ას-106-405-04 3 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. დ-ი, მ. დ-ი, რ. ს-ი და მ. ტ-ი მუშაობენ ქ.თბილისში, ... მდებარე „ს-ეში“. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს მიერ 1995წ. 30 ივნისს გაცემული იქნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23/150 პ, რომლითაც სახელმწიფო საწარმო „ს-ე“, მდებარე ქ.თბილისში, ..., ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილი და 177,0 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი საერთო საკუთრებაში გადაეცა შრომითი კოლექტივის ათ თანამშრომელს, მათ შორის ზ.დ-ს, მ.ტ-ს, მ.დ-ს და რ.ს-ს; თითოეული თანამესაკუთრის წილი არ არის განსაზღვრული საკუთრების მოწმობაში (საქმე ¹2ა/753-03). ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 1995წ. 21 დეკემბრის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იქნა შპს „ს-ე“, რომელიც დაფუძნებული იქნა ათი პარტნიორის მიერ (მათ შორის მ. დ-ის, მ. დ-ის, რ. ს-ის და მ. ტ-ის მიერ), მაგრამ თითოეული პარტნიორის წილი კონკრეტულად არ იქნა განსაზღვრული (საქმე ¹2ა/753-03) ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 18 თებერვალს ცვლილებები განახორციელა შპს „ს-ეს“ სამეწარმეო რეესტრში, კერძოდ საზოგადოების პარტნიორად მიღებული იქნა გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრე, ამ დადგენილებით კი უკვე განსაზღვრულია პარტნიორთა წილი, კერძოდ, ზ. დ-ს _ 1%, მ. ტ-ს _ 0,5%, რ. ს-ს _ 1%, მ. დ-ს _ 0,5% (საქმე ¹2ა/753-03).
მ. დ-მა, მ. დ-მა, რ. ს-მა და მ. ტ-მა 2002წ. 8 აპრილს სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე შპს „ს-ის“ დირექტორის ბ. მ-ის, მესამე პირი _ 35 სანოტარო ბიუროს მიმართ და მოითხოვეს შპს „ს-ის“ პარტნიორთა 1995წ. 1 დეკემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობა, ასევე ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1995წ. ¹4/4-208 დადგენილების _ შპს „ს-ის“ რეგისტრაციის შესახებ და სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება. მოსარჩელეებმა თავიანთი მოთხოვნა დააფუძნეს შემდეგ გარემოებებზე: 2002წ. 20-21 მარტს გაზეთ „ს...ში“ გამოქვეყნდა განცხადება იმის შესახებ, რომ 2002წ. 22 მარტს ჩატარდება შპს „ს-ის“ დამფუძნებელთა კრება. ეს განცხადება მოსარჩელეთათვის მოულოდნელი იყო, რადგან შრომით კოლექტივს არ ჩამოუყალიბებია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, მათთვის მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ შრომით კოლექტივს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (177 კვ.მ.) და ძირითადი საშუალებები. მაგრამ საკუთრების მოწმობით არ განისაზღვრა მესაკუთრეთა წილები, მოსარჩელეებს თანხმობა არ მიუციათ შპს „ს-ის“ რეგისტრაციაზე. მხოლოდ საგაზეთო ინფორმაციით გახდა მათთვის ეს ცნობილი და საზოგადოების დირექტორი ბ.მ-ე შრომითი კოლექტივის გვერდის ავლით აპირებს ამ ობიექტის გასხვისებას, რითაც ირღვევა მესაკუთრეთა უფლებები.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ზ.დ-ის, მ.დ-ის, რ.ს-ის და მ.ტ-ის სარჩელი ხანდაზმულობის გამო.
მ. ტ-მა, ზ. დ-მა, მ. დ-მა და რ. ს-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ.დ-ის, მ.დ-ის, ს-ისა და ტ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა სარჩელი. გაუქმდა შპს „ს-ეს“ რეგისტრაცია, გაიხსნა სალიკვიდაციო პროცესი და ლიკვიდატორების დანიშვნის მიზნით საქმე დაუბრუნდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 15.1 მუხლის თანახმად, პრეტენზიების ვადაა 5 წელი მათი წარმოშობიდან. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტებმა უფლების დარღვევის შესახებ შეიტყვეს 2002წ. მარტში გაზეთის მეშვეობით. 1995წ. 1 დეკემბრიდან დღემდე, უძრავი ქონების მესაკუთრედ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერებში რეგისტრირებულია შპს „ს-ე“. 1995 წელს „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ გაუქმდა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა სახაზინო საწარმო, დადგინდა მათი გარდაქმნის საბოლოო ვადა 1996წ. 1 სექტემბრამდე, თუ სახაზინო საწარმო არ გარდაიქმნებოდა ამ დრომდე, ისინი ითვლებოდნენ გაუქმებულად. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს 1996წ. 1 ოქტომბრიდან. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იყო 3 წელი, ე.ი. მოცემულ შემთხვევაში ვადა იწურებოდა 1999წ. 1 ოქტომბერს, რა დროსაც უკვე მოქმედებდა ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომლის 128-ე მუხლის თანახმად უძრავ ქონებაზე სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრა ექვსი წლით, ანუ მოცემულ სარჩელზე ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდა 2002წ. დეკემბრამდე. სარჩელი სასამართლოში აღძრული იქნა 2002წ. 8 აპრილს, ანუ 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად იქნა შეფასებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და არ მიეცა მას სწორი სამართლებრივი შეფასება, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ შპს „ს-ეს“ რეგისტრაციისას დაშვებულია არსებითი დარღვევები, კერძოდ მოსარჩელეთა მიერ არ ყოფილა გამოხატული ნება დაეფუძნებინათ საწარმო იმ ქონებაზე, რომელიც მათ გადაეცათ საკუთრებაში ქონების მართვის სამინისტროს მიერ. აღნიშნული ქონება 1995წ. 30 ივნისის ხელშეკრულებით გახდა შრომითი კოლექტივის წევრთა, კერძოდ 10 ფიზიკური პირის თანასაკუთრება, რის შემდეგაც თანამესაკუთრეებს უნდა გამოეხატათ ნება დაეფუძნებინათ თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე საწარმო. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელეებს ასეთი ნება არ გამოუხატიათ, მათ არ მოუწერიათ ხელი არც საწარმოს დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე და არც წესდებაზე, რაც წარმოადგენს არსებით ხარვეზს, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია. ამდენად, მათ არ უნდა მიეცეთ სამთვიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, თანახმად «მეწარმეთა შესახებ კანონის» 5.8 მუხლისა.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რეგისტრაციის გაუქმება არ არის ერთჯერადი აქტი, საწარმოს გააჩნია ურთიერთობები კრედიტორებთან, თანამშრომლებთან, სხვა საწარმოებთან, ამიტომ რომ არ მოხდეს ამ ურთიერთობების გაწყვეტა უნდა გაიხსნას საწარმოს სალიკვიდაციო პროცესი, უნდა დაინიშნოს ლიკვიდატორი და დაიწყოს სალიკვიდაციო პროცესი, რაც უნდა შეასრულოს მარეგისტრირებელმა ანუ პირველი ინსტანციის სასამართლომ.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-ის“ დირექტორმა ბ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ არასწორად შეაფასა კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა, ამ დასკვნაში მითითებულია, რომ 1995წ. 20 დეკემბრის დამფუძნებელთა ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ არის შესრულებული ზ. დ-ის და მ. დ-ის მიერ, ხოლო ხელმოწერები მ. ტ-ის და რ. ს-ის მიერაა შესრულებული. სააპელაციო სასამართლომ კი ამ დასკვნის საპირისპიროდ მიუთითა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ხელმოწერები არ ეკუთვნით მოსარჩელეებს და სხვა პირთა მიერაა შესრულებული. სააპელაციო სასამართლო გასცდა საჩივრის ფარგლებს, აპელანტებს არ მოუთხოვიათ შპს „ს-ეს“ სალიკვიდაციო პროცესის გახსნა და ლიკვიდატორის დანიშვნა. სასამართლომ არ გაითვალისწინა შპს „ს-ეს“ სადამფუძნებლო კრების ოქმი, რომელზედაც ხელისმოწერების ნამდვილობა მათმა ავტორებმა პროცესზე დაადასტურეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მათ აღმოაჩინეს შპს „ს-ეს“ 1994-1995წ. ხელფასის უწყისები მოსარჩელეთა ხელმოწერით, რაც ადასტურებს იმას, რომ მათ იცოდნენ რეგისტრაციის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 1996წ. 1 ოქტომბრიდან, რადგან ცვლილებები „მეწარმეთა შესახებ“ კანონში შევიდა 1995 წელს და ამ დროიდან უნდა აევალა ვადა. სააპელაციო სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას უნდა გამოეყენებინა სპეციალური კანონი, კერძოდ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი. თუ ორმა მოსარჩელემ შპს „ს-ეს“ დაფუძნების ნება არ გამოხატა, მათ არც გაუპროტესტებიათ მისი დაფუძნება და საწარმოს არსებობა წლების მანძილზე გრძელდებოდა. ისინი შვიდი წელი ხელფასს იღებდნენ როგორც შპს-ს თანამშრომლები.
ზ.დ-მა, მ.დ-მა, მ.ტ-მა და რ.ს-მა საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე პალატისათვის შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის საგანს, რითაც დაარღვია სსკ-ის 384-ე მუხლი, მათი მოთხოვნა არ ყოფილა გახსნილიყო სალიკვიდაციო პროცესი სარჩელის მოთხოვნა იყო შპს „ს-ის“ რეგისტრაციის გაუქმება, ვინაიდან 1996წ. 1 ოქტომბრამდე სახაზინო საწარმო არ გარდაიქმნა, ეს წარმოადგენს ხარვეზს, რომლის გამოსწორებაც შეიძლება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5.8 პუნქტის შესაბამისად სასამართლოს უნდა აღედგინა პირვანდელი მდგომარეობა და თანამესაკუთრეები თვითონ გადაწყვეტდნენ მომავალი ურთიერთობის საკითხს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს; სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს მიერ 1995წ. 30 ივნისს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23/150 პ, ქ.თბილისში, ... მდებარე სახელმწიფო საწარმო „ს-ეს“, ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილი და 177,0 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი საერთო საკუთრებაში გადაეცა შრომითი კოლექტივის ათ თანამშრომელს, მათ შორის ზ.დ-ს, მ.ტ-ს, მ.დ-ს და რ.ს-ს; თითოეული თანამესაკუთრის წილი არ არის განსაზღვრული საკუთრების მოწმობაში. ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 1995წ. 21 დეკემბრის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „ს-ე“, რომელიც დაფუძნდა ათი პარტნიორის მიერ (მათ შორის მ. დ-ის, მ. დ-ის, რ. ს-ის და მ. ტ-ის მიერ), მაგრამ თითოეული პარტნიორის წილი კონკრეტულად არ განსაზღვრულა. ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 18 თებერვალს ცვლილებები განახორციელა შპს „ს-ეს“ სამეწარმეო რეესტრში, კერძოდ საზოგადოების პარტნიორად მიღებული იქნა გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრე, ამ დადგენილებით კი უკვე განსაზღვრულია პარტნიორთა წილი, კერძოდ, ზ. დ-ს _ 1%, მ. ტ-ს _ 0,5%, რ. ს-ს _ 1%, მ. დ-ს _ 0,5%.
მ. დ-მა, მ. დ-მა, რ. ს-მა და მ. ტ-მა 2002წ. 8 აპრილს სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე შპს „ს-ის“ დირექტორის ბ. მ-ის, მესამე პირი _ 35-ე სანოტარო ბიუროს მიმართ და მოითხოვეს შპს „ს-ის“ პარტნიორთა 1995წ. 1 დეკემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობა, ასევე ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1995წ. ¹4/4-208 დადგენილების _ შპს „ს-ის“ რეგისტრაციის შესახებ და სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს 1996წ. ოქტომბრიდან, რადგან „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ გაუქმდა სახაზინო საწარმო და მათი გარდაქმნის საბოლოო ვადა დადგინდა 1996წ. 1 სექტემბრამდე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს „ს-ე“ თავდაპირველად სახაზინო საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არ ყოფილა რეგისტრირებული და სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა, რატომ დაუკავშირა სახაზინო საწარმოთა გარდაქმნის საბოლოო ვადა მოსარჩელეთა მოთხოვნის წარმოშობის ვადის ათვლას.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი უნდა გადაწყდეს სკ-ის შესაბამისად. დადგენილია, რომ მოცემული დავა სამეწარმეო-სამართლებრივი ხასიათისაა, ამიტომ სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხის გასარკვევად უნდა გამოეყენებინა არა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლი და სკ-ის 128-ე მუხლი, არამედ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-15 მუხლი, რომელიც სამეწარმეო დავების ხანდაზმულობის და გასაჩივრების ვადების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმაა. 15.1 მუხლის თანახმად ამ კანონის მიხედვით, პრეტენზიების ხანდაზმულობის ვადა არის ხუთი წელი მათი წარმოშობიდან, საზოგადოების ლიკვიდაციიდან ან პარტნიორის გასვლიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ დაუშვებელია პარტნიორთა კრების, საერთო კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება კრების ოქმის შედგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს არ გამოუხატიათ ნება დაეფუძნებინათ თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე. საწარმო, მათ არ მოუწერიათ ხელი არც საწარმოს დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე და არც წესდებაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოცემულ საქმეზე ჩატარებულ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის 2003წ. 9 სექტემბრის დასკვნას. ამ დასკვნაში მითითებულია, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილი სახელმწიფო საწარმო „ს-ეს“ დამფუძნებელი ხელშეკრულება დათარიღებული 1994წ. 10 ნოემბერი მე-3 და მე-4 ფურცლებზე განთავსებული გრაფა „4“ ზ. დ-ის და გრაფა „10“ მ. დ-ის გასწვრივ ხელმოწერები შესრულებული არ არის არც ზ. დ-ის და არც მ. დ-ის მიერ. გრაფა „5“ მ. ტ-ის და გრაფა „9“ რ. ს-ის გასწვრივ ხელმოწერა შესრულებულია თვით მ. ტ-ის და რ. ს-ის მიერ. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად საწარმოს დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე ხელმოწერები შესრულებულია თვით მ. ტ-ის და რ. ს-ის მიერ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადასაწყვეტად უნდა გამოეყენებინა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5.8 მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ სარჩელის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.@
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. დ-ის, მ. დ-ის, რ. ს-ისა და მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
შპს „ს-ეს“ დირექტორი ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.