საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№136აპ-21 ქ. თბილისი
თ-ი პ-ა, 136აპ-21 18 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. თ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ჭ-ისა და ლ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1 ივნისის განაჩენით პ. თ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 1000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და პ. თ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 6 სექტემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. თ-მა ჩაიდინა: ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან; დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე დროის პერიოდში, 19-- წელს დაბადებულმა პ. თ-მა თ-ში, ი-ის ქ. №--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, თავისთან მყოფ, 2009 წელს დაბადებულ ნ. ს-ეს თავდაპირველად მობილურ ტელეფონში უჩვენა შიშველი ქალის სურათები, აყურებინა პორნოგრაფიული ფილმები და უხსნიდა, რომ „ეს იყო სექსი“, შეეკითხა სასქესო ორგანოს შესახებ, რის შემდეგაც გაიხსნა ქამარი, ამოიღო სასქესო ორგანო, აჩვენა ნ. ს-ეს და უთხრა, რომ „ეს არის ისო“.
· 2019 წლის 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება პ. თ-ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, რომლის თანახმადაც, პ. თ-ს 6 თვით აეკრძალა ნ. ს-ესა და არასრულწლოვან ვ. თ-თან მიახლოება. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით პ. თ-ს აეკრძალა ასევე იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იმყოფებოდნენ ნ. ს-ე და ვ. თ-ი; აგრეთვე აეკრძალა ნებისმიერი სახის, მათ შორის – სატელეფონო, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით კომუნიკაცია. მიუხედავად ამისა, პ. თ-ი 2019 წლის 5 ივლისიდან იმავე წლის 11 ივლისამდე დროის პერიოდში აპლიკაცია „ვ-ის“ მეშვეობით, ტელეფონის ნომრიდან – --- პერიოდულად ურეკავდა და შეტყობინებებს უგზავნიდა ნ. ს-ეს მობილური ტელეფონის ნომერზე – ---, ასევე უყვიროდა მას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატები – მ. ჭ-ი და ლ. ზ-ე ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას და პ. თ-ის გამართლებას იმავე მოტივებით, რაზეც სააპელაციო საჩივარში იყო მითითებული.
5. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ირაკლი ყვავაძე შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. №77აპ-17, №90აპ-17, №483აპ-17, №585აპ-20).
8. განსახილველ შემთხვევაში კასატორებს საეჭვოდ მიაჩნიათ არასრულწლოვანი დაზარალებულის ჩვენებები. როგორც საქმის მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, დაზარალებულმა ნ. ს-ემ, მისი ასაკის გათვალისწინებით, თანმიმდევრულად და ნათლად აღწერა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და სასამართლოს მისცა დამაჯერებელი ჩვენება, რომლის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
9. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, პ. თ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობით: მოწმეების – ბ. ს-ის, ნ. გ-ის, ნ. ფ-ისა და სხვათა ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და სხვ.. განსაკუთრებით საყურადღებოა მოწმე თ. ჯ-ის ჩვენება, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტის პოზიციაზე; 2019 წლის ოქტომბრიდან ნ. ს-ე იმყოფება მასთან აღრიცხვაზე და გადის ფსიქოთერაპიის კურსს; ნ. ს-ე იყო სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი და მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ რთული: აღენიშნებოდა მომატებული შფოთვა, ჰქონდა საფრთხის განცდა, იყო შეშინებული, აწუხებდა ცუდი სიზმრები და მოგონებები, რაც დაკავშირებული იყო 2019 წლის 3 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან.
10. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, აღნიშნული დადასტურებულია დაზარალებულ ნ. ს-ის ჩვენებით, 2019 წლის 5 მაისის შემაკავებელი ორდერით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, დათვალიერების ოქმით.
11. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოტივს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43). განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები.
12. გარდა ამისა, საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორთა პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა.
13. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ პ. თ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ჭ-ისა და ლ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი