საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №251აპ-19 ქ. თბილისი
ც-ე ი-ბ, 251აპ-19 21 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძისა და მსჯავრდებულ ი. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ი. ც., – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 30 ივნისიდან.
2. ამავე განაჩენით ო. ს-ე, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 თვე – სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ო. ს-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2018 წლის 30 ივნისიდან.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ი. ც-ემ ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია; ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ხოლო ო. ს-ემ – ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 13:09 საათზე, ქ. ბ-ში, პ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ი. ც-ემ ხელების დარტყმით სცემა ო. ბ-ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 13:09 საათზე, ქ. ბ-ში, პ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ი. ც-ემ სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმებით განზრახ დაუზიანა ჯანმრთელობა ა. ბ-ეს. სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, ეს დაზიანებები მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
· 2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 13:09 საათზე, ქ. ბ-ში, პ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ო. ს-ემ ხელების დარტყმით სცემა ჯ. ბ-ეს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო კონფლიქტის დასრულებიდან რამდენიმე საათში ჯ. ბ-ე გარდაიცვალა.
4. აღნიშნულ განაჩენში ი. ც-ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: ი. ც-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 124-ე მუხლზე; ი. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 124-ე მუხლით – ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ი. ც-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2018 წლის 30 ივნისიდან.
5. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლევან მურვანიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ი. ც-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რომელიც დაკავშირებული იქნება ხანგრძლივ თავისუფლების აღკვეთასთან.
6. მსჯავრდებულ ი. ც-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. ც-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ: დაზარალებულების – ა. ბ-სა და ო. ბ-ის, მოწმეების – რ. მ-ის, გ. დ-ის, ვ. მ-ას გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 30 ივნისის №- და 2018 წლის 25 ივლისის №- დასკვნები, შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და მისი დათვალიერების ოქმები – გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ი. ც-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატის აზრით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ი. ც-ის გამართლების შესახებ საფუძველსაა მოკლებული.
10. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაც ი. ც-ის ქმედების (გარდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა) საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა დაზარალებულ ა. ბ-ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვა.
11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №52აპ-17) და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
12. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ი. ც-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 124-ე მუხლის სანქციებით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელები, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და მათი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
14. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუმცა ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა; ასევე – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება ი. ც-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულების თანხმობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ, ასევე – სსკ-ის 124-ე მუხლით შეფარდებულ ჯარიმაზე.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძისა და მსჯავრდებულ ი. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი