3კ-992-02 6 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. სექტემბერს ა. შ-მ და მ. ი-ამ სარჩელით მიმართეს სასამართლოს მ. დ-ის მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. სარჩელში აღნიშნეს, რომ ა. შ- არის 81 წლის, ხოლო მისი შვილი, მ.ი-ა, I ჯგუფის ინვალიდია. მათ მარტო ცხოვრება არ შეეძლოთ, რის გამოც აიყვანეს მომვლელი _ მ. დ-ი, რომელსაც უნდა ეცხოვრა მოსარჩელეებთან ერთად, მათი გარდაცვალების შემდეგ კი მათ ქონებას დაიმკვიდრებდა. მხარეებს შორის აღნიშნული ურთიერთობების სამართლებრივი გაფორმების მიზნით ა. შ-მ გარკვეულ საბუთებზე მოაწერა ხელი, რომელიც ეგონა ანდერძი. მოპასუხე პირველ ხანებში ასრულებდა თავის მოვალეობას, ბოლოს კი მიატოვა. მან ნოტარიუსისაგან გაიგო, რომ ხელი ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე ჰქონდა მოწერილი. ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს 2000წ. 13 დეკემბერს გაფორმებული ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ იგი მოტყუებით იქნა დადებული.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2000წ. ბოლო თვეებში მოსარჩელემ ა. შ-მ მიმართა წინადადებით, რომ მოევლო და ეპატრონა მისთვის და მისი შვილისათვის. ასევე შესთავაზა კუთვნილი ბინის შესყიდვა შეღავათიან ფასში იმ შემთხვევაში, თუ იკისრებდა მათ მოვლა-პატრონობას, რაზედაც იგი დათანხმდა. ბინის ღირებულება პირადად გადასცა ა. შ-ს ვ. ნ-ის თანდასწრებით მოსარჩელის ბინაში. ნოტარიუსთან ყოველგვარი წესების დაცვით გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება. იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ აღებულ ვალდებულებას, მაგრამ მოსარჩელეებმა მოსთხოვეს ბინის კაპიტალური რემონტი, რაც ვერ შეძლო. მოსარჩელეებმა ბინაში შეუშვეს მეზობელი ოჯახით და მისი არყოფნისას ავეჯი გამოუყარეს სადარბაზოში.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ეს გადაწყვეტილება ა. შ-მ და მ. ი-ამ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ა. შ-სა და მ. დ-ის შორის 2000წ. 13 დეკემბერს დადებული ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ა. შ-ს მ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჭიროებდნენ მოვლა-პატრონობას, ამიტომ ისინი შეუთანხმდნენ მოპასუხეს შემდეგ პირობებზე: მოსარჩელე ა. შ- გადასცემდა მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომლის განკარგვის უფლება მოპასუხეს ექნებოდა მოსარჩელის გარდაცვალების შემდეგ. ამ ქონების სანაცვლოდ მოპასუხე გადაიიხდიდა სარჩოს ნატურალური სახით. ამ ურთიერთობის გაფორმების მიზნით 2000წ. 13 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო ა. შ-ის სახელზე რიცხული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. სასამართლომ ბინის ღირებულების – 2000 ლარის აპელანტისათვის გადაცემის ფაქტი დადგენილად მიიჩნია, როგორც მოპასუხის განმარტების, ისე მოწმის ჩვენებითა და ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 72-ე, 73-ე, 941-ე, 950-ე და 976-ე მუხლები.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ა. შ- და მ. ი-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ის 976-ე მუხლი და მოითხოვენ 2002წ. 4 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს მ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის გადახდა.
მ. დ-ი მიუთითებს, რომ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებაზე ვერ გავრცელდება საოლქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სსკ-ის 73-ე მუხლი, რადგან მხარეთა განზრახვასა და ნასყიდობის ხელშეკრულების დადების სურვილს ადასტურებს ა. შ-ის მიერ 2000 ლარად ბინის გაყიდვის შეთავაზება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყოფილიყო მათ სარჩენად განკუთვნილი თანხა, რადგან ასეთი თანხის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი არის და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ მხარეების საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჭიროებდნენ მოვლა-პატრონობას, ამიტომ ისინი შეუთანხმდნენ მოპასუხეს შემდეგ პირობებზე: მოსარჩელე ა. შ- გადასცემდა მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომლის განკარგვის უფლება მოსარჩელეს ექნებოდა მოსარჩელის გარდაცვალების შემდეგ. ამ ქონების სანაცვლოდ მოპასუხე გადაიხდიდა სარჩოს ნატურალური სახით. ამ ურთიერთობის გაფორმების მიზნით 2000წ. 13 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო ა. შ-ის სახელზე რიცხული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსთვის, ვინაიდან მხარეების მიერ არ არის წამოყენებული საკასაციო პრეტენზია.
სკ-ის 941-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა, გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).
ამავე კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
აღნიშნული ნორმების თანახმად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან, პირველ რიგში, განსხვავდება სუბიექტური შემადგენლობის მიხედვით. ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები არიან მყიდველი და გამყიდველი, ხოლო სამისდღეშიო ხელშეკრულების მხარეები – მარჩენალი და სარჩენი.
მეორე რიგში, მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაყიდ ნივთზე წარმოეშობა საკუთრების უფლება და შეუძლია, ნაყიდი ნივთი განკარგოს თავისი შეხედულებისამებრ, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით კი სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირავოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
მესამე რიგში, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ერთ-ერთი თავისებურება მდგომარეობს, აგრეთვე, იმაში, რომ იგი არის სასყიდლიანი და მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით, მაგრამ იგი არსებითად არ მოიცავს ისეთ პირობას, როგორიცაა ფასი და ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით არ ხასიათდება გადასაცემი ქონების ეკვივალენტურობით. სარჩოს ოდენობა, რომელსაც სარჩენი ღებულობს მარჩენალისაგან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისათვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება მნიშვნელოვნად გადააჭარბოს კიდევაც ქონების ღირებულებას (რაც აიხსენება იმით, რომ რჩენა განსაზღვრულია სარჩენის სიცოცხლის ვადით, თუმცა მხარეები შეიძლება განსაზღვრულ დროზეც შეთანხმდნენ).
მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეები შეთანხმდნენ სამისდღეშიო რჩენაზე. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორ მ. დ-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარეთა განზრახვა და სურვილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, რადგან დადგენილია, რომ მ. დ-ს არ ჰქონდა მოსარჩელის გარდაცვალებამდე ქონების განკარგვის უფლება, მოპასუხეს გარდაცვალებამდე უნდა ეპატრონა მოსარჩელეებისათვის. გარდა ამისა, თვით მ. დ-ის განმარტებით, მან ბინა შეიძინა შეღავათიან ფასებში და ასეთ შეღავათს მოსარჩელე იმ შემთხვევაში გაუწევდა, თუ იკისრებდა მის მოვლა-პატრონობას და ბინის განკარგვის უფლება მიეცემოდა მხოლოდ მოსარჩელის გარდაცვალების შემდეგ.
ამდენად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მიზნად ისახავდა ქონების მ. დ-ის საკუთრებაში გადასვლას მხოლოდ მომავალში. ასევე მ. დ-ის მიერ ა. შ-ისათვის გადაცემული თანხა არ არის ქონების (ბინის) ღირებულების შესაბამისი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე არის არსებითი შეცდომის საფუძველზე დადებული გარიგება, რადგან მხარეებს სურდათ დაედოთ სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც შეთანხმდნენ. აღნიშნული კი ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობის საფუძველია.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორ ა. შ-ის უფლებამონაცვლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდება შემდგომში. მოცემულ შემთხვევაში ვალდებულება არ არსებობს გარიგების ბათილობის გამო და ორივე მხარეს უნდა აღუდგეს ადრინდელი ქონებრივი მდგომარეობა.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მ. დ-ს თანხა არ გადაუცია ა. შ-ისათვის ვერ იქნება გაზიარებული, რადგან თანხის გადაცემა დადასტურებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით, მოწმეთა განმარტებით.
ამდენად, მხარეთა საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მხარეთა საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.