Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№6აპ-21 ქ. თბილისი

მ-ი გ-ი, 6აპ-21 14 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განაჩენით გ. მ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 5 აგვისტოდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 5 აგვისტოს, ღამის საათებში, თ-ში, - ჭ-ის გამზ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. მ-ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, კუთხივლულიან, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ პისტოლეტს და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ და გამოსაყენებლად ვარგის, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიან 5 ვაზნას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატი ს. ო-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ გ. მ-ისათვის დანიშნული სასჯელის ორი მესამედის განსაზღვრას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო ერთი მესამედის – პირობითად ჩათვლას, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ასაჩივრებს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულმა პროპორციულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთან, სასჯელი მიზნად უნდა ისახავდეს დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში მითითებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და მონანიება), დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა, ასევე მხედველობაში მიიღო პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და მსჯავრდებულ გ. მ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სამართლიანი და ქმედების ადეკვატური სასჯელები.

8. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“.

9. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა და ტარება დენადი დანაშაულია, რომელიც იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. ეს დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. გ. მ-ი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით გადაადგილებისას (დანაშაულის ჩადენისას), შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება მასში გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა – ვალდებულებას.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ო-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი