ას-100-411-04 18 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 30 აპრილს ნ. ხ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «ს.-ს» მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1974 წლიდან მუშაობდა სს «ს.-ში» მთავარი ეკონომისტის თანამდებობაზე. 1996 წლიდან აღნიშნულ უწყებაში ყველა მუშაკთან ფორმდებოდა ვადიანი შრომითი კონტრაქტები. მოსარჩელეს 2001წ. 1 ნოემბრიდან გაუფორმეს შრომითი კონტრაქტი 3 თვით, რომელიც მასთან შეთანხმებით გაუგრძელეს სამჯერ – 2003წ. 1 იანვრამდე, ხოლო 2003 წლიდან მოსარჩელეს ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია და გააგრძელა მუშაობა.
მოსარჩელის განმარტებით, 2003წ. 13 თებერვალს მას მოაწერინეს ხელი. მას ეგონა, რომ ხელი მოაწერა 3 თვიან შრომით კონტრაქტზე, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს კონტრაქტი დათარიღებული იყო 2000წ. 30 დეკემბრით ანუ მისი მოქმედების ვადა იწურებოდა 2003წ. 31 მარტს.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია შკკ-ის 31-ე მუხლი და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ ბრძანება ნ.ხ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, კანონინიერია.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა სს «ს.-ს» 2003წ. 1 აპრილის ბრძანება ნ. ხ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილ იქნა სს «ს.-ში» მთავარი ეკონომისტის თანამდებობაზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «ს.-მ» და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს «ს.-ს» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ხ.-ე მუშაობდა სს «ს.-ში» მთავარი ეკონომისტის თანამდებობაზე. 2001წ. 31 ოქტომბერს სს «ს.-ს» და ნ. ხ.-ს შორის გაფორმდა შრომითი კონტრაქტი სამი თვის ვადით, რომლის მოქმედების ვადა გაგრძელდა სამჯერ, ბოლოს იგი გაგრძელდა 2002წ. 1 ნოემბრიდან 2003წ. 1 იანვრამდე.
ნ. ხ.-ის განმარტებით, მან ხელი მოაწერა შრომით კონტრაქტს, რომელიც დათარიღებული იყო 2002წ. 30 დეკემბრით, თუმცა არ შეუმოწმებია თარიღი და ისე მოაწერა ხელი. ამდენად, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მხარეთა შორის ხელმოწერილი იყო 2002წ. 30 დეკემბერს დათარიღებული კონტრაქტი, რომლის თანახმად, ნ. ხ.-ს უნდა ემუშავა სს «ს.-ში» 3 თვე – 2003წ. 31 მარტამდე. აღნიშნული კონტრაქტის არსებობა დადასტურებულია თვით ნ. ხ.-ის მიერ წარმოდგენილი საბუთით (ამ კონტრაქტის დახევის შემდეგ დარჩენილი ფრაგმენტებით), რომლებზედაც ნათლად ჩანს, რომ კონტრაქტი დათარიღებული იყო 2002წ. 30 დეკემბრით.
ამრიგად, კონტრაქტზე ნ. ხ.-ის ხელმოწერის ანუ კონტრაქტის დადების ფაქტი საქმის მასალებით დადასტურებულია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნულ კონტრაქტზე ნ. ხ.-ეს ხელი მოაწერინეს ძველი რიცხვით.
სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს თუ შესაგებელს, ხოლო 131-ე მუხლით დადგენილია, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში ნ. ხ.-მ აღიარა, რომ მოაწერა ხელი 2002წ. 30 დეკემბრის შრომით კონტრაქტს, რაც დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, მან ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმისა, რომ ხელი მოაწერა 2003წ. 13 თებერვალს, რასაც სს «ს.-ა» უარყოფს, ამიტომ აღნიშნული გარემოება დამტკიცებულად ვერ ჩაითვლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2002წ. 30 დეკემბერს ნ. ხ.-სთან გაფორმებული იყო შრომითი კონტრაქტი 3 თვით, რომლის მოქმედების ვადა ამოიწურა 2003წ. 31 მარტს.
შკკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის შესაბამისად, შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია კონტრაქტის ვადის გასვლა.
ამრიგად, სს «ს.-ა» უფლებამოსილი იყო, 2003წ. 1 აპრილიდან სამსახურიდან გაეთავისუფლებინა ნ.ხ.-ე, რომელთანაც დადებული კონტრაქტის ვადა ამოიწურა 2003წ. 31 მარტს.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ხ.-ის წარმომადგენელმა ზ. დ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი თვლის, რომ არასწორია სასამართლოს დასკვნა, თითქოს ნ. ხ.-ემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა მოგვიანებით, 2003წ. 13 თებერვალს, კონტრაქტზე ხელის მოწერა. იგი მიუთითებს საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ სს „ს.-ის“ მუშაკებთან გასაუბრებით და ნ. ხ.-ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ხელშეკრულებას მან ხელი მოაწერა 2003წ. 13 თებერვალს. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 54-ე, 81-ე მუხლები და შრომითი კონტრაქტი ბათილად უნდა მიეჩნია, როგორც მოტყუებით და კანონსაწინააღმდეგოდ დადებული გარიგება. კასატორი თვლის, რომ, ვინაიდან 2002წ. 30 დეკემბრის შრომითი კონტრაქტი ბათილია, ასეთ შემთხვევაში წინა შრომითი ხელშეკრულება უვადოდ გრძელდება. აქედან გამომდინარე, ნ. ხ.-ის სამუშაოდან დათხოვნა შკკ-ის 30-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით უკანონოა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. სააპელაციო სასამართლომ ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მოცემულ საქმეზე დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა მტკიცებულებებზე და გამოიყენა კანონები, კერძოდ, დადგენილია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იმის თაობაზე, რომ 2002წ. 30 დეკემბრის კონტრაქტს ხელი მოეწერა 2003წ. 13 თებერვალს, არ დადასტურდა. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 102-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა შრომითი კონტრაქტის მოგვიანებით ხელმოწერა.
პალატა მიუთითებს, რომ ის გარემოება, რომ ვადიან შრომით კონტრაქტზე მოგვიანებით მოაწერა ხელი, მაშინ, როდესაც მუშაკი წინა შრომითი კონტრაქტის შეწყვეტიდან კვლავ აგრძელებდა საქმიანობას, რომც დადასტურებულიყო, არ შეიძლება გახდეს ამ შრომითი კონტრაქტის ბათილობის საფუძველი შემდეგი გარემოების გამო: მუშაკი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას და იგი მოგვიანებით, ახალი სამუშაო კონტრაქტის წარმოდგენისას, ადმინისტრაციას უთანხმდება განსხვავებულ პირობებზე (მაგ. ხელშეკრულების ვადაზე), ასეთ შემთხვევაში გარიგება ნამდვილია და მისი ბათილობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობს.
პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას საქმის ფაქტობრივი გარემოების არასწორად დადგენის თაობაზე, რადგან უდავოა, რომ ნ. ხ.-ემ შრომით (ვადიან) კონტრაქტს ხელი ნამდვილად მოაწერა და, რომ იგი წინა კონტრაქტის ვადის გასვლიდან კვლავ აგრძელებდა საქმიანობას. აგრეთვე, უდავოა, რომ საწარმო ყოველთვის ვადიან კონტრაქტს აფორმებდა მოსარჩელესთან. დადგენილია, რომ ბოლო კონტრაქტიც ვადიანი იყო. ამ ფაქტობრივი წანამძღვრების გათვალისწინებით დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ ნ. ხ.-ე განუსაზღვრელი ვადით აგრძელებდა მუშაობას.
პალატას, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა შკკ-ის 30-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტი.
პალატა თვლის, რომ შკკ-ის 205-ე მუხლის შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
კასატორ ნ. ხ.-ეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ეროვნული ბანკის (კოდი:220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹3114 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹507121303 ანგარიშიდან 30 ლარის ოდენობით.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.