ას-1074-1320-04 16 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: მიუღებელი დავალიანების გადახდევინება და სარჩოს დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 29 ივლისს ჭ. ბ.-მ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ 1987წ. 27 ნოემბერს მოპასუხის ბრალეული მოქმედებით მიიღო დასახიჩრება, დაკარგა მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურები, რის გამოც გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი სიცოცხლის ბოლომდე. აღნიშნულთან დაკავშირებით ტყიბულის რაიონის სასამართლოს 1990წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა დანიშნული სარჩოს სახით ყოველთვიურად 102 მანეთის გადახდა, რაც მოპასუხე ორგანიზაციას სადავოდ არ გაუხდია ეროვნული ვალუტის _ კუპონისა და შემდეგ _ ლარის შემოღებამდე. 1993წ. 1 აპრილიდან 1996 წლამდე მოპასუხე ორგანიზაცია უხდიდა 9 ლარს, შემდეგ კი _ 12 ლარს დღემდე. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხე ვალდებული იყო, თანხა გადეხადა მყარი ვალუტით _ აშშ დოლარებით, კურსის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე შპს „ს.-ის“ სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოსათვის ტყიბულის რაიონის სასამართლოს 1990წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით დაკისრებული სარჩოს დავალიანების _ ერთდროულად 43785 ლარისა და 2003წ. 4 აპრილიდან ყოველთვიურად 173 აშშ დოლარის ეკვივალენტის _ 376 ლარის გადახდევინება სიცოცხლის ბოლომდე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელზე უარის თქმა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჭ. ბ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჭ. ბ.-ის წარმომადგენელმა ს. ფ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილებით ჭ. ბ.-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა. პალატამ დაადგინა, რომ 1987წ. 27 ნოემბერს, დასახიჩრების მიღების დროისთვის, ჭ. ბ.-ი მუშაობდა ტყიბულის საქენერგოში ელექტრომონტიორად. ტყიბულის რაიონული სასამართლოს 1990წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით, იმ დროს მოქმედი სკ-ის 463-ე მუხლის თანახმად, ამიერკავკასიის რკინიგზის სამტრედიის განყოფილებას ჭ. ბ.-ის სასარგებლოდ მდგომარეობის შეცვლამდე დაეკისრა 1990წ. ივლისიდან მომვლელის ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის _ 102 მანეთის გადახდა. აპელანტ მხარეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე ყოველთვიურად უხდიდა 120 მანეთის შესაბამის ლარს, სადავოდ არ გაუხდია. სასამართლო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მის მიმართ არ უნდა გავრცელებულიყო სკ-ის 389-ე მუხლით გათვალისწინებული ნომინალიზმის პრინციპი. ჭ. ბ.-ის სარჩოს გადაანგარიშება ანალოგიის წესით უნდა მოხდეს “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად. პალატამ განმარტა, რომ დასახელებული ბრძანებულებით დამტკიცებული წესები ვრცელდება მხოლოდ იმ მუშაკებზე, რომლებიც ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების დროს შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ საწარმოსთან. ჭ. ბ.-ი არ წარმოადგენდა მოპასუხე საწარმოს მუშაკს, რის გამოც მის მიმართ აღნიშნული წესები ვერ გავრცელდება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ჯერ კიდევ 1990წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანისათვის ჭ. ბ.-ის სასარგებლოდ მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა სარჩოს სახით ყოველთვიურად 102 მანეთის გადახდა, თუმცა ასეთ ვითარებაში გადახდის წესი რეგულირდება მოქმედი სკ-ის 389-ე მუხლით. ამდენად, აპელანტის მოთხოვნა, ზიანის მიყენებიდან გამომდინარე, დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებისათვის ანალოგიის წესით საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹48 ბრძანებულების გამოყენების შესახებ სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია. პალატამ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 129-ე მუხლი, რომლითაც მოსარჩელეს მოთხოვნა 1995წ. 1 აპრილიდან 2003წ. 1 აპრილამდე მთელი პერიოდისათვის ხანდაზმულად იქნა მიჩნეული. საოლქო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიიჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბ.ბ.-ის მოთხოვნის 1993წ. მთელი პერიოდისათვის ხანდაზმულობით ეთქვა უარი, კანონდარღვევით იქნა მიღებული.
სააპელაციო პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილება ჭ. ბ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ერთდროულად 5280 ლარისა და მიმდინარეწ. სექტემბრიდან ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა. კასატორმა გაიზიარა საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 1987წ. 27 ნოემბერს, დასახიჩრების მიღების დროისთვის ჭ. ბ.-ი მუშაობდა ტყიბულის საქენერგოში ელექტრომემონტაჟედ. ქ. ტყიბულის სასამართლოს 10 ივლისის გადაწყვეტილებით ამიერკავკასიის რკინიგზის სამტრედიის განყოფილებას დაეკისრა ჭ. ბ.-ის სასარგებლოდ 102 მანეთის გადახდა. კასატორმა მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან გადაწყვეტილებაში არც ერთ მის მოთხოვნაზე პასუხი არ არის გაცემული. კასატორმა დაადასტურა, რომ იგი ღებულობდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 102 მანეთს, იმ კურსის მიხედვით, რომელიც არსებობდა კუპონისა და ლარის შემოღების მომენტში. ბ.ბ.-მა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს ნომინალიზმის პრინციპით არ უნდა ეხელმძღვანელა, რადგან ვალდებულების წარმოშობის დროს 102 მანეთი ერთი კაცის რამოდენიმე დღის საარსებო მინიმუმს წარმოადგენდა, ნომინალიზმის პრინციპით განსაზღვრული 12 ლარი კი მხოლოდ ერთი დღის საარსებო მინიმუმია. კასატორის აზრით, სადავო თანხა უნდა გამოანგარიშდეს მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისად, იმისათვის რომ მოხდეს მოპასუხის ბრალით პირველი ჯგუფის ინვალიდის _ 100%-ით შრომისუნარიანობა დაკარგული პირის _ რჩენა. კასატორმა არასწორად მიიჩნია საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებით დამტკიცებული მე-11 მუხლის „ბ“ პუნქტის ანალოგიის წესით გამოყენებაზე უარის თქმა. კასატორის განმარტებით, სადავო წესების სახელწოდებაში სიტყვათა ჯგუფი _ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის“ _ მიუთითებს მხოლოდ სახელწოდებას და არ გამორიცხავს ამ ნორმის გავრცელებას იმ დაზარალებულთა მიმართ, რომლებსაც დასახიჩრება მიღებული აქვთ არაშრომითი მოვალეობის შესრულებისას. ამდენად, ეს ისეთი სპეციალური ნორმა კი არ არის, რომელიც მხოლოდ შრომითი მოვალეობის შესრულების დროს დასახიჩრებას შეეხება, არამედ ისეთ დასახიჩრებებსაც, რომელიც მიღებულია არა შრომითი მოვალეობის შესრულების დროს და ამ დავასთან მიმართებაშიც სპეციალურ ნორმას წარმოადგენს. კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის მე-5 მუხლის მეორე ნაწილით, 408-ე, 414-ე, 999-ე მუხლებით. მხარემ მიიჩნია, რომ, რადგან მან შრომისუნარიანობა 100%-ით დაკარგა, მან ყოველთვიური სარჩო უნდა მიიღოს იმავე თანრიგის მუშის ხელფასის _ ზეინკლის ხელფასის _ 100 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორმა მოითხოვა 1999წ. სექტემბრიდან 2004წ. სექტემბრამდე, 60 თვეში, 6000 ლარის ოდენობით ერთჯერადად ანაზღაურება. ხსენებული უნდა შემცირდეს ყოველთვიურად მიღებული 12 ლარით, სულ _ 720 ლარით, და მისაღები თანხა განისაზღვროს 5280 ლარის ოდენობით, ხოლო მიმდინარეწ. სექტემბრიდან ყოველთვიურად მისაღები თანხა განისაზღვროს 100 ლარით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ასეთი პრეტენზია კასატორს წარმოდგენილი არ აქვს და არც სადავოდ გაუხდია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები:
ჭ. ბ.-ი მუშაობდა რა ტყიბულის საქენერგოში ელექტრომონტიორად, 1987წ. 27 ნოემბერს რკინიგზის ლიანდაგზე მიიღო დასახიჩრება და გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი მუდმივად. ტყიბულის რაიონის სასამართლოს 1990წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით ამიერკავკასიის რკინიგზის სამტრედიის განყოფილებას ჭ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1990წ. 26 ივლისიდან მომვლელის ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის 102 მანეთის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ ჭ. ბ.-ი არ წარმოადგენდა რა მოპასუხე საწარმოს მუშაკს, მის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი”. ასევე სავსებით სწორია სასამართლოს მითითება სკ-ის 128-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვინაიდან ჭ. ბ.-ის მოთხოვნა სარჩოს ანაზღაურებაზე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, რა დროსაც შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას, ამდენად სარჩელი 1993 წლიდან დღემდე მთელი პერიოდისათვის ხანდაზმულად არ შეიძლება ჩაითვალოს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს და არასწორად განმარტა კანონი, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რა სკ-ის 389-ე მუხლზე, დაასკვნა, რომ ამ ნორმაზე დაყრდნობით უნდა მოწესრიგდეს მოცემული დავა, მაგრამ არ იმსჯელა, თუ რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი. აღნიშნული ნორმით, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია, გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.
რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებით მოხსენიებულ ნომინალიზმის პრინციპს, აღნიშნული გულისხმობს, რომ მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე ოდენობით, რა ოდენობაც ვალდებულების წარმოშობას შეესაბამება, ანუ ასეთ შემთხვევაში ფულის მსყიდველობითუნარიანობის შეცვლა გავლენას არ ახდენს ვალის ოდენობაზე. მაგრამ თუკი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ იცვლება ვალუტა, მხარეთა შორის ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს და ფულადი ვალდებულების გადაანგარიშება უნდა მოხდეს სკ-ის 389-ე მუხლით. ამდენად, ნომინალიზმის პრინციპით ვალის გადახდისას ივარაუდება, რომ მიმოქცევაში იგივე ვალუტაა, რაც ვალდებულების წარმოშობის დროს იყო.
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ გამოურკვევია, მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ფულის კურსი გაიზარდა, შემცირდა თუ ვალუტა შეიცვალა. საქმის ხელახალმა განმხილველმა სასამართლომ მხოლოდ ამ გარემოებების გამოკვლევის შემდეგ უნდა იმსჯელოს მოთხოვნის საფუძვლიანობაზე
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჭ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
კასატორი “სახელწმიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის “მ” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.