საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№995აპ-20 ქ. თბილისი
ი-ე ბ-ნ, 995აპ-20 11 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ი-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენით ბ. ი-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 4000 ლარი, ხოლო 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წელი და 8 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 4 თვე – საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ბ. ი-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 24 ივნისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 4 მაისიდან იმავე წლის 11 მაისამდე.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: ბ. ი-ეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი, ხოლო 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 24 ივნისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 4 მაისიდან იმავე წლის 11 მაისამდე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ი-ემ ჩაიდინა: გამოყენების მიზნით ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება; ქონების მესაკუთრის (მფლობელის) დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ბ. ი-ემ 2012 წლის 8 ოქტომბერს მეწარმე სუბიექტად დაარეგისტრირა შპს „B.“ (ს/ნ ---), რომლის ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი იყო თვითონ ბ. ი-ე, ხოლო საქმიანობის სფერო – ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია.
· ბ. ი-ემ შპს „B.-ს“ სახელით 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის აგვისტომდე პერიოდში ჯამურად განახორციელა 1 401 131 ლარის ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რომლის რეალიზაცია მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, საქონლის რეალიზაცია სრულად არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებითი ღირებულების გადასახადში.
· ბ. ი-ემ შპს „B.-ს“ სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 259 061 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 206 420 ლარი, ხოლო იმპორტული საქონლის საბაჟო გაფორმებისას 52 641 ლარი არ გადაიხადა და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითიც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.
· ბ. ი-ემ 2013 წლის 2 ოქტომბერს მეწარმე სუბიექტად დაარეგისტრირა შპს „ბ.“, რომლის ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი იყო თვითონ, ბ. ი-ე, ხოლო საქმიანობის სფერო – ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია საქართველოში.
· ბ. ი-ემ შპს „ბ.ს“ სახელით 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე პერიოდში ჯამურად განახორციელა 1 850 653 ლარის ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რომლის რეალიზაცია მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა საქონლის რეალიზაცია, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, სრულად არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა დამატებითი ღირებულების გადასახადში ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა).
· ბ. ი-ემ შპს „ბ.ს“ სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 352 727 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 235 710 ლარი, ხოლო იმპორტული საქონლის საბაჟო გაფორმებისას 117 016,35 ლარი არ გადაიხადა და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითიც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.
· ბ. ი-ემ გეზ-ში გამოსაყენებლად დაამზადა და გამოიყენა 27/05/2014 წლის №-- ყალბი საგადასახადო დავალება (გადახდის ქვითარი) იმის დასადასტურებლად, რომ, თითქოსდა, შპს „ბ.მ“ საბაჟო გადასახდელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა 6325 ლარი.
· ბ. ი-ემ 2013 წლის 29 ოქტომბერს მეწარმე სუბიექტად ასევე დაარეგისტრირა შპს „ზ.“ (ს/ნ ----), რომლის ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი იყო თვითონ, ბ. ი-ე, ხოლო კომპანიის საქმიანობის სფეროდ განისაზღვრა ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია.
· ბ. ი-ემ, ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით, შპს „ზ.ს“ სახელით, 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივლისამდე პერიოდში ჯამურად განახორციელა 4 891 450 ლარის ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რომლის რეალიზაცია მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, საქონლის რეალიზაცია სრულად არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებითი ღირებულების გადასახადში.
· ბ. ი-ემ შპს „ზ.ს“ სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 924 058 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 439 862 ლარი, ხოლო იმპორტული საქონლის საბაჟო გაფორმებისას 484 195 ლარი არ გადაიხადა და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითიც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.
· ბ. ი-ემ ამავე პერიოდში გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამოსაყენებლად დაამზადა და გამოიყენა 13/05/2014 წლის №-, 9/06/2014 წლის №-, 13/05/2014 წლის №-, 27/05/2014 წლის №-, 6/06/2014 წლის №- ყალბი საგადასახადო დავალებები (გადახდის ქვითრები) იმის დასადასტურებლად, რომ, თითქოსდა, შპს „ზ.მ“ საბაჟო გადასახდელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა 22 225 ლარი.
· ბ. ი-ემ მოტყუებით, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ჯამურად – 653 852,35 ლარით ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ. ი-ემ და მისმა ადვოკატმა ზ. ს-ემ. კასატორები საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ ბ. ი-ემ ჩაიდინა საგადასახადო კანონდარღვევა და მან სრულად აღიარა დავალიანება, ასევე მიაჩნიათ, რომ ბ. ი-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არ უნდა დაკვალიფიცირდეს, რადგან ამ დანაშაულის ობიექტი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, მსჯავრდებული სრულად აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ ბ. ი-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 210-ე მუხლით – 4000 ლარი ჯარიმის განსაზღვრას, ხოლო 185-ე მუხლით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 2 წელი და 8 თვე უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 4 თვე – საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვლება პირობით, 1 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით.
5. პროკურორი დავით ჭარბაძე შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბ. ი-ის მიერ ჩადენილი ქმედება „საგადასახადო კანონდარღვევაა“, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (კერძოდ: მოწმეების – თ. ც-ის, მ. კ-ის, ლ. გ-ის, ი. ქ-ის, ჯ. კ-ის, ნ. ბ-ის, ი. დ-ისა და სხვათა ჩვენებებით, სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციებით, დღგ-ს დეკლარაციებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტებით, მინდობილობებით, შემოსავლების სამსახურიდან ამოღებული დოკუმენტაციით, ბანკებიდან გამოთხოვნილი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ბაზის (oracli) დათვალიერების ოქმით, გრაფიკული ექსპერტიზის №-- დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით) უტყუარადაა დადასტურებული ბ. ი-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისა და სახელმწიფოსათვის 653 852,35 ლარის ქონებრივი დაზიანების მიყენების ფაქტი.
9. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელების ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. სააპელაციო სასამართლომ ბ. ი-ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა ისეთი სასჯელები, რომლებიც საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია, სამართლიანია და არ არსებობს მათი დამძიმების საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის მიზანშეუწონლობა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. საქმეშია სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის – ნინო ფოდიაშვილის წერილი, რომლის თანახმად, ვინაიდან ბ. ი-ეს არ დაუფარავს საგადასახადო დავალიანება, სსიპ შემოსავლების სამსახური უარს ამბობს, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება ბ. ი-ისათვის საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასჯელზე.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. ი-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი