Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №5აპ-21 თბილისი

გ-ი გ-ი, 5აპ-21 29 ივნისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატ მ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენით გ. გ-ს ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ერთი ეპიზოდი, როგორც ზედმეტად წარდგენილი. გ. გ-ი, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით - 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის განჩინებით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. გ-ს განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 25 დეკემბრიდან.

2. განაჩენის მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2019 წლის 24 დეკემბერს გ. გ-ი მ. და ი. კ-ებს დაემუქრა ქონების განადგურებითა და სიცოცხლის მოსპობით, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ცალ-ცალკე არ დამუქრებია და ერთი დანაშაულებრივი ქმედება (მუქარა) ერთდროულად განახორციელა ერთობლივად რამდენიმე პირის მიმართ, მისი ქმედება სასამართლომ შეაფასა მუქარის ერთ ეპიზოდად. შესაბამისად, გ. გ-ს ამოურიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ერთი ეპიზოდი, როგორც ზედმეტად წარდგენილი. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად, გ. გ-ის მიერ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით დანაშაულების ჩადენა ვერ დადასტურდა და მუქარის ფაქტები განპირობებული იყო მეუღლის მიმართ ეჭვიანობით.

3. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.

4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2019 წლის 26 თებერვლიდან იმავე წლის 24 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, თ-ში, ლ-ის ქ. №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თანაცხოვრებისას, თითქმის ყოველდღიურად, გ. გ-ი ერთიანი განზრახვით, სიტყვიერად შეურაცხყოფდა თავის მეუღლე მ. კ-სა და სიდედრ ი. კ-ეს, კერძოდ: სისტემატურად, მათ შორის ალკოჰოლით სიმთვრალისას, შეურაცხმყოფელი სიტყვებით ლანძღავდა მათ, აგინებდა და ამცირებდა; ამასთან, მ. კ-ეს მუდმივად უკონტროლებდა სხვა პირებთან კომუნიკაციას, სამსახურთან აკითხავდა და აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის საბაბით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შეურაცხყოფის მიყენებისა და დამცირების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, მარიამ და იზოლდა კასრაძეები განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას;

o 2019 წლის 17 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, თ-ში, ლ-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. გ-მა იძალადა თავის მეუღლე მ. კ-ზე, კერძოდ, მ. კ-ის მხრიდან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, გაშლილი ხელი დაარტყა სახისა და ყურის მიდამოში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

o 2019 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 03:30 საათიდან 07:00 საათამდე დროის მონაკვეთში, თ-ში, ლ-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. გ-ი სიცოცხლის მოსპობითა და სახლის გადაწვით დაემუქრა სიდედრს - ი. კ-სა და მეუღლე მ. კ-ეს, რის გამოც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

ü მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატმა მ. ჯ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. გ-ის გამართლება;

ü თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია გურულმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და გ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) და მისთვის განაჩენთა ერთობლიობით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

· გ. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

· გ. გ-ს ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ერთი ეპიზოდი, როგორც ზედმეტად წარდგენილი;

· გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის განჩინებით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. გ-ს განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 25 დეკემბრიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატმა მ. ჯ-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ის გამართლებას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც გ. გ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატ მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე