ას-101-421-04 28 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: თანხის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. რ.-მა რ. ლ.-ს ასესხა 2000წ. 2 ნოემბერს სანოტარო წესით გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით უპროცენტოდ ათი დღის ვადით 5500 აშშ დოლარი.
ც. რ.-მა 2002წ. 8 თებერვალს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე რ. ლ.-ის მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ 7260 აშშ დოლარის გადახდა. აქედან 5500 აშშ დოლარი რ. ლ.-ის მიერ სესხად მიღებული თანხაა, 17600 აშშ დოლარი კი პროცენტის თანხა (ძირითადი თანხის 2% X 16 თვეზე).
მოპასუხე რ. ლ.-მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2000წ. 2 ნოემბერს ც. რ.-ისაგან 5500 აშშ დოლარი ისესხა 10%-ით. სესხის ხელშეკრულება კი 5500 აშშ დოლარზე გაფორმდა. მითითებული თანხა – 5500 აშშ დოლარი ც. რ.-ს 2000წ. 28 დეკემბერს დაუბრუნა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით ც. რ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე რ. ლ.-ს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 5500 აშშ დოლარის და პროცენტის თანხის 1760 აშშ დოლარის, ე.ი სულ 7260 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ლ.-მ აპელაციის წესით გაასაჩივრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
გააუქმა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ც. რ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე რ. ლ.-ს დაეკისრა 6600 (ექვსიათას ექვსასი) აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელე ც. რ.-ის სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატის გადაწყვეილება დასაბუთებული იმით, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებამდე რ. ლ.-ის მეუღლემ ზ. ხ.-მა ც. რ.-ისაგან 2000წ. 6 მარტის სესხის ხელშეკრულებით 3000 აშშ დოლარი ისესხა, ხოლო 2000წ. 26 ივლისის ხელშერულებით კი 2000 აშშ დოლარი. ამ სესხებისთვის პროცენტის თანხას ზ. ხ.-ის ნაცვლად მისი მეუღლე რ. ლ.-ი იხდიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა 2001წ. მარტის თვიდან პროცენტის გადახდა შეწყვიტა. 2001წ. 11 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა ე.წ მორიგების ხელშეკრულება, რომლის თანახმად რ. ლ.-ს ც. რ.-ისათვის 8000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2001წ. აგვისტოში.
რ. ლ.-მა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა მარტივი წერილობითი ფორმით შედგენილი ხელწერილი იმის მტკიცებულებად, რომ მას მოსარჩელის მთლიანი ვალი გადახდილი აქვს.
ამ ხელწერილზე ც. რ.-ის ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნებში კატეგორიული ფორმით არ არის მითითებული, რომ სადავო ხელმოწერა ნამდვილად ც. რ.-ს ეკუთვნის. სააპელაცო სასამართლომ ეს ხელწერილი არ მიიჩნია რ. ლ.-ის მიერ ც. რ.-ისათვის ვალის დაბრუნების მტკიცებულებად იმის გამოც, რომ მასზე მითითებული არაა არც მისი შედგენის და არც ცალკეული ჩანაწერების შესრულების დრო და ადგილი. ამასთან ხელწერილი შინაარსობრივადაც გაუმართავია და სავარაუდოდ თანხის ოდენობის აღმნიშვნელი ციფრებიც გადაკეთებულ-გადაშლილია.
სააპელაციო სასამართლომ რ. ლ.-ის მიერ ც. რ.-ის მთლიაბი ვალის გადახდა არ გაიზიარა იმის გამო, რომ პროცესზე მოპასუხის განმარტებები არათანამიმდევრული და განსხვავებულია.
სააპელაციო სასამართლოში ც. რ.-მ დაადასტურა, რომ 2001წ. 7 ივნისს აპელანტმა რ. ლ.-მ მას დაუბრუნა 500 აშშ დოლარი.
სააპელაციო პალატამ ც.რ.-ის სარჩელი დააკმაყოფილდა სკ-ის 623-ე და 403-ე მუხლების საფუძველზე.
რ. ლ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მან საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა კასატორის მიერ წარდგენილი ხელწერილი და უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ მას მოსარჩელისათვის სესხი არ დაუბრუნებია, რადგან ამ ხელწერილში მითითებულია ც.რ.-ისათვის თანხის დაბრუნების თაობაზე. სასამართლომ არანაირი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ც. რ.-ის განმარტებები არათანმიმდევრული და განსხვავებულია, რადგან მან თავიდან საერთოდ უარყო რ. ლ.-ისაგან რაიმე თანხის მიღება, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოში თავმჯდომარის შეკითხვაზე დაადასტურა, რომ 500 აშშ დოლარი დაუბრუნა მოპასუხემ.
სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ შინაურულ ხელწერილზე ხელმოწერა ნამდვილად შესრულებულია ც.რ.-ის მიერ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ რ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რ. ლ.-მ ისესხა ც. რ.-ისაგან 5500 აშშ დოლარი და ამის თაობაზე სანოტარო წესით 2000წ. 2 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანახმად მოვალეს 10 დღეში, პროცენტის გარეშე უნდა გადაეხადა ვალი.
საქმეში არსებული 2000წ. 6 მარტის სესხის ხელშეკრულების თანახმად, ც. რ.-მ ზ. ხ.-ს (რ.ლ.-ის მეუღლეს) 2000წ. 6 ივლისამდე უპროცენტოდ ასესხა 3 ათასი აშშ დოლარი.
2000წ. 26 ივლისის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ც.რ.-მ ზ. ხ.-ს 2000წ. 26 ოქტომბრამდე უპროცენტოდ ასესხა 2 ათასი აშშ დოლარი. ორივე სესხის ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით.
საქმეში მოცემულია მარტივი წერილობითი ფორმით შედგენილი ხელწერილი, რომელშიც მითითებულია, რომ რ.ლ.-მა ც.რ.-ს 28 დეკემბერს გადაუხადა 5000 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლომ ერთის მხრივ სადავოდ მიიჩნია ამ ხელწერილის ნამდვილობა, ვინაიდან ც.რ.-მ უარყო მასზე თავისი ხელმოწერა. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალური სამმართველოს 2003წ. 1 ივლისის ¹19(544)-51 დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილ ხელწერილზე არსებული ჩანაწერი-ხელმოწერა “რ.-ი ც.” შესაძლებელია შესრულებული იყოს ც.რ.-ის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ ხერხდება კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ხელწერილზე არსებული ჩანაწერი-ხელმოწერა “რ.-ი ც.” არ არის გადაღებული საქმეში. 2000წ. 26 ივლისის სესხის ხელშეკრულებაზე არსებული ც.რ.-ის ხელმოწერიდან. ამდენად, ექსპერტის დასკვნაში კატეგორიულად არ არის მითითებული, რომ მასზე შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის ც. რ.-ს. სააპელაცო სასამართლომ ეს ხელწერილი არ მიიჩნია რ. ლ.-ის მიერ ც. რ.-ისათვის ვალის დაბრუნების მტკიცებულებად იმის გამოც, რომ მასზე მითითებული არაა არც მისი შედგენის და არც ცალკეული ჩანაწერების შესრულების დრო და ადგილი. ამასთან ხელწერილი შინაარსობრივადაც გაუმართავია და სავარაუდოდ თანხის ოდენობის აღმნიშვნელი ციფრებიც გადაკეთებულ-გადაშლილია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის ამგვარ მოსაზრებას, რადგან მოცემული დავის საგანს წარმოადგენს რ.ლ.-ის მიერ ც.რ.-ისაგან ნასესხები თანხის – 5500 აშშ დოლარის დაბრუნება, ც.რ.-ს სარჩელით არ მოუთხოვია რ.ლ.-ის მეუღლე ზ.ხ.-ის მიერ ნასესხები თანხების დაბრუნება. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ხელწერილის შეფასებისას უნდა ემსჯელა მხოლოდ იმის თაობაზე, დასტურდება თუ არა რ. ლ.-ის მიერ მოსარჩელისათვის 5500 აშშ დოლარის გადახდა.
სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს ერთობლიობაში უნდა შეეფასებინა მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სააპელაციო სასამართლომ არანაირი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმას, რომ რ.ლ.-ი შესაგებელში, სააპელაციო საჩივარში და მის მიერ წარმოდგენილ ხელწერილშიც მიუთითებს, რომ მოსარჩელეს თავისი ვალი – 5000 აშშ დოლარი დაუბრუნა 2000წ. დეკემბერში. საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის 2001წ. 11 ივნისს გაფორმებული ე.წ. მორიგების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რ. ლ.-მ 2001წ. 7 ივნისს ც. რ.-ს გადასცა 500 აშშ დოლარი და ივალდებულა, რომ 2001წ. 31 აგვისტომდე ც. რ.-ს კიდევ დაუბრუნებდა 8000 აშშ დოლარს, რის შემდეგ მხარეთა შორის არსებული სამივე ხელშეკრულება უნდა გაუქმებულიყო.
ამ მორიგების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნამდვილობას არცერთი მხარე არ ხდის სადავოდ. ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ც.რ.-მა რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის სხდომაზე განმარტა, რომ ამ მორიგების ხელშეკრულებით არ დასტურდება, რომ ეს სესხი ეხებოდა 2000წ. 2 ნოემბრის ხელშეკრულებას; ხოლო რ.ლ.-მ იმავე სხდომაზე განმარტა, ნამდვილად რომ გადაუხადა 5500 აშშ დოლარი ც.რ.-ს, ეს დასტურდება მხარეთა მორიგების ხელშეკრულებით. სააპელაციო სასამართლომ ამ განმარტებებს არ მისცა არანაირი შეფასება და არ გამოარკვია, თუ 2001წ. ივნისისათვის რ.ლ.-ს 5000 აშშ დოლარი არ ჰქონდა გადახდილი მოსარჩელისათვის, ამ ხელშეკრულებაში მხარეებმა რატომ არ გაითვალისწინეს მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი 5000 აშშ დოლარი და რ.ლ.-ის მიერ 2001წ. 7 ივნისს ც.რ.-ისათვის მხოლოდ 500 აშშ დოლარის გადახდაზე რატომ მიუთითეს.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.