის დაფარვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 25 სექტემბრის განჩინებით ზ. ხ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა სამოქალაქო საქმეზე, ზ. ხ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე ლ. ჯ-ის მიმართ ქ.თბილისში, ... ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ – სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რომლის შედეგსაც შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონოდა მოცემული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტისათვის.
2004წ. 19 მარტს ლ. ჯ-ემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განხილვის განახლება სსკ-ის 283-ე მუხლის საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 22 მარტის განჩინებით განახლდა ზ. ხ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ლ. ჯ-ემ ნოტარიალურად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა სადავო ბინა და დღეისათვის ბინა ირიცხება ლ. ჯ-ის სახელზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ზ. ხ-მა ვერ წარმოადგინა მტკიცება იმის შესახებ, რომ მას სადავო ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი აქვს.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიმართ წამოყენებული პრეტენზია არც დამატებითია და არც დასაბუთებული.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მას ბინა ჯ-ისათვის არ მიუყიდია. სინამდვილეში ბინა ჩაიდო აღებული სესხის გარანტად, რომელიც მან აიღო ჯ-ისაგან. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ხ-მა სასამართლოში არ წარმოადგინა. უფრო მეტიც, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ხ-ის სარჩელი ლ. ჯ-ის მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლოს 2002წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ზემდგომ სასამართლოში და დღეისათვის შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა შორის ნამდვილია.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ხ-ის სააპელაციო საჩივარი, რადგან სკ-ის 172-ე მუხლის «I” ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონი არ დარღვეულა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ხ-ის საკასაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.