Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№119აპ-21 ქ. თბილისი

მ-ი გ-ი, 119აპ-21 18 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განაჩენით გ. მ-ი, – დაბადებული 19-- წლის 12 დეკემბერს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 500 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 12 მაისიდან. მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 15 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ასევე – ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

§ გ. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება – 0,2268 გრამი „მდმა-ს“ („3,4–მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი“) შემცველი ორი აბი.

§ 2018 წლის 5 მაისს თ-ში, ა-ს ქ. №--ში (თ-ი, ნ. ბ-ის სახელობის მარცხენა სანაპირო) მდებარე ღამის კლუბში „მტკვარზე“ გ. მ-მა 0,2268 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა-ს“ („3,4–მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის“) შემცველი ორი აბი 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა სოლომონ მ-ზე, რაც მისგან იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატი დ. კ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და გ. მ-ის გამართლებას შემდეგი ძირითადი მოტივებით: გ. მ-ი არის უდანაშაულო; არსებობს ეჭვი ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის შესახებ; ამოღებულ ნივთმტკიცებაზე არ აღმოჩნდა გ. მ-ის დნმ-ის კვალი; ვერ მოხდა ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებული ხმისა და მსჯავრდებულის ხმის ნიმუშის იდენტიფიცირება; გ. მ-ი დააკავეს არა მყისიერად, არამედ – 7 დღის შემდეგ; დაუდგენელია მისი ფიქიკური მდგომარეობა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების – ს. ა-ის, გ. თ-ის, ნ. ლ-ის, პ. წ-ის, ს. მ-ის, ე. ს-სა და სხვათა ჩვენებები, ვიდეო- აუდიოჩაწერის ოქმები, ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმები, ამოღების ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის 2018 წლის 8 მაისის №-- დასკვნა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2018 წლის 7 ივნისის №- დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 19 ოქტომბრის №- დასკვნა, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 8 ნოემბრის №- დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მიიღო კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

8. გარდა ამისა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ეჭვი ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების შეცვლის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, მითუფრო, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტსა და ლუქს დარღვევა არ ჰქონია.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ/ა ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დადგინდა, რომ ვიდეო-აუდიოჩანაწერებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება, გ. მ-ის იდენტიფიკაცია მოხდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით ხმის იდენტურობის დაუდგენლობას ჰქონდა ობიექტური მიზეზები, კერძოდ, არის ხმაური, ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა. ამასთან, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ჩატარების შედეგად იქნა მოპოვებული ვიდეოჩანაწერები, ტარდებოდა კანონიერად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

10. დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე მსჯავრდებულის გენეტიკური კვალის არარსებობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გენეტიკური პროფილის დარჩენა კონკრეტულ ნივთზე დამოკიდებულია გარემო პირობებზე, პირის ობიექტთან შეხების ინტენსივობასა და ხანგრძლივობაზე, ნივთის ზედაპირის სახეობაზე, რის გამოც შესაძლოა, ყოველთვის არ დარჩეს კონკრეტულ ნივთზე გენეტიკური პროფილი. საკვლევ ობიექტზე გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაციის არარსებობა თავისთავად არ შეიძლება მივიჩნიოთ გ. მ-ის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

11. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების, ასევე – მოწმე ს. მ-ის თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები (რომლებმაც დამაჯერებლად აღწერეს მოვლენები, მათ შორის, აღნიშნეს, რომ ახორციელებდნენ ვიზუალურ თვალთვალს), რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სააპელაციო პალატას არ გააჩნია; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. მ-ის მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება, მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მითუფრო იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, ასევე – მიზეზებს, რატომ ვერ მოხერხდა ხმის იდენტიფიცირება, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.

12. გარდა ამისა, საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ამომწურავად იმსჯელა იმ საკითხებზე, რომლებზეც დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას და კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001). ამასთან, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი