Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №900აპ-20 თბილისი

მ-ი ზ., 900აპ-20 29 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ის ადვოკატ გ. ტ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ზ. მ-ს, ა. ვ-ეს, პ. ზ-ესა და მ. მ-ეს ბრალი დაედოთ სამსახურებრივ გულგრილობაში, ე. ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლებებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. ზ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება:

ü 2003 წლის 8 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის №-- ბრძანებით ზ. მ-ი დაინიშნა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- საპყრობილის სამედიცინო ნაწილის ექიმ-ქირურგის თანამდებობაზე, მოვალეობის შემსრულებლად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, ხოლო ამავე კანონის 43-ე მუხლის საფუძველზე 2004 წლის 15 ივლისის №- ბრძანებით 19 აპრილიდან გადაყვანილ იქნა ამავე საპყრობილის სამედიცინო ნაწილის ექიმ-ქირურგის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ე. ი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მოხელის სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე;

ü ზ. მ-მა 2004 წლის 23 აპრილს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაარღვია იუსტიციის მინისტრის 2002 წლის №-- ბრძანებით დამტკიცებული საპყრობილის სამედიცინო დებულების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ: არ მოახდინა საპყრობილეში შეყვანილი პატიმრის - ს. მ-ის სხეულის სრული გარეგანი დათვალიერება; სათანადოდ არ შეამოწმა მისი ფიზიკური მდგომარეობა, რის შედეგადაც არ დააფიქსირა ს. მ-ის გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ორივე ბეჭის არეში, მოვარდისფრო, უსწორმასწორო (შეჭმუხნილი) ზედაპირის, თითქმის კანის დონეზე განლაგებული, რაიმე მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის მოქმედებით მიყენებული ხუთი დაზიანება, რომლებიც არ შეიტანა სხეულის გარეგანი დათვალიერების ცნობაში, რამაც ს. მ-ისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

2.2. მ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება:

ü 2001 წლის 26 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის №-- ბრძანებით მ. მ-ე დაინიშნა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზის აქტიური ფორმით ავადმყოფ მსჯავრდებულთა მოთავსების ამბულატორიული მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწილის ექიმის თანამდებობაზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 35-ე მუხლების შესაბამისად, ხოლო ამავე კანონის 43-ე მუხლის საფუძველზე 2004 წლის 7 აპრილის №-- ბრძანებით გადაყვანილ იქნა ამავე დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ქირურგიული განყოფილების უმცროსი ექიმის თანამდებობაზე, ე. ი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მოხელის სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე;

ü მ. მ-ე 2004 წლის 23 აპრილს ასრულებდა ხსენებული დაწესებულების მორიგის მოვალეობას, რა დროსაც დაარღვია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის №-- ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დროებითი დებულების“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები, კერძოდ: სრულყოფილად და ხარისხიანად არ გამოიკვლია სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანილი ავადმყოფის - პატიმარ ს. მ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის შედეგადაც უყურადღებოდ დატოვა და სათანადო დოკუმენტაციაში - ავადმყოფის ისტორიაში არ შეიტანა ს. მ-ის გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ორივე ბეჭის არეში, რაიმე მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის მოქმედებით მიყენებული ხუთი დაზიანება და შესაბამისად, დადგენილი წესით არ გადასცა ინფორმაცია სათანადო დაწესებულებებს, რამაც ს. მ-ისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

2.3. პ. ზ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება:

ü 2000 წლის 30 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის №-- ბრძანებით პ. ზ-ე დაინიშნა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების თერაპიული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, ე.ი. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მოხელის სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე;

ü პ. ზ-ემ 2004 წლის 26 აპრილს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაარღვია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის №-- ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დროებითი დებულების“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები, კერძოდ: სრულყოფილად და ხარისხიანად არ გამოიკვლია სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანილი ავადმყოფის - პატიმარ ს. მ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის შედეგადაც უყურადღებოდ დატოვა და სათანადო დოკუმენტაციაში - ავადმყოფის ისტორიაში არ შეიტანა ს. მ-ის გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ორივე ბეჭის არეში, რაიმე მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის მოქმედებით მიყენებული ხუთი დაზიანება და შესაბამისად, დადგენილი წესით არ გადასცა ინფორმაცია სათანადო დაწესებულებებს, რამაც ს. მ-ისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

2.4. ა. ვ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება:

ü 2004 წლის 18 მარტს საქართველოს იუსტიციის მინისტრის №-- ბრძანებით ა. ვ-ე დაინიშნა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- საპყრობილის სამედიცინო ნაწილის ექიმის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, ხოლო ამავე კანონის 43-ე მუხლის საფუძველზე იმავე წლის 16 აგვისტოს №-- ბრძანებით 25 ივნისიდან გადაყვანილ იქნა ამავე საპყრობილის სამედიცინო ნაწილის ექიმის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. ე. ი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მოხელის სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე;

ü ა. ვ-ემ 2004 წლის 2 ივლისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სრულყოფილად არ შეასრულა მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ: არ მოახდინა საპყრობილეში შეყვანილი პატიმრის - ს. მ-ის სხეულის სრული გარეგანი დათვალიერება, სათანადოდ არ შეამოწმა მისი ფიზიკური მდგომარეობა, რის შედეგადაც არ დააფიქსირა ს. მ-ის გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ორივე ბეჭის არეში, მოვარდისფრო, უსწორმასწორო (შეჭმუხნილი) ზედაპირის, თითქმის კანის დონეზე განლაგებული, რაიმე მაღალი ტემპერატურის მქონე საგნის მოქმედებით მიყენებული ხუთი დაზიანება, რომლებიც არ შეიტანა სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმში, რითაც დაარღვია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2002 წლის 12 ივლისს დამტკიცებული საპყრობილის სამედიცინო სამსახურის ტიპური დებულების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენით:

· ზ. მ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი;

· ა. ვ-ე, - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;

· პ. ზ-ე, - - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;

· მ. მ-ე, - - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;

· გამართლებულებს განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

o მსჯავრდებულმა ზ. მ-მა და მისმა ადვოკატებმა - ლ. კ-ემ და პ. გ-ემ, რომლებმაც საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ზ. მ-ის გამართლება;

o საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა, რომელმაც საჩივრით მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ზ. მ-ის, ა. ვ-ის, პ. ზ-ისა და მ. მ-ის დამნაშავეებად ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2005 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მათთვის 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

o მსჯავრდებულ ზ. მ-ის ადვოკატმა გ. ტ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ზ. მ-ის გამართლებას;

o საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.

7. გამართლებულ პ. ზ-ის ადვოკატი ნ. მ-ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს: არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის მოთხოვნა და უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი პ. ზ-ის მიმართ.

8. გამართლებულები - ა. ვ-ე და მ. მ-ე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვენ პროკურორის საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

9. პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულ ზ. მ-ის ადვოკატის საჩივარი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, კასატორები ვერ უთითებენ ისეთი სახის გარემოებებზე, რომლებიც შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.

12. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და დაცვის მხარის პოზიციებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

14. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. მ-ის ადვოკატ გ. ტ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე