საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1017აპ-20 ქ. თბილისი
ჯ-ა მ., 1017აპ-20 21 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენით მ. ჯ-ა, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მ. ჯ-ას განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2019 წლის 9 აგვისტოდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჯ-ამ ჩაიდინა: ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
3. მ. ჯ-ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის განაჩენით მ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით მ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
· 2019 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით 00:15 საათზე, ქ. თ-ში, ქ. წ-ის გამზირის №--ში მდებარე შპს „-ის“ კუთვნილი სასტუმროდან, მ. ჯ-ა შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ლ. ნ-ის კუთვნილ, „მაკიტას“ ფირმის ელექტრობურღს, ქანჩის ელექტროდამჭერს, პროფილის საჭრელ მაკრატელს, მანძილმზომს, ე.წ. „რულეტკას“, ასევე – ნ. ტ-ის კუთვნილ სადენებს ნათურით. მ. ჯ-ას ქმედებით ლ. ნ-სა და ნ. ტ-ს, შესაძლოა, მისდგომოდათ 117 ლარის ქონებრივი ზიანი.
4. მსჯავრდებულ მ. ჯ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ყ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. ჯ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება მისი ბრალეულობის დასადასტურებლად.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მ. ჯ-ას ბრალეულობა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის 2019 წლის 20 აგვისტოს №- დასკვნითა და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ. ჯ-ას ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენით დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც მ. ჯ-ა დამნაშავედ ცნო მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი