საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №96აპ-21 ქ. თბილისი
გ-ე გ-ი, 96აპ-21 16 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენით გ. გ-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 2-2 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 30 იანვრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ემ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის; ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, არაერთგზის.
3. გ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.
· 2020 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, თ-ში, წ-ის ქ. №--ში, ნასვამმა გ. გ-ემ შელაპარაკებისას თავის გერს – დ. ს-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა და გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში. აღნიშნულის შედეგად დ. ს-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2015 წლის 17 აპრილიდან მ. ს-ა რეგისტრირებულ ქორწინებაშია გ. გ-ესთან. მათთან ერთად ცხოვრობდა მ. ს-ას შვილი, 15 წლის დ. ს-ი. თანაცხოვრების პერიოდში, 2019 წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისათვის გ. გ-ემ მოიხადა საპატიმრო სასჯელი, სხვადასხვა მიზეზით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს – მ. ს-ას და ამას სჩადიოდა არასრულწლოვანი გერის – დ. ს-ის თანდასწრებით. ამასთანავე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედა-შვილს – მ. და დ. ს-ებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, დ. ს-ს სიტყვიერ შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებდა დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, გ. გ-ეს არ მოსწონდა გერის – დ. ს-ის ჩაცმულობა და ვარცხნილობა, რაც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიზეზი ხდებოდა.
· გ. გ-ის ქმედებების შედეგად მ. ს-ამ და დ. ს-მა განიცადეს ტანჯვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის განაჩენი კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ის სრულად გამართლებას იმ მოტივით, რომ საქმეში არ არსებობს მისი დანაშაულში მამხილებელი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ. გ-ის ბრალეულობა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერებით, 112-ში შეტყობინებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ექსპერტის ჩვენებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. გ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
8. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
9. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი