Facebook Twitter

ას-1076-1314-04 16 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ჯანმრთელობის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1991წ. აპრილში ვ. ი.-მ სარჩელი აღძრა ქ. ქუთაისის სასამართლოში ზ. კ.-ის მიმართ, სადაც მიუთითა, რომ მხარეები ცხოვრობენ ერთ საცხოვრებელ სახლში, მოპასუხის ღვარსადენმა დააზიანა მისი საცხოვრებელი სახლი, რის გამოც მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. 1992წ. 17 აგვისტოს ვ. ი.-ის სარჩელი ქუთაისის სასამართლოს მიერ დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ხანგრძლივი დროით ითხოვდა საქმის განხილვის გადადებას, ხოლო მოპასუხე მხარე სხდომაზე არ ცხადდებოდა. 1992წ. 2 დეკემბერს ვ. ი.-ემ საცხოვრებელი სახლის დაზიანებასთან დაკავშირებით ახალი სარჩელი შეიტანა ზ. კ.-ის მიმართ. აღნიშნული სარჩელის განხილვამდე, 1993წ. 23 იანვარს, ვ. ი.-მ მამა-შვილის _ ზ. და მ. კ.-ების წინააღმდეგ შეიტანა ახალი სარჩელი.

ახალ სარჩელში მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებმა ზ. და მ. კ.-ებმა 1987წ. 10 აგვისტოს მოახდინეს მასზე თავდასხმა და მიაყენეს სხეულის მძიმე დაზიანება, კერძოდ, სახლის დაზიანებასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის ნიადაგზე ზ. კ.-მ თავში ჩაარტყა წერაქვი, ხოლო მ. კ.-მ _ ხორბლით სავსე სამლიტრიანი ქილა და დაჭრა დანით. მიყენებული ტრავმის გამო იგი ვერ მუშაობს. მიადგა ზიანი ხელფასის მიუღებლობით _ 20000 მანეთის, მკურნალობაში გაწეული ხარჯის სახით _ 5000 მანეთის, წამლების ღირებულების ხარჯი _ 3000 მანეთის ოდენობით, სულ მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 4500 მანეთის ოდენობით. აგრეთვე, ზ. კ.-ი ცნობილი იყო აღნიშნული დროისათვის შეურაცხადად და მეურვედ დანიშნული ჰყავდა მეუღლე _ თ. კ.-ი. თ. კ.-ს სახლისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 272608 მანეთის და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 578 მანეთის გადახდა. რაც შეეხება ვ. ი.-ის სასარჩელო მოთხოვნას, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო, ზიანის ანაზღაურების ნაწილში ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები აღნიშნულის დასასაბუთებლად და სასამართლომ ჩათვალა, რომ დავა იყო ხანდაზმული, გაშვებული იყო სამწლიანი სასარჩელო ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1993წ. 9 სექტემბრის განჩინებით გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. განჩინებაში მითითებულია, რომ სასამართლომ სსკ-ის მე-11, 52-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად არ გამოარკვია, ვ. ი.-ის საცხოვრებელ სახლზე მიყენებული დაზიანება ზ. კ.-ის ბრალით იყო თუ არა გამოწვეული. ასევე მითითებულია, რომ ზ. კ.-ი არაქმედუნარიანი გახდა აღნიშნული ზიანის მიყენების შემდეგ, ხოლო სასამართლომ თ. კ.-ს ისე დააკისრა ზარალის ანაზღაურება, რომ არ გამოარკვია, მის მიერ მეურვეობის პერიოდში დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობამ განაპირობა თუ არა ზ. კ.-ისაგან ვ. ი.-ისათვის ზიანის მიყენება.

უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით თავის განჩინებაში ქ. ქუთაისის სასამართლოს ყურადღება მიაპყრო ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 1999წ. 29 აპრილის ¹17 დადგენილების მე3-მე-15 პუნქტზე და მიუთითა, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოსარჩელისათვის სათანადო დახმარება უნდა გაეწია სასამართლოს წერილობითი მტკიცებულების შეგროვებაში.

ქ. ქუთაისის სასამართლომ 1994წ. 4 აგვისტოს მიღებული განჩინებით, ზ. კ.-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნული სამოქალაქო საქმის წარმოება შეაჩერა. 1999წ. 18 ნოემბერს მიღებული დადგენილებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზ. კ.-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყვიტა. დადგენილებაში მითითებულია, რომ 1990წ. 7 მარტის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, საბოლოოდ დადგინდა, რომ ზ. კ.-ი დანაშაულის ჩადენამდე იყო ფსიქიკურად დაავადებული და დანაშაულის ჩადენისას მას არ შეეძლო ეხელმძღვანელა თავისი მოქმედებისათვის; სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძვლად ასევე მიუთითა ხანდაზმულობის ვადის გასვლაც. 1999წ. 16 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვ. ი.-მ შეიტანა ახალი სასარჩელო განცხადება და მოითხოვა ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანისათვის ზ. და მ. კ.-ებისათვის 5 მილიონი ლარის დაკისრება. საქმე, დავის საგნის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოდან გადმოიგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.

2003წ. 27 მაისს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ ვ. ი.-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა: მ. და ზ. კ.-ებს მის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დააკისრათ 12858 ლარი. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად ასევე დაეკისრათ მკურნალობის ხარჯი ყოველთვიურად 50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე მ. კ.-მ, რომელიც ამავე დროს არის ზ. კ.-ის მეურვეც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისმა პალატამ გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და 2004წ. 13 თებერვალს მიღებული განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ამავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

უზენაესმა სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თანახმად სკ-ის 992-ე მუხლისა, პირს ევალება მაშინ, როდესაც მართლსაწინააღმდეგო მოქმედება მის მიერ ჩადენილია განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით. საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მ. კ.-ის ბრალს, ხოლო ზ. კ.-ისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისას სასამართლომ შეფასება მისცა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ 1999წ. 18 ნოემბრის დადგენილებას, სადაც აღნიშნულია, რომ 1990წ. 7 მარტის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით საბოლოოდ დადგინდა, რომ ზ. კ.-ი დანაშაულის ჩადენამდე იყო ფსიქიკურად დაავადებული.

საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მთავარ სხდომაზე, მიუხედავად სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით გაფრთხილებისა, არ გამოცხადდა მოპასუხე მ. კ.-ი, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს მამის _ ზ. კ.-ის მეურვეს, ასევე არ გამოცხადდა სათანადო წესით გაფრთხილებული მ. კ.-ის წარმომადგენელი ლ. ს.-ძე. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ ვ. ი.-მ და მისმა წარმომადგენელმა ნ. ფ.-მ სასამართლოს წინაშე დააყენეს შუამდგომლობა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. მოთხოვნის საფუძვლად ნ. ფ.-მ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მოპასუხე მხარე სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით გაფრთხილებული იყო სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ, ასევე გაფრთხილებული იყო საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ, მიუხედავად აღნიშნულისა, მხარე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია რაიმე, რაც საფუძველს იძლევა, სასამართლომ მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თანახმად სსკ-ის 230-ე მუხლისა.

რაც შეეხება 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნას, ნ. ფ.-ის მტკიცებით, ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას _ 1987წ. აგვისტოში მოსარჩელე ვ. ი.-მ ზ. და მ. კ.-ისაგან მიიღო სხეულის დაზიანება და აღნიშნულით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ საჭირო პრეპარატების ღირებულება ყოველ თვეში შეადგენს 131 ლარს.

მოსარჩელე მხარემ ამავე დროს შეამცირა დავის საგანი და ამჯერად მოითხოვა: ყოველ თვეში მისთვის საჭირო სამკურნალო პრეპარატების ღირებულების _ 131 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება ზ. და მ. კ.-ებისათვის. ასევე მოითხოვა გასული პერიოდის ერთჯერადად ანაზღაურება, 1987წ. აგვისტოდან გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ 2004წ. ივლისამდე, 200 თვის თანხის (131X200) 26200 ლარის სოლიდარულად დაკისრება მოპასუხეებისათვის.

საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ვ. ი.-ის საჩივარი. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მოსარჩელე მხარე უთითებს, იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და, შესაბამისად, სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილისა, არ არსებობს მოსარჩელე ვ. ი.-ის და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ვ. ი.-ის სარჩელის დაკმაყოფილებისათვის არ არსებობს საფუძველი და მას აღნიშნულზე სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა ეთქვას უარი.

ვ. ი.-მ მიმართა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას საკასაციო საჩივრით და მოითხოვა სკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 11 აგვისტოს დაუსაბუთებელი, არაკანონიერი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის მასალები ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს უკან. მისი თქმით, საქმეში არის უამრავი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა დაზიანებები მიაყენა მამა-შვილმა კ.-ებმა მას და როგორ გახდა იგი ინვალიდი. ესენია პირველადი დაკითხვის ოქმები, ექსპერტის არაერთი დასკვნა, ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობები, ოჯახის წევრების დაკითხვის ოქმები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემული დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც, სსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ იქნა დაკმაყოფილებული ვ. ი.-ის მოთხოვნა ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლოს მსჯელობა ზ. კ.-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მართლაც შეესაბამება აღნიშნული ნორმის მოთხოვნას, მაგრამ რაც შეეხება მ. კ.-ის მიმართ სასამართლოს მსჯელობას, იგი წინააღმდეგობრივია. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ხელმძღვანელობს 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, მაშინ სარჩელში მითითებული ის გარემოება, რომ ვ. ი.-ს მ. კ.-მაც მიაყენა სხეულის დაზიანება, დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, შეემოწმებინა, არსებობდა თუ არა საქმეში მ. კ.-ის მიერ ვ. ი.-ისათვის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების დამადასტურებელი მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა არც ზ. კ.-ი და არც მ. კ.-ი, ბუნებრივია, ორივე მათგანის მიმართ უნდა გამოყენებულიყო ერთი და იგივე სამართლებრივი ნორმა.

სსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, მაშინ მოსარჩელეს უარი ეთქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუ რატომ არ ამართლებდა სარჩელში მითითებული გარემოებები მ. კ.-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცებულად ჩაითვლებოდა მ. კ.-ის მიერ ვ. ი.-ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მაშინ სასამართლოს უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს ორივე პირის მიმართ უნდა ემსჯელა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) ნორმები, რადგან ვ. ი.-ს ზიანი მიაყენეს 1987 წელს. სკ-ის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამასთან, არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ახალი კოდექსის გამოყენების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ი.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.