საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№52აპ-21 ქ. თბილისი
მ-ი ს-ბ, 52აპ-21 22 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: დ. მ-ს, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალად დაედო ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად (ორი ეპიზოდი); დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა; მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში გამოძიების დროს, ჩადენილი პირადი მოტივით; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ე- პ-ის ეპიზოდი), ხოლო ს. მ-ს, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად (ორი ეპიზოდი); დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა; მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში გამოძიების დროს, ჩადენილი პირადი მოტივით.
2. აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ ს-ში, დ. მ-ის საცხოვრებელი სახლის წინ, დ. მ-მა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ. გ-ს, ხოლო შემდეგ თავში ჩაარტყა ავტომანქანის გასაღები, რის შედეგადაც იგი წაიქცა მიწაზე. ამის შემდეგ დ. მ-მა და მისმა ძმამ – ს. მ-მა ხელებითა და ფეხებით ტანისა და სახის არეში სცემეს გ. გ-ს. ცემის დროს დ. მ-მა კვლავ ჩაარტყა გასაღები თავში გ. გ-ს. დ. მ-ისა და ს. მ-ის ცემის შედეგად გ. გ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი (გ. გ-ის ეპიზოდი).
· 2018 წლის 20 აგვისტოს დაშიგ მამედოვმა და ს. მ-მა სცემეს გ. გ-ს, რომელიც გადაიყვანეს მ-ის „ჯ-ში“. 2018 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 07:30 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ ს-ში მოქალაქე უ. გ-ა და მისი შვილი – ე. გ-ი მივიდნენ დ. მ-ის საცხოვრებელ სახლში, რათა გაერკვიათ, თუ რატომ სცემა წინა დღეს დ. მ-მა მის შვილს – გ. გ-ს. ეზოში შესვლისას დ. მ-მა უ. გ-ას შუბლში დაარტყა მუშტი, რის შემდეგაც ფეხი ჩაარტყა სახის არეში. აღნიშნულის შედეგად უ. გ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. როდესაც მას გამოესარჩლა შვილი – ე. გ-ი და შეეცადა ეზოდან მის გაყვანას, დ. მ-ის ძმამ – ს. მ-მა ხელთ არსებული ჯოხი უკნიდან ჩაარტყა უ. გ-ას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი (უ. გ-ას ეპიზოდი).
· 2018 წლის 20 აგვისტოს დ. მ-მა და ს. მ-მა სცემეს გ. გ-ს, რომელიც გადაიყვანეს მ-ის „ჯ-ში“. მეორე დღეს იმის გასარკვევად, თუ რა იყო ჩხუბის მიზეზი, დ. მ-თან საცხოვრებელ სახლში მივიდნენ გ. გ-ის დედა – უ. გ-ა და ძმა – ე. გ-ი. დ. მ-მა და ს. მ-მა ეზოში სხეულის დაზიანება მიაყენეს უ. გ-ასაც. პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, 2018 წლის 21 აგვისტოს დ. მ-ი დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და განაცხადა, რომ მას საცხოვრებელ სახლში შეუვარდა ნიღბიანი სამი პირი, რომლებმაც ცივი იარაღის მუქარით მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. ამ განცხადების საფუძველზე მარნეულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება №-- სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ს. მ-მა, რომელიც გაფრთხილებული იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ ცრუ დასმენისათვის, ცრუდ დაასმინა გ. გ-ი, ე. გ-ი და უ. გ-ა, კერძოდ: გამოკითხვისას მან გამოძიებას განუმარტა, რომ გ. გ-მა, უ. გ-ამ და ე. გ-მა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ ხელკეტებითა და დანებით, მას და მისი ოჯახის წევრებს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. მისი განმარტებით, ე. გ-ი თავს დაესხა დანით, რომლითაც მიაყენა დაზიანება. რაც შეეხება გ. გ-ს, ს. მ-ის განმარტებით, მან ხელკეტი დაარტყა ჯერ დედას – გ. მ-ას, შემდეგ ძმას – დ. მ-ს და ბოლოს – მას; ასევე, უ. გ-ამ ჯოხი დაარტყა ჯერ გ. მ-ას, შემდეგ – ს. მ-ს და ბოლოს – დ. მ-ს. აღნიშნულით ს. მ-მა ცრუდ დაასმინა უ. გ-ა, გ. გ-ი და ე. გ-ი ჯგუფურად ჩადენილ ცემაში, ორი ან მეტი პირის მიმართ.
· 2018 წლის 20 აგვისტოს დ. მ-მა და ს. მ-მა სცემეს გ. გ-ს, რომელიც გადაიყვანეს მ-ის „ჯ-ში“. მეორე დღეს იმის გასარკვევად, თუ რა იყო ჩხუბის მიზეზი, დ. მ-თან საცხოვრებელ სახლში მივიდნენ გ. გ-ის დედა – უ. გ-ა და ძმა – ე. გ-ი. დ. მ-მა და ს. მ-მა ეზოში სხეულის დაზიანება მიაყენეს უ. გ-ასაც. პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, 2018 წლის 21 აგვისტოს დ. მ-ი დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და განაცხადა, რომ მას საცხოვრებელ სახლში შეუვარდა ნიღბიანი სამი პირი, რომლებმაც ცივი იარაღის მუქარით მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. ამ განცხადების საფუძველზე მარნეულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება №- სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ს. მ-მა, რომელიც გაფრთხილებული იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, კერძოდ: გამოკითხვისას მან გამოძიებას განუმარტა, რომ გ. გ-მა, უ. გ-ამ და ე. გ-მა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ ხელკეტებითა და დანებით, მას და მისი ოჯახის წევრებს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. მისი განმარტებით, ე. გ-ი მას თავს დაესხა დანით, რომლითაც მიაყენა დაზიანება. რაც შეეხება გ. გ-ს, ს. მ-ის განმარტებით, მან ხელკეტი დაარტყა ჯერ მის დედას – გ. მ-ას, შემდეგ ძმას – დ. მ-ს და ბოლოს – მას; ასევე, უ. გ-ამ ჯოხი ჩაარტყა ჯერ გ. მ-ას, შემდეგ – ს. მ-ს და ბოლოს – დ. მ-ს.
· 2018 წლის 20 აგვისტოს დ. მ-მა და ს. მ-მა სცემეს გ. გ-ს, რომელიც გადაიყვანეს მ-ის „ჯ-ში“. მეორე დღეს იმის გასარკვევად, თუ რა იყო ჩხუბის მიზეზი, დ. მ-თან საცხოვრებელ სახლში მივიდნენ გ. გ-ის დედა – უ. გ-ა და ძმა – ე. გ-ი. დ. მ-მა და ს. მ-მა ეზოში სხეულის დაზიანება მიაყენეს უ. გ-ასაც. პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, 2018 წლის 21 აგვისტოს დ. მ-ი დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და განაცხადა, რომ მას საცხოვრებელ სახლში შეუვარდა ნიღბიანი სამი პირი, რომლებმაც ცივი იარაღის მუქარით მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. ამ განცხადების საფუძველზე მარნეულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება №- - სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა დ. მ-მა, რომელიც გაფრთხილებული იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ ცრუ დასმენისათვის, ცრუდ დაასმინა გ. გ-ი, ე. გ-ი და უ. გ-ა, კერძოდ: გამოკითხვისას მან გამოძიებას განუმარტა, რომ გ. გ-მა, უ. გ-ამ და ე. გ-მა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ ხელკეტებითა და დანებით, მას და მისი ოჯახის წევრებს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. მისი განმარტებით, ე. გ-ი თავს დაესხა დანით, რომლითაც დაზიანება მიაყენა დასახმარებლად მისულ ს. მ-ს. რაც შეეხება გ. გ-ს, დ. მ-ის განმარტებით, მან ხელკეტი დაარტყა ჯერ დედას – გ. მ-ას, შემდეგ ძმას – ს. მ-ს, დ. მ-ს და ბოლოს – მისი ოთხი წლის შვილს – უ-ს. ასევე, უ. გ-ამ თოხი, რომელიც ხელში ეჭირა, ჩაარტყა ჯერ გ. მ-ას, შემდეგ – ს. მ-ს და ბოლოს – დ. მ-ს. აღნიშნულით დ. მ-მა ცრუდ დაასმინა უ. გ-ა, გ. გ-ი და ე. გ-ი ჯგუფურად ჩადენილ ცემაში, ორი ან მეტი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
· 2018 წლის 20 აგვისტოს დ. მ-მა და ს. მ-მა სცემეს გ. გ-ს, რომელიც გადაიყვანეს მარნეულის „ჯ-ში“. მეორე დღეს იმის გასარკვევად, თუ რა იყო ჩხუბის მიზეზი, დ. მ-თან საცხოვრებელ სახლში მივიდნენ გ. გ-ის დედა – უ. გ-ა და ძმა – ე. გ-ი. დ. მ-მა და ს. მ-მა ეზოში სხეულის დაზიანება მიაყენეს უ. გ-ასაც. პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, 2018 წლის 21 აგვისტოს დ. მ-ი დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და განაცხადა, რომ მას საცხოვრებელ სახლში შეუვარდა ნიღბიანი სამი პირი, რომლებმაც ცივი იარაღის მუქარით მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. ამ განცხადების საფუძველზე მარნეულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება №- სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა დ. მ-მა, რომელიც გაფრთხილებული იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, კერძოდ: გამოკითხვისას მან გამოძიებას განუმარტა, რომ გ. გ-მა, უ. გ-ამ და ე. გ-მა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ ხელკეტებითა და დანებით, მას და მისი ოჯახის წევრებს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. მისი განმარტებით, ე. გ-ი მას თავს დაესხა დანით, რომლითაც დაზიანება მიაყენა მის დასახმარებლად მისულ ს. მ-ს. რაც შეეხება გ. გ-ს, დ. მ-ის განმარტებით, მან ხელკეტი დაარტყა ჯერ მის დედას – გ. მ-ას, შემდეგ ძმას – ს. მ-ს, დ. მ-სა და ბოლოს – მისი ოთხი წლის შვილს – უ-ს; ასევე, უ. გ-ამ თოხი, რომელიც ხელში ეჭირა, ჩაარტყა ჯერ გ. მ-ას, შემდეგ – ს. მ-ს და ბოლოს – დ. მ-ს.
· 2017 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ ს-ში, ე- პ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. მ-მა ურთიერთშელაპარაკებისას, რკინის ნაჭრის შუბლისა და ცხვირის არეში ჩარტყმით, იძალადა ე- პ-ზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტკივილი.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენით:
ს. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. გ-ის ეპიზოდი), 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. ს. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (უ. გ-ას ეპიზოდი) და განესაზღვრა 8 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 4 აპრილიდან. ს. მ-ს სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
დ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ე- პ-ის ეპიზოდი), 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (გ. გ-ის ეპიზოდი) და 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. დ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (უ. გ-ას ეპიზოდი) – 8 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 4 აპრილიდან.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2018 წლის 20 აგვისტოს დ. მ-სა და ს. მ-ს შელაპარაკება მოუხდათ გ. გ-თან. 2018 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 07:30 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ ს-ში მოქალაქე უ. გ-ა და მისი შვილი – ე. გ-ი მივიდნენ დ. მ-ის საცხოვრებელ სახლში, რათა გაერკვიათ, თუ რა იყო მის შვილს – გ. გ-სა და მათ შორის მომხდარი უთანხმოების მიზეზი. ეზოში შესვლისას დ. მ-მა მუშტი დაარტყა შუბლში უ. გ-ას, რის შემდეგაც სახის არეში ჩაარტყა ფეხი. აღნიშნულის გამო უ. გ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. როდესაც მას გამოესარჩლა შვილი – ე. გ-ი და შეეცადა ეზოდან მის გაყვანას, უკნიდან ხელთ არსებული ჯოხი უ. გ-ას ჩაარტყა დ. მ-ის ძმამ – ს. მ-მა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2018 წლის 20 აგვისტოს დ. მ-სა და ს. მ-ს შელაპარაკება მოუხდათ გ. გ-თან. მეორე დღეს იმის გასარკვევად, თუ რა იყო ჩხუბის მიზეზი, დ. მ-თან საცხოვრებელ სახლში მივიდნენ გ. გ-ის დედა – უ. გ-ა და ძმა – ე. გ-ი. დ. მ-მა და ს. მ-მა თავიანთ ეზოში სხეულის დაზიანება მიაყენეს უ. გ-ასაც. პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, 2018 წლის 21 აგვისტოს დ. მ-ი დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და განაცხადა, რომ მას საცხოვრებელ სახლში შეუვარდა სამი ნიღბიანი პირი, რომლებმაც ცივი იარაღის მუქარით მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. ამ განცხადების საფუძველზე მარნეულის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო №-- სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა დ. მ-მა, რომელიც გაფრთხილებული იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ ცრუ დასმენისათვის, ცრუდ დაასმინა გ. გ-ი, კერძოდ: გამოკითხვისას მან გამოძიებას განუმარტა, რომ გ. გ-მა მისი ოჯახის წევრებს მიაყენა ფიზიკური დაზიანება – ხელკეტი დაარტყა ჯერ მის დედას – გ. მ-ას, შემდეგ ძმას – ს. მ-ს, თავად მას და ბოლოს – მისი ოთხი წლის შვილს – უ-ს. აღნიშნულით დ. მ-მა ცრუდ დაასმინა გ. გ-ი ჯგუფურად ჩადენილ ცემაში, ორი ან მეტი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
5. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ს. მ-ისა და დ. მ-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების სრული მოცულობით.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ს. მ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. გ-ის ეპიზოდი), 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო დ. მ-ი – სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ე- პ-ის ეპიზოდი), 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (გ. გ-ის ეპიზოდი) და 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.
10. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გამოიკვლია, გააანალიზა, შეაფასა და გამოიტანა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. მოწმე გ. გ-მა, მართალია, დაადასტურა მხარეებს შორის კონფლიქტი, მაგრამ განმარტა, რომ მამედოვებმა ხელი ჰკრეს და ქვაზე დაარტყა თავი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №-- დასკვნით, გ. გ-ს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა და ჭრილობა შუბლ-თხემის არეში; დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული დასკვნით შეუძლებელია დაზიანებების მიმყენებელი პირის დადგენა, მხოლოდ მოწმე თამილა გაფაროვას ჩვენება კი (რომელმაც აჩვენა, რომ დაინახა, თუ როგორ ურტყამდა წიხლებს დ. მ-ი გ. გ-ს) ს. მ-ისა და დ. მ-ის მიმართ ბრალდების ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არასაკმარისია. ასევე არასაკმარისია მტკიცებულებები ე- პ-ის ეპიზოდში დ. მ-ის მსჯავრდებისათვის. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით.
11. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა, თუ რატომ ვერ დაკვალიფიცირდება ცრუ დასმენა იმავდროულად მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლად, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. შესაბამისად, ამ საკითხზე კიდევ ერთხელ მსჯელობა მიზანშეუწონლად მიაჩნია.
12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მიერ შეკრებილი და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა დ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ე- პ-ის ეპიზოდი), 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (გ. გ-ის ეპიზოდი) და 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ს. მ-ის მიერ – სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. გ-ის ეპიზოდი), 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
14. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
15. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულების – დ. მ-ისა და ს. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ. შესაბამისად, მათზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი