Facebook Twitter

საქმე # 330100119003349041

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №197აპ-21 ქ. თბილისი

ვ–ი ნ., 197აპ-21 30 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ვ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. ვ–ს, - დაბადებული 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 13 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 2 ნოემბერს, 21:30-02:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. თ............ში, ქ. ........ის გამზირი №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. ვ–ი, მ. მ–ს კუთვნილ „დაიჰაცუ ტერიოსის“ ფირმის ავტომანქანის (სახ. ნომრით .......) სავარძლიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ჩანთას და მასში მოთავსებულ ნივთებს, კერძოდ: „ასერის“ ფირმის ლეპტოპს, ერთ ტერაბაიტიან მყარ დისკს, ლეპტოპის დამტენს, მაუსს, კაბელს და ჩანთაში არსებულ დოკუმენტებს. აღნიშნული ქმედებით მ. მ–ს მიადგა 1020 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

- 2019 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 00:00-01:00 საათამდე დროის შუალედში, ნ. ვ–ი ქ. თ..............ში, ..........ის ქუჩა №..-ში მდებარე შპს „...........ის“ კუთვნილ ავტოსახელოსნოში მდგარი „მერსედესის“ ფირმის ავტომანქანიდან (სახ. ნომრით „..........“), ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ავტონაწილებს, კერძოდ: „რულის შლეიფს“, „ჩელენჯერს“ და გამათბობლის შიდა მოწყობილობას. აღნიშნული ქმედებით შპს „............ს“ მიადგა 1000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

- 2019 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათისთვის, ნ. ვ–ი ქ. ............ში, ..........ის ქუჩა №..-ში მდებარე საავადმყოფოს ეზოში შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა თ. ა–ს კუთვნილი „ინფინიტის“ ფირმის ავტომანქანის (სახ. ნომრით “.......”), გვერდითა უკანა ხედვის სარკეებს, რითაც თ. ა-ს შესაძლოა მისდგომოდა 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ივლისის განაჩენით:

- ნ. ვ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 13 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

- ნ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 წლით, 2 თვით და 30 დღით თავისუფლების აღკვეთიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 წლით.

ნ. ვ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 21 ნოემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი ქარდავამ მოითხოვა ნ. ვ–სათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 13 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა.

მსჯავრდებულ ნ. ვ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. მ–მ მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ვ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გაანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ნ. ვ–ს წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ. ვ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

3. სასამართლო ითვალისწინებს რომ მოწმეების ე. კ–ს, ა. ა–ს, გ. თ–ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით (რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული და ოქმზე მის მიერ რაიმე შენიშვნა არ არის გაკეთებული), ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N........ დასკვნით, დაზარალებულის ჩვენებით დასტურდება ნ. ვ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

4. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5. საკასაციო სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მოწმე-პოლიციელების ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული. სასამართლო მიუთითებს, რომ ე. კ–ს, ა. ა–ს და გ. თ–ს სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შენიშნეს, თუ როგორ ცდილობდა ნ. ვ–ი ქ. თ.........ში, ...........ს ქუჩა №..-ში მდებარე საავადმყოფოს ეზოში მდგარი ავტომანქანის გვერდითა უკანა ხედვის სარკეების ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. ე. კ–ს განმარტებით, მან დაინახა როგორ ხსნიდა ბრალდებული სარკეებს, შემდეგ დააზუსტა და განმარტა, რომ თავდაპირველად გაიგო სარკის მოტეხვის ხმა, ხოლო შემდეგ დაინახა პირი, ვისაც მიჰქონდა სარკე. ნ. ვ–ს მიერ გაჩერებული ავტომანქანისთვის სარკის მოხსნა დაინახეს ა. ა–მ და გ. თ–მ. მათი განმარტებით, ნ. ვ–ი ავტომანქანის სარკეების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემდეგ, სწრაფი ნაბიჯით შეეცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, რა დროსაც შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელებმა განმარტეს, რომ ბრალდებულისგან ამოღებული სარკეებიდან ერთი იყო დაზიანებული, რაც აღინიშნა პირადი ჩხრეკის ოქმში.

6. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აბსტრაქტულად იმის მტკიცება, რომ პოლიციელთა, როგორც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა, ჩვენებები ყველა შემთხვევაში არის სუბიექტური - დაუსაბუთებელია. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 გადაწყვეტილება; 2020 წლის 6 ოქტომბრის N355აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 10 მარტის 658აპ-20 გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია, ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგებიან არც ერთმანეთს და არც საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, არ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესება; პოლიციელთა ჩვენებებთან თანხვდენილია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც „ინფინიტის“ ფირმის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით .........) მარჯვენა გვერდითა უკანა ხედვის სარკის ჩარჩოს გარე ზედაპირიდან აღებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ. ვ–ს.

7. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბიოლოგიური ექსპერტიზის თაობაზე და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე ინფორმირებული იყო ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, დადგენილი წესით გაეცვალა ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებები და შესაბამისი მიმართვები დადგენილების ექსპერტიზაზე გადაგზავნის შესახებ; დაცვის მხარეს არ შეეზღუდა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების და ექსპერტის დაკითხვის შესაძლებლობა; დადგენილებისა და საკვლევი ობიექტის ექსპერტიზაზე გადაგზავნის შესახებ მიმართვა, ისევე როგორც მტკიცებულებათა გაცვლის ოქმი შექმნილია ერთ დღეს, 2019 წლის 20 დეკემბერს, შესაბამისად, დაცვის მხარის პრეტენზია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.

8. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ნ. ვ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

9. სასაქონლო ექსპერტიზის №.......... დასკვნით დადგენილია, რომ 2006 წელს გამოშვებული, „ინფინიტ FX35“-ის ფირმის ავტომანქანის უკანა ხედვის სარკის მინის დაზიანებამდე საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 100 ლარს. შესაბამისად, ორი ცალი სარკის ღირებულება უტოლდება 200 ლარს.

10. დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ. მ–მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნა გასცა 2019 წლის 18 დეკემბერს. იგი ექსპერტიზის დასკვნას და საკვლევ ობიექტს აბარებს კანცელარიას, შესაბამისად, დასკვნის გამომძიებლისთვის გადაცემაზე პასუხისმგებელია კანცელარია და მისთვის ცნობილი არ არის საკვლევი ობიექტის გამომძიებლისთვის გადაცემის თარიღი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) მე-9 მუხლით განმტკიცებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო ვალდებულია, მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა. მითითებული ნორმები ზოგადი ხასიათისაა, რაც განამტკიცებს შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებს, ხოლო კონკრეტული სამართლებრივი საკითხი უნდა გადაწყდეს იმ სპეციალური ნორმების შესაბამისად, რომლებიც არეგულირებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას.

12. საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი ადგენს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა ერთმანეთისათვის გადაცემისა და სასამართლოში წარდგენის წესს. მითითებული ნორმა გარდა იმისა, რომ მხარეებს ავალდებულებს ერთმანეთს და სასამართლოს გადასცენ სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებები, იმპერატიულად განსაზღვრავს აღნიშნული ვალდებულების განხორციელების ვადასაც (მე-6 ნაწილი). აღნიშნული ვადის დარღვევით წარდგენილი მტკიცებულების დაშვება-არდაშვების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს ამ მტკიცებულების უფრო ადრე წარუდგენლობის მიზეზების საფუძველზე.

13. განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტიდან სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ............. სამმართველოს მე-.. განყოფილებაში გაიგზავნა 2019 წლის 18 დეკემბერს; ხოლო მ. ს–მ (განყოფილების უფროსი/კანცელარიის უფროსი) ჩაიბარა 2019 წლის 18 დეკემბერს 18:10 წუთზე. მიმართვაში მითითებულია, რომ სამმართველოში გაიგზავნა ექსპერტიზის დასკვნა და ერთი დალუქული პაკეტი (ამოღებული უკანა გვერდითა სარკეების 2 ცალი მინა). 2019 წლის 20 დეკემბრის მტკიცებულებათა გაცვლის ოქმში მითითებულია, რომ ნ. ვ–საგან ამოღებული „ინფინიტის“ მარკის ავტომობილის უკანა გვერდითა სარკეების 2 ცალი მინა ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ........... სამმართველოს მე-.. განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.

14. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ბრალდების მხარეს ობიექტურად არ ჰქონდა აღნიშნული მტკიცებულების დაცვის მხარისათვის საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში ან 2019 წლის 30 დეკემბრის წინასასამართლო სხდომამდე გადაცემის შესაძლებლობა. შესაბამისად, არ არის გაქარწყლებული ეჭვი, რომ მტკიცებულებათა გაცვლის დროს, 2019 წლის 20 დეკემბერს ბრალდების მხარეს უკვე მიღებული ჰქონდა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული დასკვნის დაცვის მხარისთვის და სასამართლოსთვის წარდგენა არ მოხდა არც მოგვიანებით, 2019 წლის 26 დეკემბრის წინასასამართლო სხდომაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის საფუძველზე არ გაიზიარებს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან მოკლებულია შესაძლებლობას ნ. ვ–ს მსჯავრდებისათვის გამოიყენოს მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარემ არ გაუცვალა დაცვის მხარეს საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით.

15. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ზიანის ოდენობა - 200 ლარი, განაპირობებდა ნ. ვ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციას. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნის გაზიარების გარეშე დაუდგენელია ნ. ვ–ს ქმედებით გამოწვეული ზიანი და მის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

16. ნ. ვ–სთვის განსაზღვრულ სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია, კონკრეტული პირის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლების მკაფიოდ განსაზღვრა, რესოციალიზაციისა და პრევენციის მიზნების უზრუნველყოფა.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ არ არსებობს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის კანონისმიერი საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წინაპირობები, მათ შორის - მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება, დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და თანამშრომლობა გამოძიებასთან, პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მათ შორის მსჯავრდებულის პიროვნება, მისი ქცევა), ჩადენილი ქმედების სიმძიმე, ასევე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ნ. ვ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. მართალია, ნ. ვ–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, მაგრამ აღნიშნული ვერ აისახება საბოლოო სასჯელზე, ვინაიდან ნ. ვ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას (4 დან 7 წლამდე ვადით). მოცემულ შემთხვევაში ნ. ვ–ს განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მინიმუმთან მიახლოებული ხანგრძლივობით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ ნ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაუმატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 წლით, 2 თვითა და 30 დღით თავისუფლების აღკვეთიდან მხოლოდ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

19. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ვ–ი 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის არაერთი ეპიზოდის ჩადენისათვის, შესაბამისად, 2019 წლის 21 ნოემბერს იყო ნასამართლობის მქონე პირი და მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის მიხედვით წარმოადგენს არაერთგზის დანაშაულს, თუმცა ვინაიდან არ არის წარმოდგენილი ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი და ბრალდების მხარე ნ. ვ–ს არ ედავება ქურდობის არაერთგზის ჩადენას სასამართლოს საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე არ აქვს უფლება გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. ვ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მსჯავრდებულ ნ. ვ–ს მსჯავრიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება და ამ ნაწილში გამართლდეს;

4. ნ. ვ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(2019 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 წლით, 2 თვითა და 30 დღით თავისუფლების აღკვეთიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

7. ნ. ვ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 21 ნოემბრიდან.

8. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე