საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№987აპ-20 ქ. თბილისი
დ-ე ი-ი, 987აპ-20 16 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის განაჩენით ი. დ-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით – 6 წლით, ხოლო 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე 5 წლით ჩამოერთვა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 12 ოქტომბრიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. დ-ემ ჩაიდინა: ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით.
4. ი. დ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ი. დ-ემ დაუდგენელ დროს მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას; 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ და 9X18 მმ კალიბრიანი ვაზნები, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად; ქარხნული წესით დამზადებული, „Ф-1“ ტიპის, ხელის მსხვრევადი ორი ყუმბარა სასკდომი მუხტით; „РГД-5“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარა სასკდომი მუხტით და ერთი „УЗРГМ“ ამფეთქი ფალია, რომლებიც არის ასაფეთქებელი მოწყობილობები და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ მოწყობილობას ი. დ-ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2019 წლის 11 ოქტომბერს ხ-ში.
· ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ი. დ-ეს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან – ნ. გ-ესთან, რის გამოც განიზრახა მისი მოკვლა განსაკუთრებული სისასტიკით. ამ მიზნით, 2019 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 11 საათზე, ი. დ-ე, კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით – ვაზნებითა და სამი ხელყუმბარით შეიარაღებული, მივიდა ნ. გ-ის სამუშაო ადგილზე – ხ-ში, თ. მ-ის ქ. №--ში მდებარე მეორეული ტანსაცმლის მაღაზიაში. მისი დანახვისას ნ. გ-ემ შიგნიდან ჩაკეტა მაღაზიის კარი. ი. დ-ემ თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნ. გ-ეს, თუმცა დაზიანება ვერ მიაყენა. ამის შემდეგ მან მაღაზიის შენობაში მისი მიმართულებით ისროლა „Ф-1“ ტიპის ხელყუმბარა და თავად გარკვეული მანძილით მოშორდა მაღაზიის კარს. ნ. გ-ე მაღაზიიდან გამოიქცა და შევიდა იქვე, თ. მ-ის ქ. №--ში მდებარე სუპერმარკეტ „მ-ის“ შენობაში, სადაც მას შეჰყვა ი. დ-ეც და განსაკუთრებული სისასტიკით, განსაკუთრებული ტანჯვის მიყენების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის არაერთი დარტყმით მიაყენა დაზიანებები, რის შედეგად ნ. გ-ე რამდენიმე საათში ხ-ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ი. დ-ე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და 4 ვაზნა ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ვ. ვ-მა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ი. დ-ეს, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებისა, მხოლოდ სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასა და სასჯელის შემსუბუქებას.
6. პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი შესაგებლით ითხოვს ადვოკატ ვ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (მოწმეების – დ. წ-ის, მ. ტ-ის, თ. ხ-ისა და სხვათა გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ჩხრეკისა და ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, პიროტექნიკური, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებითა და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ი. დ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
10. გარდა ამისა, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას ი. დ-ის მიერ ნ. გ-ის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის განზრახვასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქცევა დანაშაულის ჩადენამდე და ჩადენის დროს, მკვლელობის ხერხის შერჩევა, ჭრილობათა ლოკალიზაცია, ხარისხი და რაოდენობა, ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად ყუმბარებისა და სანადირო დანის ქონაც გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას და ადასტურებს ი. დ-ის განზრახვას, განსაკუთრებული სისასტიკით მოეკლა ყოფილი მეუღლე. ამასთან, მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – №409აპ-19, №98კოლ-02), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ი. დ-ის ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდება ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში არის კანონიერი.
13. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი. დ-ეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელი განუსაზღვრეს მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილ ქმედებათა სიმძიმის, ხასიათის, განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი