Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№133აპ-21 ქ. თბილისი

მ-ე მ-ე, 133აპ-21 4 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით მ. მ-ე, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 8 თებერვლის 12:10 საათისა და 2020 წლის 8 თებერვლის 14:50 საათის ეპიზოდები), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 111,160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 8 თებერვლის 14:50 საათის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და მ. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 8 თებერვლიდან.

1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-ემ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2020 წლის 8 თებერვლის 12:10 საათისა და 2020 წლის 8 თებერვლის 14:50 საათის ეპიზოდები); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას.

2. მ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2014 წლიდან 2019 წლის აგვისტომდე ი. ბ-ა იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მ. მ-ესთან. 2020 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 12:10 საათზე, თ-ში, ვ-ი-, მე-- მ/რ-ნი, --ე კორპუსის---ე ბინაში, მ. მ-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს – ი. ბ-ას, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის – ზ. მ-ის თანდასწრებით ხელი სტაცა და დაუპირა სამზარეულოს ფანჯრიდან გადაგდება, რა დროსაც ხელს ურტყამდა ტანისა და სახის არეში. თითოეული აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 14:50 საათზე, თ-ში, ვ-ი-, მე-- მ/რ-ნი, --ე კორპუსის---ე ბინაში, მ. მ-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს – ი. ბ-ას, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის – ზ. მ-ის თანდასწრებით წააქცია, ჯიბიდან ამოიღო ერთჯერადი საპარსი, მოქაჩა და გადაპარსა თმა, რა დროსაც გაპარსვისას შუბლის არეში მიაყენა დაზიანებები, ასევე, ზურგზე აწვებოდა მუხლებით. თითოეული აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 14:50 საათზე, თ-ში, ვ-ი-, მე-- მ/რ-ნი, --ე კორპუსის---ე ბინაში, მ. მ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ი. ბ-ას, კერძოდ, უთხრა, რომ სახეზე მჟავას გადაასხამდა, სახეს დაუსერავდა, სარდაფში დაამწყვდევდა და ისე მოკლავდა. აღნიშნული ქმედების შედეგად ი. ბ-ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2020 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 14:50 საათზე, მ. მ-ე მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა ყოფილი მეუღლის – ი. ბ-ას კუთვნილ, თ-ში, ვ-ი-, მე-- მ/რ-ნი, --ე კორპუსის---ე ბინაში, რითიც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვს დარჩენილი სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, მ. მ-ისათვის პირობითი მსჯავრის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული, გააცნობიერა ჩადენილი ქმედების სიმძიმე, მოხდილი აქვს რეალური სასჯელის გარკვეული ნაწილი; გასათვალისწინებელია ასევე დაზარალებულის პოზიციაც, რომელსაც მეუღლის მიმართ პრეტენზია არა აქვს, აპატია ჩადენილი ქმედება და ითხოვს ყველა შემამსუქებელი ღონისძიების გამოყენებას მის მიმართ, რათა დაეხმაროს მცირეწლოვანი შვილის მკურნალობაში.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მ. მ-ის მიერ ჩადენილ ქმედებათა სახის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, ზომის, დანაშაულთა ერთობლიობისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მის მიმართ როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი სამართლიანია და შემსუბუქების (პირობით მსჯავრად ჩათვლის) ან სასჯელის სხვა სახით შეცვლის საფუძველი, დანაშაულთა სიმრავლისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, არ არსებობს. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლომ ისინი თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული ზომის შერჩევის დროს მიიღო მხედველობაში. სხვა რაიმე სახის ახალ გარემოებაზე კი, რაც შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, დაცვის მხარეს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია.

9. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი