Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№153აპ-21 ქ. თბილისი

ზ-ი ნ-ი, 153აპ-21 28 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. ზ-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რელიგიური შეუწყნარებლობის გამო; ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2017 წლის მაისიდან 2019 წლის 7 ივნისამდე დროის პერიოდში, ბ-ში, ფ. ხ-ის გამზირის მე-- შესახვევის №-, ბინა №--ში, გენდერული და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ ქალია და იმავდროულად არის ქრისტიანული რელიგიის მიმდევარი, ნ. ზ-ი ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით, სისტემატურად სცემდა და სხვაგვარად ძალადობდა თავისი ოჯახის წევრზე, ორსულ მეუღლეზე – მ. ღ-ზე. 2017 წლის მაისის შემდეგ ნ. ზ-ის ფიზიკური ძალადობა მ. ღ-ზე განმეორდა: 2017 წლის მაისში, 2017 წლის ზაფხულში, 2017 წლის სექტემბერსა და ნოემბერში, 2018 წლის ივნისში, 2019 წლის მარტში, 2019 წლის 6 ივნისსა და 7 ივნისს, კერძოდ:

1) 2017 წლის მაისში ნ. ზ-მა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს – მ. ღ-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში, კედელზე მიარტყმევინა თავი, რა დროსაც მ. ღ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2) 2017 წლის მაისში ნ. ზ-მა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს – მ. ღ-ს რამდენჯერმე ხელი დაარტყა თავსა და სახის არეში, რითიც მიაყენა ფიზიკური ტკივილი;

3) 2017 წლის ზაფხულში ნ. ზ-მა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს – მ. ღ-ს მოუწოდა, რომ შეეცვალა ქრისტიანული რელიგია, მიეღო ისლამი და ეტარებინა შესაბამისი ტანსაცმელი, ურთიერთშელაპარაკების დროს კი მეუღლეს დაარტყა სახეში, რა დროსაც მ. ღ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

4) 2017 წლის სექტემბერში ნ. ზ-მა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს – მ. ღ-ს თავისა და კისრის არეში მიაყენა დაზიანებები, რა დროსაც მ. ღ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

5) 2017 წლის ნოემბერში ნ. ზ-მა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს – მ. ღ-ს ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს სცემა და ბალიშის გამოყენებით ცდილობდა მის გაგუდვას, რა დროსაც მ. ღ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

6) 2018 წლის ივნისში ნ. ზ-მა ხელის გამოყენებით სცემა მეუღლეს – მ. ღ-ს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

7) 2019 წლის მარტში ნ. ზ-მა ოჯახის წევრს – მეუღლეს, მ. ღ-ს სახეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი;

8) 2019 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნ. ზ-მა მეუღლეს – მ. ღ-ს სახეში დაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

9) 2019 წლის 7 ივნისს, დილის საათებში, ნ. ზ-მა მეუღლეს– მ. ღ-ს თავის არეში, სახესა და სხეულის სხვადასხვა ადგილას სცემა და მიაყენა დაზიანებები. სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

· 2017 წლის მაისიდან 2019 წლის 7 ივნისამდე დროის პერიოდში ქ. ბ-ში, ფ. ხ-ის გამზირის მე-- შესახვევის №-, ბინა №--ში, გენდერული და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ ქალია და, იმავდროულად, არის ქრისტიანური რელიგიის მიმდევარი, ნ. ზ-ი ლანძღვა-გინებით, დამცინავი, დამამცირებელი და უწმაწური სიტყვებით სისტემატურად აშანტაჟებდა, შეურაცხყოფდა და ამცირებდა ორსულ მეუღლეს – მ. ღ-ს, რამაც დაზარალებულს მიაყენა სულიერი ტანჯვა და ფსიქოლოგიური ტრავმა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

· 2019 წლის 7 ივნისს, დილის საათებში, ქ. ბ-ში, ფ. ხ-ის გამზირის მე-- შესახვევის №-, ბინა №--ში, ნ. ზ-ი, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს – მ. ღ-ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2017 წლის ნოემბერში ქ. ბ-ში, ფ. ხ-ის გამზირის მე-- შესახვევის №-, ბინა №---ში, ნ. ზ-ი, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მეუღლეს – მ. ღ-ს დაუზიანა „სამსუნგ გალაქსის“ ფირმის პლანშეტი, რამაც გამოიწვია 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 მარტის განაჩენით ნ. ზ-ს, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი; ნ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 1000 ლარი, 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ნ. ზ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 7 ივნისიდან.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ზ-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რელიგიური შეუწყნარებლობის გამო; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2017 წლის მაისიდან 2019 წლის 7 ივნისის ჩათვლით, ქ. ბ-ში, ფ. ხ-ის გამზირის მე-- შესახვევის №-, ბინა №--ში, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ნ. ზ-ი ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით, სისტემატურად სცემდა და სხვაგვარად ძალადობდა თავისი ოჯახის წევრზე – ორსულ მეუღლეზე, მ. ღ-ზე. მისი საბოლოო მიზანი იყო, აეძულებინა მეუღლე, შეეცვალა რელიგიურ აღმსარებლობა. ცემა განმეორდა 2019 წლის 6 ივნისის, დაახლოებით 17:00 საათზე – ნ. ზ-მა მეუღლეს – მ. ღ-ს ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც მ. ღ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე 2019 წლის 7 ივნისს, დილის საათებში, ნ. ზ-მა მეუღლეს – მ. ღ-ს სცემა და მიაყენა დაზიანებები. სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

· 2019 წლის 7 ივნისს, დილის საათებში, ქ. ბ-ში, ფ. ხ-ის გამზირის მე-- შესახვევის №-, ბინა №--ში, ნ. ზ-ი, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს – მ. ღ-ს, რა დროსაც მ. ღ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2017 წლის ნოემბერში ბ-ში, ფ. ხ-ის გამზირის მე-- შესახვევის №-, ბინა №--ში, ნ. ზ-მა, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მეუღლეს – მ. ღ-ს დაუზიანა ,,სამსუნგ გალაქსის“ ფირმის პლანშეტი, რამაც გამოიწვია 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

5. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატი ი. ა-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ნ. ზ-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, მისი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად პირობითი მსჯავრის განსაზღვრას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, ვინაიდან მსჯავრდებულ ნ. ზ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით უტყუარადაა დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ. ღ-ის, მოწმეების – ნ. ღ-ის, ნ. ღ-ის, ღ. უ-ის, ქ. დ-ის, ა. ტ-ს, თ. ჯ-ისა და სხვათა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 7 ოქტომბრის №--დასკვნით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 25 ივლისის №-- დასკვნით, 112-ში შეტყობინების აუდიოჩანაწერით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ცნობით, სასაქონლო ექსპერტიზის №- დასკვნით , მ. ღ-ის სხეულის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით.

10. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის საბოლოო ზომას – 4 წლით თავისუფლების აღკვეთას – საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ის შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

11. პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს ასევე დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

13. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

14. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, თუმცა ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა და, ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება ნ. ზ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებულ ჯარიმაზე.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი