საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№8აპ-21 ქ. თბილისი
მ-ა ვ-ნ, 8აპ-21 14 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. მ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ვ. მ-ა, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, –
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236–ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8-8 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ვ. მ-ას მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 9 თებერვლიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. მ-ამ ჩაიდინა: ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისათვის. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 22:40 საათზე, თ-ში, ს-ში, №- კორპუსის მიმდებარედ არსებულ, შპს „ი-ას“ კუთვნილ მარკეტში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი ვ. მ-ა ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და მოლარე-ოპერატორისაგან იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ ფულად თანხას – 588,6 ლარს, დანას, 523,84 ლარად ღირებულ სხვადასხვა სიგარეტს, გასაღებების ასხმას, ასევე – მ. დ-ის კუთვნილ ფულად თანხას – 20 ლარს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ვ. მ-ა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა იმავე მაღაზიაში მყოფ კონსულტანტებს – მ. დ-ს, ს. გ-სა და ნ. მ-ს, რათა შეესრულებინათ მისი მითითებები და არ გაეწიათ წინააღმდეგობა.
· ვ. მ-ას ქმედებით შპს „ინდიკას“ მიადგა 1112,44 ლარის ქონებრივი სახის ზიანი, ხოლო მ. დ-ს – მორალური და 20 ლარის ქონებრივი ზიანი; ს. გ-სა და ნ. მ-ს მიადგათ მორალური ზიანი.
· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის ნასამართლევმა ვილენ გოგოხიამ გამოძიებით დაუდგენელ დროს მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და 2019 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 22:40 საათზე, თ-ში, ს-ში, №- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს – ქარხნული წესით დამზადებულ, 1876 წლის ნიმუშის, 38-კალიბრიან „Smith&Wesson-ის“ მოდელის რევოლვერს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ვ. მ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. გ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და ვ. მ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №191აპ-17, №207აპ-13).
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულებისა და დაზარალებულის წარმომადგენლის, ასევე – მოწმეების ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ნიმუშის აღების ოქმები, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები და სხვა მტკიცებულებები), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ვ. მ-ას მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას. საკასაციო პალატა დაცვის მხარის მიერ მითითებულ პრეტენზიებზე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს.
8. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, არ არსებობს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე; დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სამართალდამცველთა დაინტერესება მტკიცებულებათა ხელოვნურად შექმნის გზით რომელიმე ბრალდებულის დასასჯელად და რაც გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.
9. სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.
10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. მ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი