საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№156აპ-21 ქ. თბილისი
გ-ა ი-ი, 156აპ-21 7 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. გ-ამ ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ; ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 17 მაისს, საღამოს საათებში, ქ. ს-ში მცხოვრები ი. გ-ა მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ასევე ს-ში მცხოვრებ მეუღლეს – ა. ჭ-ეს, რომელსაც ურთიერთშელაპარაკებისას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2018 წლის 9 დეკემბერს ი. გ-ამ ს-ში, რ-ის ქ. №-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის – დ. გ-ას თანდასწრებით, კისერში ხელი წაუჭირა მეუღლეს – ა. ჭ-ეს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ი. გ-ა, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი გივი გოცაძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ი. გ-ას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობასა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. გ-ას მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა ა. ჭ-ემ, ასევე, მოწმე დ. გ-ამ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. ბრალდებულის მიერ დაზარალებულზე შესაძლო ძალადობა სასამართლოში გამოკვლეული რაიმე უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურებულა. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებულ სხვა მტკიცებულებებს, ისინი უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
9. საკასაციო პალატის აზრით, ასევე დაუდასტურებელია ი. გ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაც, რადგან, ისეთ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შეუძლებელია იმის დადგენა, ნამდვილად გაუჩინა თუ არა ი. გ-ას მუქარამ (ასეთი რომც მომხდარიყო) დაზარალებულ ა. ჭ-ეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
10. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტით შემოწმდა მხოლოდ გამოძიებაში დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და სხვა სახის დამატებითი მტკიცებულება არ მოპოვებულა. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება, როგორც ისეთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. წარმოდგენილ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა კი ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და არ ადასტურებს ბრალდებულის ბრალეულობას მისთვის შერაცხული ქმედებების ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
11. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულის მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR,09/07/2019).
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
13. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი